- დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ყველა ბოსნიას ქომაგობდა, ჩვენი ბიჭები კი ბოლომდე იბრძოდნენ.
ისინი მაშინაც არ გატყდნენ, როცა ბოსნიელებს წინ გასვლამდე 1 ორქულიანი აკლდათ.
- არადა, 20 ქულით ვიგებდით...
- ეს კალათბურთია. ვიგებდით და შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, რაც გასაკვირი არავისთვის იყო.
ბოსნია ძლიერი გუნდია და ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ამ წაგების მიუხედავად, ბოსნია ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია.
წარმოიდგინეთ, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ სტუმრად, დარბაზი სავსეა,
ჩვენ რისთვისაც სარაევოში ჩამოვედით, ის შევასრულეთ. ახლა ბოსნიელების დამარცხება არავის ახსოვს, უკვე ლატვიაზე ვფიქრობთ, ბალტიისპირელებთან მატჩისთვის მზადებას ვიწყებთ.
- ბოსნიამ ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 1 ქულამდე რომ შეამცირა, რა დავალება მიეცით ბიჭებს?
- განსაკუთრებული არაფერი. ბრძოლა, დაცვაში ბოლომდე დახარჯვა და ბურთის გაფრთხილება. გუნდი მთელი მატჩი კარგად თამაშობდა და რამის შეცვლა საჭირო არ იყო. უბრალოდ, მეტოქის შემოტევის მოგერიება გვმართებდა, რაც მოვახერხეთ კიდეც.
- ბოსნიელთა ბოლო შეტევისას განსაკუთრებული ყურადღება ტელეტოვიჩზე გადაიტანეთ...
- ტელეტოვიჩზე თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მან 27 ქულით დაასრულა თამაში, ვთვლი, რომ გავაჩერეთ.
ბოლო ეპიზოდში, რა თქმა უნდა, ტელეტოვიჩს განსაკუთრებული მეურვეობა მივუჩინეთ, თუმცა ვიცოდით დედოვიჩის შესახებაც, რომელსაც საკუთარ თავზე თამაშის აღება შეუძლია.
ასეც მოხდა. ბურთი დედოვიჩს მისცეს, რომლის დაზღვევაც ჩვენმა დაცვამ შესანიშნავად მოახერხა.
- რა იყო გამარჯვების მთავარი მიზეზი?
- გააზრებული, კარგი თამაში. უკლებლივ ყველამ საუკეთესოდ ითამაშა. არავის გამოყოფა არ მინდა.
აღსანიშნავია ფაჩულიას ფაქტორი, რომლის დაბრუნებამაც გუნდს აშკარად დამატებითი ძალა შემატა. ზაზამ დიდი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში.
- ფაჩულიამ მხოლოდ 27 წუთი ითამაშა. რამე ხომ არ აწუხებს?
- ზაზა სრულ მზადყოფნაშია. მან რამდენიმე მატჩი გამოტოვა და საბრძოლო ფორმაში ჯერ არ არის. იგი მომავალ მატჩებშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი