საქართველოს ნაკრები საკონტროლო შეხვედრაში ავსტრიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ტრადიციად იქცა საქართველოს ნაკრების ავსტრიაში მომზადება. ასევე ტრადიციაა ამ ქვეყნის ნაკრებთან საკონტროლო მატჩების ყოველწლიურად გამართვა.

თუმცა, ტრადიციულად, ავსტრიელებთან ამხანაგურებში გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. ასე მოხდა შაბათსაც - ქართველებმა 12 ქულის სხვაობით დათმეს.

მატჩის შესახებ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კოტე ტუღუში მსჯელობს, რომლის მცირე ინტერვიუ კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა.

- ავსტრიასთან შესუსტებული შემადგენლობით ვთამაშობდით, თანაც, მთავარი აქცენტი გამარჯვებაზე არ გაგვიკეთებია. გვსურდა სათამაშო კომპონენტების სრულყოფა, გუნდის შეთამაშება და კომბინაციების დამუშავება. საამისოდ ეს და ყველა გასული მატჩი სათანადოდ გამოვიყენეთ.

- შესუსტებული შემადგენლობით რატომ იასპარეზეთ?
-
შერმადინს და ცინცაძეს არ უთამაშიათ. მოგეხსენებათ, შერმადინმა ჩეხეთთან მატჩში ტუჩი გაიხეთქა და ნაკერები ადევს. თავის დაზღვევის მიზნით ის დავასვენეთ. ასევე დავასვენეთ ცინცაძე, რომელსაც ფეხი ოდნავ აწუხებდა.

სამაგიეროდ, მეტი სათამაშო დრო მიეცათ ნაკრების ახალწვეულებს, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. რიჩარდ მათიაშვილმა 11 ქულა დააგროვა. ახალგაზრდები თანდათან ეჩვევიან ნაკრებს და ეს სამომავლოდ ნაყოფს გამოიღებს.

- რას იტყვით ნაკრების ორ ნატურალიზებულ კალათბურთელზე?
- რადგან ცინცაძე არ თამაშობდა, განაცხადში ორივე ამერიკელი შევიყვანეთ და მათ მონაცვლეობით ვათამაშებდით.

ჯეიკობ პულენი და კორი ფიშერი კარგი კალათბურთელები არიან, გუნდთან შეთამაშება არ გასჭირვებიათ. ხოლო, რომელი ითამაშებს ნაკრებში შესარჩევ ეტაპზე, თბილისის ტურნირისა და გერმანიაში ჩასატარებელი საკონტროლო მატჩის შემდეგ გაირკვევა.

- როდის შეგემატებათ ზაზა ფაჩულია და რამდენი კანდიდატით გააგრძელებთ შეკრებას?
- ზაზა უკვე თბილისშია. ნაკრებს ჯერჯერობით არავინ დატოვებს. 15 კალათბურთელით გავაგრძელებთ შეკრებას და სავარაუდოდ, ოფიციალური მატჩების დაწყებამდე გამოცხადდება ძირითადი 12 კალათბურთელის ვინაობა. შესაძლოა, ეს გერმანიაში წასვლამდეც გაირკვეს.

ავსტრია-საქართველო 89:77
23:19, 18:15, 23:18, 25:25
საქართველო: ა. ბოისა (3ქ), ფიშერი (5ქ, 3პ), მარკოიშვილი (12ქ), ფაცაცია (1ქ), სანიკიძე (10ქ, 4მ, 3პ), შენგელია (16ქ, 9მ), ლეჟავა (6ქ), მათიაშვილი (11ქ, 5მ), პულენი (10ქ, 3პ), ბექაური (2ქ), მეტრეველი (1ქ), დვალიშვილი.

ტრადიციულად... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ესტონური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა
საქართველოს ნაკრების მარცხი და რეკორდების კორიანტელი
საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული