8 აგვისტოს საქართველოს ნაკრების თამაშიც უნდა გენახათ... არ ვამბობთ, ჩვენი გუნდი ამერიკის ნაკრების ტოლ-სწორიაო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით: საქართველოს ნაკრები ქართველებისთვის "ოცნების გუნდიცაა" და სიამაყეც.
გუნდში NBA-ს წარმომადგენლებიც გვყავს და ტრადიციულად ლამაზ კალათბურთს ვთამაშობთ. ესტონეთთან გიორგი ცინცაძემა და ვიქტორ სანიკიძემ ერთმანეთზე ლამაზი "ალეი უპები" შემოგვთავაზეს, თორნიკე
მართალია, ძირითადად მაინც შვიდი კალათბურთელი დაიტვირთა, მაგრამ იგორ კოკოშკოვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემადგენლობას ხშირად ცვლიდა და მატჩის ბოლოს ძირითადი ხუთეული ენერგიით შეხვდა.
არ ველით, რომ ოფიციალურ შეხვედრებში ნიკა მეტრეველს, ბესიკ ლეჟავას, ლევან ფაცაციას, ანატოლი ბოისას და სხვებს სათამაშო დრო საგრძნობლად გაეზრდებათ, მაგრამ მთავარია, არ შეუმცირდეთ, თორემ უფრო დაძაბული შეხვედრების მოსაგებად გაცილებით მეტი ენერგია იქნება საჭირო.
როცა საჭიროებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ამერიკელი ახალწვეულები უნდა ვახსენოთ. თან კითხვის ნიშანი მივამატოთ - რომელი დაგვჭირდება, ჯეიკობ პულენი თუ კორი ფიშერი? როგორც მწვრთნელები ამბობენ, ჯერ არ გადაწყვეტილა, ოფიციალურ შეხვედრებში ნაკრების ღირსებას რომელი დაიცავს.
ეს საკონტროლო მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ბელარუსთან პულენმა ითამაშა, ესტონეთთან - ფიშერმა. ეს უკანასკნელი გაბარიტებით უფრო შთამბეჭდავია, ბურთსაც კარგად ათამაშებს, თუმცა პულენისგან განსხვავებით, არ უჩვენებია, რომ სამქულიანების შესრულება მაღალ დონეზე შეუძლია. არადა, ტაირონ ელისის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ არაერთხელ გვინატრია შორეული ტყორცნების ჩამგდები ამერიკელი.
- პულენმა ბელარუსთან უფრო ცოტა ითამაშა, ვიდრე ფიშერმა - ესტონეთთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კორი ფიშერი ჯერ სათანადოდ ვერ შევისწავლეთ. თუმცა იმის თქმა დაბეჯითებით შეგვიძლია, რომ მაღალი დონის კალათბურთელია. უკრაინასთან რომელი ითამაშებს, ჯერ არ გადაწყვეტილა, - აღნიშნა იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა.
როგორც წესი, მატჩის მიმოხილვისას სტატისტიკას ვიშველიებთ. ამასვე აკეთებენ მწვრთნელები შეხვედრების განხილვისას.
ვიდრე დარბაზიდან საპრესკონფერენციო კუთხეში (წინა წლებთან შედარებით, საქართველოს ნაკრების მატჩები უკეთესადაა ორგანიზებული) გამოვიდოდა, ესტონელთა თავკაცმა ტიიტ სოკმა კარგად გაშიფრა მატჩის ოქმი და ორ-სამ წინადადებაში საქართველოს ნაკრების გამარჯვების რამდენიმე მიზეზი ჩამოგვითვალა:
- მოხსნებში მასპინძლებს 17-ით ჩამოვრჩით (47:30 ქართველთა სასარგებლოდ), სამწამიანი ზონიდან მეტოქემ 40 ქულა მიითვალა, ჩვენ - 12. ამ კომპონენტშიც საგრძნობლად გვაჯობეს.
ყველაზე მეტად კი ქართველების სწრაფი შეტევების შეჩერება გაგვიჭირდა - საკუთარი ფარიდან ბურთის მოხსნისთანავე, მაღალ ტემპში გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე. დაცვაში დაწყობას ვერ ვასწრებდით, რომ ბურთი ჩვენს კალათში ეშვებოდა.
სამქულიანებზე გადავიტანეთ აქცენტი, 11 შორეული ტყორცნა გამოვიყენეთ, მაგრამ საქართველოს დარ გუნდთან მხოლოდ სამქულიანებით ფონს ვერ გახვალ.
ჩვენი მხრივ ერთს დავამატებთ: პირველ ტაიმში ესტონეთს ოდენ 3 ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. საოცრად დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ 2007 წელს ავსტრიაში საქართველოს ნაკრებმა საწყის 20 წუთში მხოლოდ 2 ორქულიანი გამოიყენა (6-დან).
ესტონეთთან ეფექტური მოგების შემდეგ შესაძლოა, ავსტრიული შეხვედრის გახსენება ალოგიკურად ჩანდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავსტრიისა და ესტონეთის დარი გუნდები სწორედ ოფიციალურ შეხვედრებშია სახიფათო.
ისინი კბილებით იცავენ საკუთარ კალათს. ასე რომ, რუმინეთთან ოფიციალური შეხვედრის წინ ესტონეთთან და ბელარუსთან დამაჯერებელი მოგებები თავიდან უნდა ამოვიგდოთ.
მიმოხილვა ვიქტორ სანიკიძის სიტყვებით დავასრულოთ:
- ესტონეთს ივლისში ტალინშიც ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობდით. მართალია, შეჯიბრების სტარტზე ბელარუსთან გავიმარჯვეთ, მაგრამ გვქონდა ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც ესტონეთთან ვცადეთ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამოსწორდა.
მაგალითად, 15 შეცდომა დავუშვით. ეს მაჩვენებელი ოფიციალურ შეხვედრებამდე კიდევ უნდა შევამციროთ. რაც შეეხება მომდევნო თამაშს, მიუხედავად ბელარუსთან წაგებისა, უკრაინა უფრო ძლიერ გუნდად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, დიდ წინააღმდეგობასაც გაგვიწევს.
8 აგვისტო. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო-ესტონეთი 84:71 (ფოტორეპორტაჟი)
23:18, 25:18, 22:15 14:20
საქართველო წთ მ პ შ ჩ დ ქ
ფიშერი 27 2 2 4 1 0 6
მარკოიშვილი 28 3 3 2 2 0 11
სანიკიძე 29 13 1 2 0 2 19
შენგელია 32 9 4 2 0 3 20
ფაჩულია 21 8 2 2 3 1 11
ცინცაძე 25 3 7 0 1 0 5
შერმადინი 16 5 0 2 0 0 12
ფაცაცია 8 2 3 1 2 1 0
მეტრეველი 4 1 0 0 0 0 0
ლეჟავა 10 0 0 0 0 0 0
ესტონეთი: ტ. სოკი, დორბეკი (15ქ), სააგე (3ქ), ტალტსი (5ქ, 6მ, 3პ), არბეტი (3ქ), ს. სოკი (5ქ, 9პ, 3ჩ), ვენე (12ქ, 6მ), რაადიკი (2ქ), კანგური (10ქ, 5მ), ჰალიკი (16ქ).
მსაჯები: მ. მილანი, დ. ბერეკაშვილი, ი. იგნატიევი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ქ
1. საქართველო 2 2 0 4
2. ბელარუსი 2 1 1 3
3. უკრაინა 2 1 1 3
4. ესტონეთი 2 0 2 2
9 აგვისტო
16:30 ესტონეთი-ბელარუსი
19:00 საქართველო-უკრაინა
მაიკ ფრატელო: ყველაზე რთული ბრძოლა საქართველოსთან გველის
8 აგვისტო. თბილისი, სპორტის სასახლე
უკრაინა-ბელარუსი 65:75
13:24, 15:16, 16:20, 21:15
უკრაინა: გლადირი (18ქ), კოლჩენკო, ლიპოვოი (6ქ, 3პ), კორნიენკო (8ქ), კრავცოვი, ნატიაჟკო (10ქ, 6მ), არტამონოვი, ბურტი (6ქ), ზაბირჩენკო, გლებოვი (2ქ), პუსტოზვონოვი (5ქ), ტიმოფეენკო, ზაიცევი (10ქ).
ბელარუსი: ულიანკო (19ქ, 7პ), ჩარიკაუ, სტიგერსი (5ქ), პარახუსკი (12ქ), კორშჩუკი (6ქ), ლაშკევიჩი (9ქ), პუსტაჰვარი (8ქ), კუდრაუტსაუ (16ქ), ტრატსინეტსკი, ი. მეშერაკაუ.
მსაჯები: დ. ნესოვიჩი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.
მოულოდნელი შედეგით დასრულდა მატჩი უკრაინასა და ბელარუსს შორის. გასულ წელს უკრაინელებმა ამერიკელი მწვრთნელის, მაიკ ფრატელოს ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. ლოგიკურად, მომდევნო წელს უკეთ უნდა თამაშობდნენ, მაგრამ გუშინ ბელარუსთან (რომელიც წლების განმავლობაში B დივიზიონში გამოდიოდა) ვერას გახდნენ.
- საქართველოს ნაკრებთან დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ კალათბურთელებმა მოინდომეს, საკუთარ თავში ძალა გამონახეს და გუნდური თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ, - განაცხადა ბელარუსთა თავკაცმა ანდრეი კრივონოსმა.
უკრაინელების მთავარ მწვრთნელ მაიკ ფრატელოს კი დღევანდელ შეხვედრაზე ვკითხეთ.
- თუ ისე გავირჯებით, როგორც ბელარუსთან, შანსი არ გვექნება. თამაში ერთიორად უნდა გამოვასწოროთ, რათა ეს ტურნირი გამარჯვებით დავასრულოთ. საქართველოს მაღალი დონის ნაკრები ჰყავს და შეჯიბრების ფავორიტად სამართლიანადაა მიჩნეული.
უკრაინელებს თბილისის ტურნირის მოგების შანსი კიდევ აქვთ. ამისთვის მათ საქართველოს უნდა სძლიონ, ხოლო ბელარუსმა ესტონეთთან წააგოს.
ბელარუსების მოგების შემთხვევაშიც შეუძლიათ უკრაინელებს პირველი ადგილის დაკავება, ოღონდ დიდი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ფორით გამარჯვებაზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ საკითხავია, შესწევს მაიკ ფრატელოს გუნდს ქართველთა ძლევის ძალა?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო