საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლაიპციგში გერმანიასთან გამართული საკონტროლო მატჩით მოსამზადებელი თამაშების სერია დაასრულა.

გუნდის კაპიტნისა და ლიდერის, ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე იგორ კოკოშკოვის გუნდმა მერვე ამხანაგურ მატჩში გერმანიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 57:68 დამარცხდა.

მატჩს 2500 ადამიანი დაესწრო. მასპინძლებს სოლიდური მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც გულშემატკივართაგან, ასევე მსაჯებისგანაც.

ცოტა უკეთესი მსაჯობის შემთხვევაში მოგებაც შეიძლებოდაო, თქვა მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა.

პირველი მეოთხედი 17:17 დასრულდა. მეორე ათწუთეულში გერმანელებმა ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებამდე 35:31 დაწინაურდნენ.

პირველ პერიოდში
იყო ეპიზოდი, როცა გერმანიამ 5 წუთის განმავლობაში ბურთი ვერ ჩააგდო, რაც საქართველოს ნაკრების კარგ დაცვით თამაშზე მიუთითებს. ჩვენი ნაკრები მესამე პერიოდში 10 ქულით ჩამორჩა. ბიჭებმა ბოლომდე კი იბრძოლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საბოლოოდ გერმანიამ 11 ქულის სხვაობით 68:57 მოიგო. საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი ჯეიკობ პულენი გახდა, რომელმაც ძირითადში ადგილი კორი ფიშერთან კონკურენციაში დაიმსახურა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა თორნიკე შენგელიამ, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე 12 ქულაა.

გერმანელთაგან ყველაზე მეტი, 16 ქულა ვეტერანმა იან ჰენდრიკ იაგლამ მოინაგრა. 10 ქულა ჰქონდა რობერტ ბენცინგს.

საქართველოს ნაკრები თბილისში 15 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოვა, 18-ში კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რუმინეთთან დაპირისპირებით ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტური 15 აგვისტოსაა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისვენებს.

13 აგვისტო. ლაიპციგი.
გერმანია-საქართველო 68:57
17:17, 18:14, 17:13,16:13
საქართველო: ცინცაძე, ბოისა, შერმადინი (6), მარკოიშვილი (12), ფაცაცია (2), სანიკიძე (2), მეტრეველი (4), დვალიშვილი, შენგელია (15), ლეჟავა, მათიაშვილი, პულენი (16)

გუშინვე გერმანია-საქართველოს შეხვედრის შემდეგ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესცენტრი დავით უსტიაშვილს ლაიპციგში დაუკავშირდა. აი, რა თქვა მან:

- მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ფედერაციის ვებგვერდთან საუბარში აღვნიშნე, რომ ფაჩულიას კუნთი ჰქონდა დაჭიმული. სერიოზული არაფერია, მაგრამ ექიმების რჩევით, ზაზა მოედანზე არ გავიდა - თავი შევიკავეთ მისი დატვირთვისგან. რამდენიმე დღეში პირველი ოფიციალური პაექრობა გველის და ვერ გავრისკეთ - შეგვეშინდა, დაჭიმული კუნთი არ გამიზეზებოდა და სერიოზულ ტრავმაში არ გადაზრდილიყო.

- ალბათ, ფაჩულიას გარეშე გაგიჭირდათ...
- რა თქმა უნდა. კაპიტნის არყოფნა უარყოფითად აისახა გუნდის თამაშზე, მით უფრო, რომ გერმანელებს საკმაოდ ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავთ და მასპინძლები ხშირად აქცენტს მათზე აკეთებდნენ.

ყოველივეს მიუხედავად, გუნდმა ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა და წარმატების შანსსაც ინარჩუნებდა.

თუმცა აქამდე არაერთხელ ნათქვამს გავიმეორებ: მოგებაზე მეტად სათამაშო დისციპლინის, კომბინაციური თამაშის დახვეწა გვსურდა, რაც გამოგვივიდა კიდეც.

თამაშის მსვლელობისას, ერთ-ერთ მომენტში, განსაკუთრებით დაცვით ტაქტიკაზე გავამახვილეთ ყურადღება და გერმანიამ 5 წუთის განმავლობაში ბურთი ვერ ჩაგვიგდო. ამდენად, ეს შეხვედრა ბევრი რამით იყო სასარგებლო. არბიტრებს რამდენიმე ეპიზოდში მიკერძოება რომ არ გამოეჩინათ, მატჩის მოგებაც შეიძლებოდა.

- ბომბარდირი გახდა ჯეიკობ პულენი, რომელმაც ძირითადში ადგილი კორი ფიშერთან კონკურენციაში მოიპოვა...
- პულენი შესანიშნავი მოთამაშეა. მოხარული ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია და ვიმედოვნებთ, რომ შესარჩევ მატჩებშიც დაგვეხმარება.

- გამთამაშებლად ითამაშა თუ მსროლელის პოზიციაზე?
- იყო მომენტები, როცა გიორგი ცინცაძე და ჯეიკობ პულენი მოედანზე ერთად იყვნენ, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. პულენი გამთამაშებელია და, ძირითადად, პირველ ნომრად ითამაშებს, თუმცა მას ქულების დაგროვებაც არანაკლებ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის ტურნირი მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული