თვითმფრინავი 14 საათზე დაეშვა აეროპორტში, სადაც ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ბოსნიაშივე დაწერა გზავნილი ქართველ ქომაგთათვის, რომელიც "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:
"ყველას გილოცავთ გამარჯვებას. ძალიან მაგარი თამაში მოვუგეთ ძალიან კარგ გუნდს. ლომები გვყავს.
თხოვნა გუნდის სახელით: დარჩენილ მატჩებზე გავავსოთ სპორტის სასახლე და ნამდვილი ქართული გულშემატკივრობა ვუჩვენოთ ყველას".
კაპიტანი იქვე მიმართავს ქომაგს - ნუ მოსწევთო. სიგარეტის ბოლის გარეშეც დარბაზში საკმარისად ცხელა.
აი, რა თქვა ზაზა ფაჩულიამ თბილისის
- ბოსნიელებს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ და თან გულშემატკივრობაც არ აკლდათ. თამაში თავიდანვე კარგად წაგვივიდა როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. მეტოქეს ვჯობნიდით, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ბოსნია უბრძოლველად არ დაგვნებდებოდა.
ასე ვთქვათ, ველოდით მეტოქის გადამწყვეტ იერიშს და ამისთვის მზადაც ვიყავით. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა და რაც მიზნად გვქონდა დასახული, შევასრულეთ.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე პერიოდის შუაში, როცა სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, ფაჩულიამ (სულ 16 ქულა) ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო. სირენამდე სამი წუთით ადრე, მისი ჩატენვის შემდეგ კი ქართველები კვლავ 3 ქულით დაწინაურდნენ.
მეოთხე პერიოდი ასევე მაღალ დონეზე ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც მეოთხე რაუნდი ოთხი მნიშვნელოვანი ქულით გახსნა. მანუს (17 ქულა) მოვუსმინოთ:
- სარაევული მატჩის ღირებულება ყველას კარგად მოეხსენება. მისი მოგების შემდეგ ზეიმი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ბოსნია ყველამ დავივიწყეთ და ლატვიაზე გადავერთეთ.
ბალტიისპირელებთან მოგება არანაკლებ მნიშვნელოვანია და არანაკლებ რთული იქნება. იმედი გვაქვს, სპორტის სასახლეში ბევრი ქომაგი მოვა და ლატვიელების წინააღმდეგ თამაშში ჩვეული ენერგიულობით დაგვეხმარება.
ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა დაკისრებული - მირზა ტელეტოვიჩს მეურვეობდა.
მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა თქვა:
მიუხედავად იმისა, რომ ტელეტოვიჩმა 27 ქულა ჩააგდო, შეიძლება ითქვას, იგი მეტ-ნაკლებად გავაჩერეთ.
შენგელიამ მატჩი 12 ქულით დაასრულა:
- მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დიდი ანგარიშით დავწინაურდით, ვგრძნობდით, რომ ყველაფერი ასე იოლად არ მორჩებოდა. მეტოქემ ღირსეულად იბრძოლა, გამარჯვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ წარმატება ჩვენ დაგვრჩა. ვულოცავ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.
ლატვიასთან თამაშზე ამახვილებს ყურადღებას ბოსნიაში ორმაგი დუბლის შემსრულებელი ვიქტორ სანიკიძეც (19 ქულა, 11 მოხსნა):
- ურთულესი მატჩი მოვიგეთ რთულ მეტოქესთან. პირველ ტაიმში სოლიდური სხვაობით დავწინაურდით, მაგრამ მაშინაც ვიცოდით, რომ ისეთი დონის გუნდი, როგორიც ბოსნიაა, თანაც შინ, ბოლო წუთებამდე იბრძოლებდა.
მეორე ნახევარში მეტოქემაც მაღალი კლასი გამოავლინა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც დაგვიფასდა და მნიშვნელოვანი ორი ქულა მოვიპოვეთ.
მართალია, ჯგუფში გალიდერებისკენ ბოსნიაში მოგებით დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ არანაკლებ რთული ბრძოლა გველის მომდევნო მატჩში. ლატვიელებს სახიფათო გუნდი ჰყავთ და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს წარმატების მისაღწევად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
ძალიან მაგარი არითმეტიკაა, არა?? ^_^