Time Line: კოპერფილდიდან ზიმბებველ შამანამდე

AutoSharing Option
18 აგვისტოდან საკალათბურთო ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული - თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

დღევანდელ "ტაიმლაინში" კი ხალისით გავიხსენოთ საინტერესო ეპიზოდები სანაკრებო ისტორიიდან.

2011. შამანი ზიმბაბვედან
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი, დევიდ ბლატი მეტად ხალისიანი პიროვნებაა. იგი ყოველი პრესკონფერენციის შემდეგ დარბაზში რჩებოდა და ჟურნალისტებს სახალისო ამბებს უყვებოდა.

მისი ერთი გამონათქვამი ევრობასკეტის მთავარ "მფრინავ ფრაზად" იქცა: ბლატს საქართველოსთან მატჩის შემდეგ რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს - მაშინ, როცა ქართველებმა ზონური დაცვა დაგიყენეს, ხუთი წუთი უქულოდ ჩაატარეთ, სამქულიანებზე აქცენტი რატომ არ გააკეთეთო? ბლატს
გაეცინა და მიუგო:

- მეც ვიცი, რომ ზონის გადალახვის კარგი საშუალება შორეული ტყორცნებია, მაგრამ რა ვქნათ, რომ სამქულიანებს ვერ ვაგდებთ?! სწორედ ამიტომ, ზიმბაბვეში მივემგზავრები, საიდანაც შამანები უნდა ჩამოვიყვანო, იქნებ ჩვენს კალათბურთელებს შეულოცონ და სროლაც გამოუსწორდეთ.

მას მერე რუსებს პერიმეტრიდან ტყორცნებში საწუწუნო აღარ აქვთ, თუმცა არსად დაწერილა, ბლატის ზიმბაბვეში ვიზიტის ამბავი

2010. ნაძლევი

ბულგარეთთან საშინაო მატჩის წინადღეს ვარჯიშის ბოლოს ჩვენი ნაკრების ლეგიონერი ტორინ გრინი ფარის უკან სკამზე იჯდა და ხელში ბურთს ათამაშებდა.

ზაზა ფაჩულია დაენაძლევა - თუ ბურთს მაგ სკამიდან ჩააგდებ, 500 დოლარს გაძლევო. გრინმა რამდენიმე ცდა ითხოვა, რადგან არცთუ იოლი იყო, დიაგონელზე, ფარსუკნიდან თანაც სკამზე ჯდომით ბურთის ჩაგდება. თუმცა პირველივე ტყორცნის შემდეგ დარბაზში მხურვალე ოვაციები გაისმა - გრინმა ნაძლევი მოიგო.

2005. ამჯერად ევრო
2005 წელს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი იყო, მისი თანაშემწე - ნუგზარ კანდელაკი. ბატონი ნუგზარი იხსენებს:

- ფინეთთან მატჩის წინ, ვარჯიშზე ჰერბერტმა მოედნის ცენტრში ასევროიანი დადო და თქვა - ამ ფულს ის აიღებს, ვინც ბურთს მოედნის ცენტრიდან ჩააგდებსო. სროლის უფლება ყველას გვქონდა. მიზანში მე და ირაკლი კეიდიამ მოვარტყით და ფინალში გავედით. ფინალში გაიმარჯვებდა ის, ვინც სამქულიანს მარცხენა ხელით ჩააგდებდა... კედომ მაჯობა.

2005. მსაჯო, ბადეს ხომ ვერ გაასწორებდი?
მაკედონიასთან სერიოზულ ბრძოლაში 73:60 მოვიგეთ. შეხვედრის პირველ ტაიმში ერთი სახალისო ეპიზოდი ვიხილეთ: კალათის ბადე აიკეცა და ვიდრე ვინმე მის გასწორებას მოიფიქრებდა, ზაზა ფაჩულიამ თურქ მსაჯს ხუმრობით ანიშნა - აგწევ და ბადე ჩამოუშვიო.

ზაზამ ნამატჩევს კრივზეც ილაპარაკა:
- ზოგმა ჩემს თამაშს უარყოფითი შეფასება მისცა - კრივთან გააიგავა. ვერ დავეთანხმები, რადგან მოედანზე კი არ ვჩხუბობ, არამედ ვიბრძვი. სწორედ ასეთი თავდადების წყალობით მოვიგეთ მაკედონიასთან.

2004. ამერიკელი საბარგულში
2004 წელს საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა შემონდ უილიამსმა. იტალიაში, სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ. უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო...

2001. 77:77
საქართველოს ნაკრებს დიდი ხნის ნანატრი შეკრება 2001 წელს ეღირსა - გუნდი სლოვენიაში გაემგზავრა. ქვეყნის ჩემპიონ "ოლიმპიასთან" ორი მატჩი გამართა.

კურიოზული აღმოჩნდა მეორე შეხვედრის ბოლო წუთები: სირენამდე 20 წამით ადრე სლოვენიელებმა ქართველთა კალათს ბურთი ააცილეს და მოხსნისთვის ცხარე ბრძოლა გაჩაღდა.

"ჭიდაობაში" კახა შენგელიას ბურთზე ხელი შემთხვევით ისე მოუხვდა, რომ საკუთარ კალათში ჩაუშვა - 77:77.
მოვუსმინოთ შენგელიას:

- ცხადია, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მსგავსი რამ NBA-ს ვარსკვლავებსაც მოსდით. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს გადამწყვეტი ტყორცნა იყო - მატჩის დასრულებამდე 20 წამი რჩებოდა და ბოლო იერიშის უფლება ჩვენ გვქონდა...

...გადამწყვეტი შეტევის დასრულება რამაზ გოგობერიშვილიმა ითავა. იგი არ ჩქარობდა, თუმცა 20 წამი ისე გაიპარა, რომ სროლა ვერ მოასწრო. მთავარი შემდეგ მოხდა, რაზეც ნუგზარ კანდელაკი ლაპარაკობს:

- ყველამ კარგად იცოდა დავით თორთლაძის ენამახვილობის ამბავი და ამიტომ, კახა შენგელია ყველაზე გვიან გამოვიდა. თუმცა, გასახდელის კართან თორთლა კახას კედელზე მიყუდებული ელოდა...

- რას გვერჩოდი, ბურთი თავზე რატომ დაგვატენე?! "ოლიმპიაში" მოხვედრა თუ გინდოდა, გეთქვა-მეთქი... - ეს თავად დათო თორთლაძემ გაიხსენა.

2001. ვაშლბურთი
დავსვათ კითხვა: სპორტის აწოწილ სახეობას კალათბურთი რატომ ჰქვია? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მთავარი "ფიგურები" ბურთი და კალათია.

ქვემოთ კალათვაშლზე დავწერთ...
- "სლოვანს" "პივოვარნასთან" პლეიოფების სერია სამამდე გაეწელა. ამიტომ მესამე შეხვედრის დილას დარბაზში ვერ შევედით. საუზმის შემდეგ მწვრთნელმა, ზურაბ ტომარაძემ გვითხრა: ეზოს მოედანზე გავიდეთ, კომბინაციები მაინც გავიმეოროთო.

რადგან ბურთი არ გვქონდა, სასადილოდან ვაშლი წამოვიღეთ. ერთ-ერთი კომბინაციის ბოლოს რამაზ გოგობერიშვილმა ვაშლი სამქულიანის ხაზთან მიიღო და დაუფიქრებლად ისროლა... ხილი კალათში ჩაეშვა და მიწაზე დაცემისას გაიფაშვა... - დაიწყო თხრობა ზვიად ბაბიაშვილმა, რამაზ გოგობერიშვილმა განაგრძო:
- მწვრთნელმა მკითხა: ეგ რა გააკეთეო? ვუპასუხე: თანაგუნდელებმა ორმაგი ბლოკი კარგად დააყენეს, თავისუფალ პოზიციაზე დამტოვეს და არ მესროლა-მეთქი?!

1999. დავუმალეთ
1999 წელს ლუქსემბურგთან წავაგეთ! საინტერესოა, რომ სწორედ იმ შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი ზაზა ფაჩულიას.

- ლუქსემბურგთან მატჩის წინა დღეს ფედერაციის პრეზიდენტ გოგი ქათამაძესთან საუბრისას ვიხუმრეთ:

მთელი ძალით არ ვითამაშოთ, ჩვენი კოზირები დავმალოთ, რათა ძლიერმა მოწინააღმდეგეებმა ვერ გაგვშიფრონო. ლუქსემბურგმა 21 ქულის სხვაობით მოგვიგო... მეორე დღეს ბატონი გოგი გაგვეხუმრა - ნამეტანი კარგად დამალეთ თამაშიო, - გაიხსენა ზურაბ ტომარაძის თანაშემწე ნუგზარ კანდელაკმა.

1997. ფრენა თვითმფრინავისკენ
საქართველოს ნაკრებმა 1997 წელს ავსტრიას სტუმრად დამატებით დროში აჯობა და შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვა. ოვერტაიმის დანიშვნა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ ქართული დელეგაციის ნახევარი დამატებითი დროის დაწყებისთანავე გავიდა დარბაზიდან...

მეორე მწვრთნელი, ნოდარ ქორქია მოგვითხრობს:

- კვიპროსიდან გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთები წინასწარ გვქონდა აღებული. თუმცა, ავსტრიასთან მატჩი ისეთ დროს დანიშნეს, რომ აეროპორტში მისვლას ვერ ვასწრებდით. არადა, იმ დღეს რომ არ გავფრენილიყავით, ერთი კვირა კვიპროსში უნდა გვეცხოვრა, რისი შესაძლებლობაც არ გვქონდა.

ბევრი ხვეწნის შემდეგ მატჩი 45 წუთით ადრე გადაიტანეს, თუმცა ჩვენი გათვლებით 40 წუთის ამოწურვის შემდეგ თვითმფრინავს იმ შემთხვევაში მივასწრებდით, თუ ტაქსებით "ვიფრენდით".

ოვერტაიმზე წინასწარ არ გვიფიქრია და მატჩი დამატებით დროში რომ გადავიდა, ტრიბუნებისკენ მივბრუნდით და ჩვენი დელეგაციის ძირითად ნაწილს აერპორტში გაქცევა ვთხოვეთ. წარმოიდგინეთ, როგორ აინტერესებდათ მატჩის ბოლო 5 წუთის ხილვა, მაგრამ სხვა გზა არ იყო - დელეგაციის ნახევარი აეროპორტში ოვერტაიმის დაწყებამდე წავიდა.

ევროპაში თვითმფრინავის შეყოვნება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედი გვქონდა, რომ ქართველები სიტუაციას აუხსნიდნენ და ჩვენც გაფრენამდე მივუსწრებდით.

დამატებითი დროის დასრულების შემდეგ დამშვიდობება ვერ მოვასწარით ისე გავიქეცით ტაქსებისკენ.

წინასწარ დაბარებული გვქონდა, მანქანები დაქოქილები დაგვახვედრეთო...

მოთამაშეებმა ტაქსებში გამოიცვალეს და მიასწრეს თვითმფრინავს, რომელიც ქართველებს მართლაც ელოდა.

1997. ფანტა
ირაკლი ხოშტარია საიდუმლოს გვიმხელს:

- ნაკრების შეკრებას კაპიტნის, ვახტანგ ნაცვლიშვილის დაოჯახება დაემთხვა. ვატომ ქორწილში დაგვპატიჟა.

საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის ვემზადებოდით და დალევაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. თუმცა, კალათბურთელებმა ხერხი ვიხმრეთ: "ფანტის" ბოთლებში გაზიან სასმელს 100-100 გრამი არაყი დავამატეთ... აბა, ვახტანგ ნაცვლიშვილს ცარიელი "ფანტით" ხომ არ დავლოცავდით?!

1997. აუღელვებელი ველომრბოლელი
ნაკრების ექიმი ვალერი მელაძე შვედური ვოიაჟიდან ორ არასაკალათბურთო ამბავს გამოარჩევს:
- სტოკჰოლმიდან ქალაქ უპსალაში ავტობუსით გავემგზავრეთ. წინა რიგში ვიჯექი. მძღოლმა მთელი გზა მაღალი სიჩქარით იარა, სპიდომეტრი 150-200-ს უჩვენებდა. ასეთი სისწრაფით სიარულს დამატებით ემოციას მატებდა მუქი შინდისფერი ასფალტი.

ერთ გზაჯვარედინზე ცენტრალური ტრასისკენ მშვიდად მომავალი ველოსიპედისტი შევნიშნე. ჩვენი მძღოლი სიჩქარეს არ უნელებდა, ველოსიპედზე მჯდომი კი ჩვენკენ არც იყურებოდა, რადგან წესების მიხედვით გზა მისი იყო.

ჩვენმა მძღოლმა ველოსიპედი ბოლო მომენტში შენიშნა და ავტობუსი რის ვაი-ვაგლახით გააჩერა. გაოცებულები ვუყურებდით ველოსიპედისტს, რომელსაც სვლა ოდნავადაც არ შეუნელებია - აუღელვებლად გადაკვეთა გზა...

- 90-იანი წლების შვედეთში მხოლოდ გზებზე როდი იყო სრული წეს-რიგი. მაღაზიებში ადგილობრივებსა და უცხოელებზე ერთი და იგივე საქონელზე სხვადასხვა ტარიფები მოქმედებდა. მახსოვს, ირაკლი ვაშაკიძემ ტყავის ქურთუკი იყიდა და პასპორტი მოსთხოვეს.

ძალიან გაგვიკვირდა, თუმცა შემდეგ მივხვდით, რაში სჭირდებოდათ ქართული პასპორტი - აეროპორტში ვაშაკიძეს ქურთუკში გადახდილი თანხის 25 პროცენტი უკან დაუბრუნეს.

1996. ვინ მოერევა ნაყინს?
ისრაელის სასტუმროში რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები. მომხდარ ამბავს ხალისით გვიყვება ნოდარ ქორქია:

- სასტუმროს სასადილოში კალათბურთელებმა თითო ულუფა თევზი, სალათა, პიცა და ნაყინი შეუკვეთეს.

ასეთმა სიამ ოფიციანტები გააკვირვა, თუმცა ამის მიზეზს გვიან მივხვდით: ერთი ულუფა თევზი თავმოდგმულ დიდ თეფშს შეიცავდა. ასეთივე სავსე იყო სალათისა და პიცის თეფშები... თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ბოლოს ვნახეთ: კალათბურთელებს კილოგრამიანი ნაყინები მოუტანეს.

1995. დევიდ კოპერფილდი
ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდთან შეხვედრით იწყება. ვახტანგ ნაცვლიშვილი:

- ბირმინგემისკენ გზად ლონდონში ჩავფრინდით. აეროპორტში ცნობილი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი შეგვხვდა.

მას ავტოგრაფები ჩამოვართვით და სამახსოვრო სურათები გადავიღეთ. კოპერფილდს რომ დავშორდით, კალათბურთელები ერთმანეთში ვხუმრობდით - თუ ეს ავტოგრაფები გაქრა, ესე იგი მართლა დევიდი იყოო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული