2011 წელს ევრობასკეტზე უკრაინელები 69:53 დავამარცხეთ. გამორჩეული იყო გიორგი ცინცაძე.
2012 წლის 9 აგვისტოს, გუშინ, უკრაინელებს კვლავ ამხანაგურად ვუმასპინძლეთ და პირველივე პერიოდში გავტეხეთ - 31:12.
საბოლოო ანგარიშს ოქმში ამოიკითხავდით, აქ კი გეტყვით, რომ საწყის 5 წუთში მანუჩარ მარკოიშვილს 3 სამქულიანი და 1 ორქულიანი უშეცდომოდ ჰქონდა ნატყორცნი და მის ანგარიშზე 11 ქულა იყო.
შევაჯამოთ ბოლო სამწლეული: შარშანწინ 3 ქულის უპირატესობით ვიმარჯვეთ, შარშან -
* * *
ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ჩვენთვის მთავარია, გავარკვიოთ, უკრაინელებმა განიცადეს რეგრესი თუ ქართველებმა - პროგრესი. მიზეზი ერთიცაა და მეორეც. ჯერ უკრაინელებზე:
- შარშანდელი ევრობასკეტის შემდეგ ექვსი წამყვანი კალათბურთელი დაგვაკლდა. წლეულს ვერ გვეხმარებიან ლიდერები ლიშჩუკი, პეჩეროვი და ფესენკო. გუნდი გაახალგაზრდავდა და საქართველოს ნაკრებთან შედარებით ბავშვებს ვგავდით, - თქვა უკრაინელმა დმიტრი ზაბირჩენკომ.
ვფიქრობთ, უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია - ამერიკელი მწვრთნელის, მაიკ ფრატელოს ხელმძღვანელობით, გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს.
* * *
სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების გაახალგაზრდავებაზეც აქტიურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ იმ მატჩებშიც კი, რომელთა ბედი ნაადრევად წყდება, მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ახალბედებს მხოლოდ 8-9 წუთით ენდობა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან მესამე პერიოდში 30 ქულის სხვაობით ვიგებდით, მწვრთნელი სათადარიგოებს შიგადაშიგ ათამაშებდა. საბოლოოდ ლევან ფაცაციამ მოედანზე 8 წუთი გაატარა, ნიკა მეტრეველმა - 9, ბესიკ ლეჟავამ 4. ბექა ბექაურს მხოლოდ 50 წამი ერგო.
ნამატჩევს მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. არადა, გვაინტერესებდა, ამხანაგურ შეხვედრაში დიდი სხვაობით დაწინაურების შემდეგ რატომ არ ენდო მთლიანად სათადარიგოებს, მათ ხომ ოფიციალური შეხვედრების წინ თვითრწმენა სჭირდებათ?! სხვა გზა არ იყო, ეს კითხვა მანუჩარ მარკოიშვილს დავუსვით...
- ეს კითხვა მწვრთნელის მისამართითაა. ჩემი აზრით, გუნდის თავკაცმა სცადა, ეს ტურნირი მეტად შეთამაშებისთვის გამოეყენებინა და ალბათ, ამიტომაც ათამაშებდა იმ შემადგენლობას, რომელიც შემდგომში, ოფიციალურ შეხვედრებში უნდა დაიტვირთოს.
მოკლედ, იგორ კოკოშკოვი მეტად ენდობა გამოცდილ კალათბურთელებს, რომლებიც ბოლო წლებში ერთად თამაშობენ და ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.
სწორედ ამიტომაა საქართველოს ნაკრები სადღეისოდ უკრაინაზე უკეთესი გუნდი. არის კიდევ ერთი უპირატესობა - მზარდი თორნიკე შენგელია, რომლის შეჩერება ბელარუსებმაც ვერ შეძლეს, ესტონელებმაც და უკრაინელებმაც.
- საქართველოს ნაკრები დღითიდღე პროგრესირებს. ეს აშკარაა. ვიმედოვნებ, წინსვლა მომდევნო შეხვედრებშიც გაგრძელდება, - განაცხადა ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც გუშინ 23 ქულა (4-დან 3 სამქულიანი) და 7 პასი მიითვალა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ბელარუსთან მას ასევე 23 ქულა ჰქონდა, ხოლო ესტონეთთან - 20.
17 ქულით ვიცე-ბომბარდირი ჯეიკობ პულენი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მან ცხრიდან მხოლოდ ერთი ტყორცნა ააცილა: 6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო.
* * *
13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები გენერალურ რეპეტიციას გერმანიასთან სტუმრად გაივლის.
9 აგვისტო. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო-უკრაინა 95:69 (ფოტორეპორტაჟი)
31:12, 21:19, 23:18, 20:20
საქართველო წთ მ პ შ ჩ დ ქ
პულენი 26 4 5 2 2 0 17
მარკოიშვილი 24 3 2 0 1 0 14
სანიკიძე 23 6 3 2 1 0 2
შენგელია 31 5 7 1 3 0 23
ფაჩულია 17 5 1 1 1 1 12
ცინცაძე 22 2 3 1 0 0 5
შერმადინი 22 3 0 1 1 0 9
ფაცაცია 8 0 0 2 0 1 3
მეტრეველი 9 1 0 0 0 0 4
ლეჟავა 4 0 1 1 0 0 0
ბექაური 1 0 0 0 0 0 0
ბოისა 13 0 1 1 0 0 6
უკრაინა: გლადირი (5ქ), დროზდოვი (7ქ, 6მ), კოლჩენკო, ლიპოვოი (4ქ), კორნიენკო (5ქ), კრავცოვი (10ქ), ნატიაჟკო (14ქ), არტამონოვი (5ქ), ბურტი (2ქ), ზაბირჩენკო (2ქ), გლებოვი, უსტოზვონოვი (10ქ), ტიმოფეენკო (5ქ), ზაიცევი.
მსაჯები: მ. მილანი, ზ. მაჩალაძე, ი. იგნატიევი.
ბელარუსი-ესტონეთი 92:84 დ.დ.
19:17, 15:28, 19:11, 25:22, 14:6
ბელარუსი: ულიანკო (14ქ), ჩარიკაუ (5ქ), სტიგერსი (2ქ), პარახუსკი (28ქ, 9მ), კორშჩუკი (8ქ), ლაშკევიჩი (9ქ), პუსტაჰვარი (5ქ, 10მ), კუდრაუტსაუ (21ქ, 8მ), იაფრემაუ.
ესტონეთი: დორბეკი (3ქ), სააგე (13ქ, 4პ), ტალტსი (5ქ, 7მ), არბეტი (10ქ), ს. სოკი (26ქ, 5პ), ვენე (8ქ), რაადიკი (2ქ), კანგური (7ქ), ჰალიკი (2ქ).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ქ
1. საქართველო 3 3 0 6
2. ბელარუსი 3 2 1 5
3. უკრაინა 3 1 2 4
4. ესტონეთი 3 0 3 3
ბავშვები და საქართველო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
ესტონელებმა ქართველებს ვერც სიმაღლეში აჯობეს და ვერც სირბილში
მაიკ ფრატელო: საქართველოს შარშანაც ძლიერი გუნდი გყავდათ