ორივე - 1997 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მაშინ ჩვენი გუნდი დებიუტანტი იყო, ბოსნიელები კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მესამე შესარჩევს თამაშობდნენ.
ევრო 1997-ის შესარჩევი, 11.10.1995. თბილისი
საქართველო-ბოსნია 77:66
30:28, 47:38
საქართველო: ტურაშვილი (19წთ, 3ქ, 2მ), სანაძე (22წთ, 24ქ, 1პ, 2ჩ), დარსაძე (21წთ, 3ქ, 1მ), ბაქრაძე (3წთ), დერიუგინი (27წთ, 11ქ, 4მ, 1პ, 1ჩ), სტეფანია (38წთ, 15ქ, 13მ, 2პ, 9ჩ), შენგელია (13წთ, 2ქ), ქარაბაკი (19წთ, 4ქ, 1მ),
მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 17/32 (53.1%)
სამქულიანები - 7/13 (53.8%)
საჯარიმოები - 22/31 (71.0%)
მოხსნები - 26
შედეგიანი პასები - 6
ჩაჭრები - 12
დაფარებები - 0
90-იან წლებში საფეხბურთო ნაკრები ყველაზე მეტად ბულგარელთა ძლევით (2:1) ამაყობდა, ხოლო კალათბურთელები ბოსნიელთა დამარცხებით.
სიმბოლურია, რომ ეს ორი მატჩი თბილისში ერთ დღეს გაიმართა - 1995 წლის 11 ოქტომბერს. მეორე დღეს გაზეთი "სარბიელი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "11 ოქტომბერი - გამარჯვების დღე-სასწაული"
ჯერ კალათბურთელებმა ითამაშეს, შემდეგ ფეხბურთელებმა.
ამიტომ სპორტის სასახლეში მატჩის სანახავად, კახა ცხადაძის მეთაურობით, საფეხბურთო ნაკრების წევრებიც მივიდნენ.
მწვრთნელმა ბესიკ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ხუთეული დააყენა: ტურაშვილი, ჩხეიძე, ქარაბაკი, სტეფანია, შენგელია.
თურქეთის "ულქერში" მოთამაშე გამოცდილი მეფარე (217 სმ) სეიო ბუკვა კარგად გაუძღვა სტუმრებს, ფარქვეშიდანაც ზუსტი იყო, საშუალო დისტანციიდანაც და პერიმეტრიდანაც.
პირველი ტაიმის ბოლოს ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 27:16.
ქართველთა მწვრთნელმა ახალგაზრდებს გამოცდილები შეაშველა: მოედანზე გამოჩნდნენ დერიუგინი, სანაძე, დარსაძე... თამაშის შემოტრიალება კი გია სანაძის დამსახურებაა, რომელმაც ორ სამქულიანს შორის საჯარიმოები ზუსტად ისროლა, ნიკოლოზ დერიუგინს შედეგიანი გადაცემა გაუკეთა და მასპინძლები 11:1 "გაიქცნენ", რის შემდეგაც სხვაობა ქულამდე შემცირდა - 27:28. მდგომარეობის გამოსწორებამ ფრთები შეასხა 19 წლის ვლადიმერ სტეფანიას, რომელიც თავისუფალი მხატვრის როლს თამაშობდა: რადგან ფარქვეშ დერიუგინი და შენგელია იდგნენ, ვოვა პერიმეტრზეც ხშირად ადიოდა და არაერთი ჩაჭრის შედეგად სწრაფი იერიში ჩატენვით დაასრულა.
მატჩის კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა თამამი შედარება გააკეთა: დაცვაში სტეფანია იგივეა, რაც პელე ბრაზილიის ნაკრებშიო...
მეორე ტაიმის ბოლოს სანაძის მორიგი შორეული ტყორცნის შედეგად მასპინძლები 12 ქულით დაწინაურდნენ - 51:39. გადამწყვეტი მომენტიც მალე დადგა: ბოსნიელმა ბეკირმა სანაძესთან უხეში თამაშისთვის ჯარიმა დაიმსახურა, გაპროტესტების შემდეგ კი ტექნიკური შენიშვნა მიიღო. თანაგუნდელს ბუკვა გამოესარჩლა და მანაც ტექნიკურს გამოჰკრა ხელი. სანაძემ ექვსივე საჯარიმო გამოიყენა და - 61:44 ქართველთა სასარგებლოდ.
დარჩა მხოლოდ ერთი კითხვა: რა ანგარიშით მოიგებდა საქართველოს ნაკრები სამშობლოში გამართულ პირველ შეხვედრას? მე-40 წუთის ბოლოს ტაბლოზე იოლად დასამახსოვრებელი ციფრები აციმციმდა - 77:66.
15 წლის მერე ექს-იუგების ძლევას ასე იხსენებს ვლადიმერ სტეფანია:
- სლოვენიიდან ნაკრებს კარგად მომზადებული შევუერთდი. მახსოვს, ბოსნიასთან თბილისურ მატჩში ბევრი ვიმუშავე.
ორმაგი დუბლი რომ შევასრულე, გამეხარდა, თუმცა ერთზე დამწყდა გული: ბურთი 9-ჯერ ჩავჭერი. ერთით მეტი ჩაჭრა რომ მომეგროვებინა, სამმაგ დუბლს ჩავიწერდი.
თუ არ ვცდები, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ასეთი შედეგი ჯერ არ დაფიქსირებულა. სხვათა შორის, ართმევაზე კლუბშიც კარგად ვთამაშობდი, ევროლიგაზე ზოგჯერ 4-5 ჩაჭრა მიგროვდებოდა.
ბოსნიასთან მატჩი მთელმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა. მახსოვს, გია სანაძემ ოცზე მეტი ქულა ჩააგდო.
ნიკოლოზ დერიუგინი აკადემიურ კალათბურთს თამაშობდა, ძალიან გამოცდილი იყო და მის გვერდით გარჯა ახალგაზრდებისთვის სასიამოვნოც იყო და იოლიც.
27.11.1996, ბერლინი
ბოსნია-საქართველო 80:71
40:34, 40:37
საქართველო: ჟღენტი (2წთ), სტეფანია (37წთ, 19ქ, 11მ, 4პ, 2ჩ), სანაძე (31წთ, 17ქ, 2პ, 4ჩ), უსტიაშვილი (38წთ, 2მ, 3პ), ნაცვლიშვილი (28წთ, 16ქ, 7მ, 1პ), შენგელია (2წთ), ქარაბაკი (22წთ, 12ქ, 2მ), დადიანი (17წთ, 5ქ, 2მ, 1ჩ), ჩხეიძე (23წთ, 2ქ, 2პ, 1ჩ)
მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 19/41 (46.3%)
სამქულიანები - 6/18 (33.3%)
საჯარიმოები - 15/18 (83.3%)
მოხსნები - 24
შედეგიანი პასები - 12
ჩაჭრები - 8
დაფარებები - 0
90-იანი წლების ბოსნია-ჰერცოგოვინა საქართველოს ძალიან ჰგავდა: ორივეგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ამიტომ 1996 წლის 27 ნოემბერს ბოსნიაში გასამართი მატჩი ფიბა-მ გერმანიის ქალაქ ბერლინში გადაიტანა.
ბოსნიელთა ძლევის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გაუსწორებდა თვალს ევროპის ჩემპიონატს.
სიტუაციაში უკეთესად გაგვარკვევს საქართველოს ნაკრების მაშინდელი გამთამაშებელი დავით უსტიაშვილი:
- ბერლინური მატჩის შემდეგ ისრაელში უნდა ჩავსულიყავით. ბოლოს შინ ორი შეხვედრა გვრჩებოდა - ბელარუსთან და საბერძნეთთან. ელინები თბილისში პირველადგილოსნის სტატუსით გვეწვეოდნენ და მათთან გამარჯვებას ვაპირებდით. ბელარუსს 80:78 მოვუგეთ.
ასე რომ, გერმანიაში ბოსნიის ძლევის შემთხვევაში 6 მოგება მოგვიგროვდებოდა და სატურნირო ცხრილის ზედა სამეულში შევიდოდით, რაც ევრობასკეტზე მოხვედრას ნიშნავდა. თავის მხრივ, ბოსნიელებსაც გაცნობიერებული ჰქონდათ მატჩის მნიშვნელობა და ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა.
ბოლო წუთებამდე სხვაობა 6 ქულას არ ჩამოსცილებია. ვიცოდით, რომ ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო. სწორედ ამ დროს ბოსნიელმა მარკოვიჩმა მაღალი კლასი (ფრანგული "ლიმოჟის" ლიდერი იყო) გამოამჟღავნა და 71:80 დავმარცხდით.
მარკოვიჩმა 34 ქულით დაგვბომბა...
ბერლინურ მატჩს იხსენებს საქართველოს ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი:
- გულშემატკივარს ბოსნიასთან გერმანიაში ჩატარებული მატჩი არ უნახავს. მეტოქეს აშკარად ვჯობდით. ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში მიდიოდა.
ამას უმთავრესად სტეფანიასა და ნაცვლიშვილის წყალობით ვაღწევდით. ერთ-ერთ მათგანს დასასვენებლად რომ დავსვამდი, ანგარიშში ჩამორჩენა საგრძნობი ხდებოდა.
ბოლოს სტეფანია მთხოვდა, ვეღარ დავდივარ, დამასვენეო. მან 37 წუთი ითამაშა, 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მაგრამ ისიც დაიღალა, ნაცვლიშვილიც და მცირე სხვაობით დავმარცხდით.
უნდა აღვნიშნო, რომ ბოსნიელებმა გერმანიაში თბილისური მატჩისგან სრულიად განსხვავებული, მნიშვნელოვნად გაძლიერებული ნაკრები დაგვიპირისპირეს.
ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე საბერძნეთი (9 გამარჯვება), ბოსნია (7) და ისრაელი (4) გავიდნენ. საქართველო 3 მოგებით მეხუთე იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოსნია-ჰერცოგოვინა VS საქართველო - ფავორიტების ომი იწყება
ზაზა ფაჩულია: იმედია, ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრებს დავეხმარები