საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: თითოეულ ქულას ოქროს ფასი ექნება

AutoSharing Option
18 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად რუმინეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ლატვიისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებს გაუწევს მეტოქეობას. კონტინენტის პირველობის დასკვნითი ეტაპი კი გაისად, 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება.

იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, "ჯვაროსნებმა" საწვრთნელი ვარჯიშები პირველ ივლისს დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა რვა საკონტროლო მატჩიდან 4 მოიგეს. ბოლო პაექრობა გერმანიის ძლიერ გუნდთან დათმეს. ალემანთა ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში განაგრძო.

უკვე ცნობილია იმ 12 კალათბურთელის ვინაობა,
რომლებიც შესარჩევ ტურნირში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ.

ესენი არიან: გიორგი ცინცაძე (გამთამაშებელი, 192 სმ, უგუნდო), ჯეიკობ პულენი (გამთამაშებელი, 185, ბიელა, იტალია, სერია A), მანუჩარ მარკოიშვილი (მსროლელი, 196, კანტუ, იტალია, სერია A), ბესო ლეჟავა (მსროლელი, 192, აპოლონი, კვიპროსი), ლევან ფაცაცია (მსუბუქი ფორვარდი, 196, სოხუმი), ანატოლი ბოისა (მსუბ. ფორვარდი, 195, არმია), თორნიკე შენგელია (ფორვარდი, 207, ბრუკლინი, აშშ, NBA), ვიქტორ სანიკიძე (ფორვარდი, 203, სიენა, იტალია, სერია A), ნიკა მეტრეველი (მძიმე ფორვარდი, 211, სასარი, იტალია, სერია A), ზაზა ფაჩულია (ცენტრი, 210, ატლანტა, აშშ, NBA), გიორგი შერმადინი (ცენტრი, 215, მაკაბი, ისრაელი), რიჩარდ მათიაშვილი (ცენტრი, 208, ქუთაისი). მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი; ასისტენტები - დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში, ჯეისონ სტაუდტი.

Sportall.Ge
ბესო ლეჟავა და ვიქტორ სანიკიძე

აკაკი დვალიშვილი (მძიმე ფორვარდი, 208, ოლიმპი) და კორი ფიშერი (გამთამაშებელი, 185, ანთალია, თურქეთი) გუნდთან ერთად იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში, განაცხადში სხვა კალათბურთელს ჩაანაცვლებენ.

16 აგვისტოს, სპორტის სასახლეში ნაკრების მორიგი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, ეროვნული გუნდის მწვრთნელებსა და რამდენიმე მოთამაშეს გავესაუბრეთ:

დავით უსტიაშვილი: "შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა მოვასწარით. გერმანიაში ჩატარებულმა შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ ბიჭებმა შეთამაშება მოასწრეს.

მხოლოდ ნაკრების კაპიტნის - ზაზა ფაჩულიას ტრავმა გვაწუხებს. შესაძლოა, რუმინეთთან პაექრობაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. იგი გერმანელებთან მატჩშიც გვაკლდა. არადა, ალემანებმა ტანმაღალი ბიჭები გამოიყვანეს მოედანზე.

ზაზას სრულფასოვანი შემცვლელი კი ჩვენ არ გვყავდა. თანაც, მეორე ტაიმში, როცა წონასწორობის აღდგენის შანსი მოგვეცა, არბიტრებმა მიკერძოებული მსაჯობა დაიწყეს. თან ბიჭებს სამქულიანი სროლები არ წაუვიდათ.

ყოველივეს მიუხედავად, ლაიფციგის მატჩი ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. განსაკუთრებით, ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა გაგვახარა - პასებსაც კარგად ანაწილებდა და ქულებიც ბლომად მოაგროვა. ამ შესარჩევ ტურნირზე იგი დიდ სამსახურს გაგვიწევს.

- პირველ მეტოქეზე რას იტყვით?
- რატომღაც ყველას ეგონა, რომ ჯგუფში რუმინეთი აუტსაიდერი იქნებოდა, მაგრამ ხომ ნახეთ, კარპატელებმა შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩში ერთ-ერთ ფავორიტს - ჰოლანდიას აჯობეს.

რუმინელთა რამდენიმე პაექრობის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და გავაანალი
ზეთ. ბიჭებსაც სათანადო დავალება მივეცით. ასე რომ, სერიოზულად ვემზადებით, რადგან, მოგეხსენებათ, ჯგუფურ ტურნირში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. 18 აგვისტოს ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახაროთ".

კოტე ტუღუში: "მეც დიდი იმედი მაქვს, რომ საკვალიფიკაციო ტურნირს მოგებით დავიწყებთ. მართალია, ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია, მაგრამ განაცხადში მაინც შევიყვანთ. გავა თუ არა იგი მოედანზე, თამაშის წინ გადაწყდება.

დანარჩენი კალათბურთელები შემართებით არიან და შარშანდელი წარმატების შემდეგ მოტივაცია არ აკლიათ.

ცხადია, გულშემატკივართა აქტიური მხარდაჭერის იმედიც გვაქვს. რუმინელთა პირველ გამარჯვებაში სწორედ ქომაგებმა შეიტანეს დიდი წვლილი".


Sportall.Ge

ზაზა ფაჩულია: "ვწუხვარ, რომ ფეხის კუნთის ტრავმის გამო გერმანიაში ვერ ვითამაშე. სავარაუდოდ, ალბათ, რუმინელებთან მატჩსაც გამოვტოვებ. ვნახოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რეაბილიტაციის პროცესი ამ ორ დღეში როგორ წარიმართება.

კუნთის ის მონაკვეთი, რომელიც ახლა მაწუხებს, ამერიკაში ვარჯიშისას დავიზიანე. მერე თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ გერმანიაში ხისტ იატაკზე ვარჯიშისას ისევ შემახსენა თავი.

სხვათა შორის, შარშან კლაიპედაში ევროპის ჩემპიონატზეც ასეთი მოედანი იყო. ამიტომაც გავიწყვიტე კუნთი.

ამჟამინდელი ტრავმა საოპერაციო არ არის, მაგრამ მოსაშუშებლად დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ მალე მომეცემა თამაშის საშუალება, რომ ნაკრებს გამოვადგე.

ხვალინდელი ჩვენი მეტოქე ხელწამოსაკრავი გუნდი რ
ომ არ არის, ეს მან ორიოდე დღის წინ დაამტკიცა. ასე რომ, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო".

ვიქტორ სანიკიძე: "ყველა საშინაო მატჩში ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ საკუთარი კედლების უპირატესობა, რათა სტუმრად მეტი შემართებით ვიბრძოლოთ; ბიჭებს თავი არასდროს დაგვიზოგავს და ახლაც წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ და ჩვენი ზაზაც მალე ჩადგეს მწყობრში.

რუმინეთმა ჰოლანდიის დამარცხებით ხელთათმანი გვესროლა. ჩვენც მზად ვართ გამოწვევისთვის. ხვალაც და ყველა მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ".


თორნიკე შენგელია: "ფაქტობრივად, თანაბარძალოვანი გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში მოვხვდით.

გასამარჯვებლად სრული მობილიზება და ბრძოლა იქნება საჭირო. საამისოდ ჩვენც მზად ვართ".


ჯეიკობ პულენი: "ვფიქრობ, რომ კარგად შევეწყვე საქართველოს ნაკრებს. ეს განსაკუთრებით გერმანიაში გამოჩნდა. ვეცდები, გუნდს ყველა კომპონენტში დავეხმარო - დაცვაში, თავდასხმაში, პასების განაწილებასა და ქულების მოგროვებაში.

ვგრძნობ, რომ ნაკრები მატჩიდან მატჩამდე ხვეწს თამაშს. მოტივაცია არ გვაკლია, რაც წარმატების საწინდარია.

ნაკრების ხელმძღვანელობა მენდო და ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰკა მაგათ!!!წმინდა გიორგის ძალით!!! ქართველო ჯვაროსნებო!თანამედროვე ბიჭიაშვილებო!ქორქიებო!საკანდელიძეებო
The Cruzaders-GB
12:52 17-08-2012
0
მიდით ბიჩებო,რაგბისტებივით ათრიეთ ეგ კარპატელები,გაიხარეთ და გაგვახარეთ როგორც შარშან კლაიპედაში..მიდით ლომებო,მიდით...
levani
13:36 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული