დავით უსტიაშვილი: ნაკრების ორივე ამერიკელმა კანდიდატმა თავი კარგად წარმოაჩინა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონური ტურნე დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ტალინის საერთაშორისო ტურნირზე 1 მატჩი მოიგო, 2 წააგო და 1 აგვისტოს დილას ავსტრიაში დაბრუნდა.

შტაინბრუნში ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც ტალინის ტურნირი შეაფასა.

- სამიდან 2 მატჩი წავაგეთ და ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ ამხანაგური ტურნირი იყო და აქ მთავარი აქცენტი გუნდის შეთამაშებაზე, შეკრების განმავლობაში დამუშავებული კომბინაციების სრულყოფაზე კეთდებოდა.

ამხანაგურ ტურნირზე წაგების გამო არაფერი დაშავდება. სამაგიეროდ, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო და შეთამაშების მხრივ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

- ჩეხეთთან მატჩის მოგებით
პირველ ადგილზე გადიოდით...
- ვიცი და შეგვეძლო კიდეც მოგება, მაგრამ ეს შესაძლოა, მძიმე ტრავმების ხარჯზე მომხდარიყო. თავიდან კარგად დავიწყეთ და ვიგებდით კიდეც, მაგრამ რომ მიხვდნენ, პატიოსან თამაშში ვერ გვაჯობებდნენ, ჩეხები მეტად აგრესიულად ათამაშდნენ და მათ რომ ავყოლოდით, შესაძლოა, ჩხუბიც მომხდარიყო.

არ ავყევით და 3 მოთამაშე მაინც დაგვიშავდა. მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ ტრავმები მიიღეს, მაგრამ, საბედნიეროდ, სერიოზულად არ დაშავებულან. რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მან უფრო რთული ტრავმა მიიღო. გიორგის ტუჩი გაუხეთქეს და ნაკერების დადება დასჭირდა.

- ამჟამად ვარჯიშს ვერ ახერხებს?
- დღეს არ ივარჯიშებს და ხვალიდან არ ვიცი. ნაკრების ექიმები გადაწყვეტენ, თუ როდის დაუბრუნდეს საწვრთნელ პროცესს.

- სამი მატჩი ითამაშეთ და ნაკრების წევრთა ფორმის შეფასებაც შეიძლება...
- იდეალურ ფორმაში არცერთი არაა. მოთამაშეებმა სეზონი კარგა ხანია, დაასრულეს და ეს შეკრებაც იმისთვისაა, რომ ფორმა აღიდგინონ. თბილისში და შემდეგ ავსტრიაში ნაკრების წევრებმა ნაყოფიერი მომზადება გაიარეს.

ახალმა იტალიელმა ფიზმომზადების მწვრთნელმა გუნდს თავისი ხელი დაატყო. იმის გათვალისწინებით, თუ შეკრების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით, ნაკრების წევრები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. რაც შეეხება შეთამაშებას, წინ კიდევ 18 დღე და 5 საკონტროლო თამაშია.

ამ პერიოდში ნაკრები ერთიორად მოუმატებს და 18 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს სასურველ ფორმაში შეხვდება.

- რას იტყვით ამერიკელ მოთამაშეებზე, რამდენად გაამართლეს მათ იმედები?
- ორივე ნატურალიზებული კალათბურთელი საკმაოდ ძლიერია. ჯეიკობ პულენმა და კორი ფიშერმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. ორივეს შეუძლია პირველ ნომერზე ღირსეულად თამაში და ნაკრებში ის დაიკავებს ადგილს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება და ჩვენს გუნდს კონკრეტულ მომენტში გამოადგება.

- ოფიციალური მატჩები რომ დაიწყება, ნაკრებში ორივე ამერიკელი იქნება?
- დარჩენილ საკონტროლო მატჩებში გამოიკვეთება ის ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც შესარჩევ ტურნირს დაიწყებს. მეორე ამერიკელი გუნდს არ დატოვებს და საჭიროების შემთხვევაში ის ძირითადში მყოფ ამერიკელს ჩაანაცვლებს.

- რომელიმე კანდიდატი ხომ არ გამოგაკლდათ?
- 20-წლამდელთა ნაკრების 5 წევრის გარდა, არავინ გამოგვკლებია. 14 კალათბურთელით დავბრუნდით ავსტრიაში. ეხლა ვისვენებთ და საღამოს ვივარჯიშებთ.

- უახლოესი გეგმები როგორია?
- 4 აგვისტოს ავსტრიის ეროვნულ გუნდს საკონტროლო მატჩში დავუპირისპირდებით, რის შემდეგაც, 5-ში თბილისში დავბრუნდებით. 7, 8 და 9 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო ტურნირი გველის.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ესტონური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენი და ტუღუშის შერჩეულმა ბიჭებმა რა შთაბეჭდილება მოახდინეს კოკოშკოვზე ისიც მოგვიყევი... რა იყო ამ ბიჭების მიწვევა ან ნაკრებიდან გამოშვება 2 დღეში... ფსიქოლოგიურად რომ სპობთ ამ ბავშვებს იმას ვერ ხვდებით? მაგრამ უბედურებაა ისაა რომ ეს არ გაინტერესებთ....
თემური
10:04 02-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული