საქართველოს ნაკრების მარცხი და რეკორდების კორიანტელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისტორიაში (1994 წლის 20 მარტს შეიქმნა) 124 ქულამდე პირველად ავიდა; ასევე პირველად მიიღო საკუთარ კალათში 129 ქულა; პირველად ითამაშა ორი ოვერტაიმი; პირველად ჩააგდო 17 სამქულიანი; პირველად მოხსნა 59-ჯერ (მანამდე ყველაზე მეტი 55 მოხსნა ორ მატჩში ჰქონდა - 2001 წელს აზერბაიჯანთან და 2009 წელს ლუქსემბურგთან)...

აი, ასეთი რეკორდ-მატჩი ჩაატარა იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში, ერთა თასზე. მისი მეტოქე ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კოლეჯების კალათბურთელთა ნაკრები იყო.

სამწუხაროდ, ესტონეთთან მატჩისგან განსხვავებით, ამ შეხვედრის ხილვის საშუალება არ გვქონდა. ამიტომ რთულია
შეხვედრის ხასიათზე თამამად მსჯელობა, მაგრამ ერთის თქმა კი შეიძლება - შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი შეტევის პირველივე ფაზაში დაგვირგვინებას ესწრაფვოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 40 წუთში 103-103 ქულას ნამდვილად ვერ ჩააგდებდნენ. სწრაფი თამაშის ოსტატები ამერიკაში უხვად რომ არიან, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

ამ მხრივ, არც საქართველოს ნაკრები მოიკოჭლებს - ტანმაღლებს, სანიკიძესა და შენგელიას ისევე შეუძლიათ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის კალათამდე მიიტანონ, როგორც გამთამაშებლებს. უკანახაზელები თავისთავად, ყველგან ფეხმარდები არიან.

სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო შენგელიას საუკეთესო შეხვედრა საქართველოს ნაკრებში. მან ორი პირადი რეკორდი დაამყარა - 27 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 15 მოხსნა სარეკორდოა ვიქტორ სანიკიძისთვისაც (30 ქულა), ხოლო სანაკრებო კარიერაში მანუჩარ მარკოიშვილმა ყველაზე მეტი, 31 ქულა სწორედ გუშინ მიითვალა. მის ანგარიშზე 7 რეალიზებული სამქულიანია (14-დან).

მწვრთნელმა ამერიკელებთან დაასვენა ნატურალიზებული ჯეიკობ პულენი და ათამაშა კორი ფიშერი, რომელსაც სანაკრებო დებიუტში სამმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა (12 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი).

21 წუთი ითამაშა კოლეჯების ლიგაში გამოწვრთნილმა ლევან ფაცაციამ, რომელმაც უკვე თამამი განაცხადი გააკეთა საბოლოო თორმეტეულში მოხვედრაზე.

მწვრთნელმა 29 წუთი ათამაშა გიორგი შერმადინი, რომელმაც 4-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. შეხვედრის ხასიათიდან გამომდინარე, იგორ კოკოშკოვი რიგ ეპიზოდებში ნომინალური ცენტრის გარეშე თამაშს ამჯობინებდა.

გუნდის თავკაცმა არც ამჯერად შეიყვანა რიჩარდ მათიაშვილი და ბექა ბექაური, ხოლო ბესიკ ლეჟავას 4 წუთი არგუნა.

საკითხავია, თუ არა საკონტროლო მატჩებში, სხვაგან სად უნდა გამოსცადოს ნაკრების ახალწვეულები?

ცხადია, მწვრთნელს საკუთარი მოსაზრება აქვს და ისიც ჩანს, რომ ამ მატჩის მოგებაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, საკონტროლო შეხვედრებში გუნდის ლიდერების ბოლომდე დატვირთვა არის კი გამართლებული? მარკოიშვილმა 44 წუთი ითამაშა, სანიკიძემ - 41, შენგელიამ - 39, ფიშერმა - 36.

31 ივლისს, თბილისის დროით 18 საათზე, საქართველო-ჩეხეთია.

30 ივლისი
საქართველო-კოლეჯები 124:129
28:36, 19:22, 27:24, 29:21, 11:11, 10:15
საქართველო: შენგელია (39 წთ, 27ქ, 13მ, 1პ), ლეჟავა (4 წთ, 1მ), მეტრეველი (10 წთ, 6ქ, 2მ, 2პ), მარკოიშვილი (44 წთ, 31ქ, 1მ, 3პ), სანიკიძე (41 წთ, 30ქ, 15მ, 1პ), შერმადინი (29 წთ, 7ქ, 8მ, 1პ), ფიშერი (37 წთ, 12ქ, 10მ, 9პ), ცინცაძე (24 წთ, 2მ, 8პ), ფაცაცია (24 წთ, 11ქ, 7მ, 4პ).
კოლეჯები: ენტონი (5ქ), უილიამსი (5პ), სტეიტენი (21ქ, 5პ), რედფორდი (12ქ), პლამლი (8ქ, 7მ), ნორინი (2ქ), მაკქეიბი (17ქ, 11მ), ფაუსტი (35ქ, 7მ), კუკი (29ქ, 7მ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული