საბედნიეროდ მეჟერისმა ორივე ტყორცნა ააცილა და ოვერტაიმის საკითხი დადგა დღის წეს-რიგში.
რჩებოდა ბოლო სროლა, რომელიც ჯეიკობ პულენს უნდა შეესრულებინა, რადგან შეტევა სწორედ მან წამოიწყო და სულ რაღაც 8 წამში უნდა შეეტია. სამქულიანი ხაზიდან საკმაოდ მოშორებით გაჩერდა, აიწია, ისროლა და ვიდრე ბურთი კალათში ჩაეშვებოდა, ისე მოტრიალდა, თითქოს სროლამდე იცოდა, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში მიზანს არ ააცილებდა და საქართველოს
მეჟერისის საჯარიმოებსა და პულენის სამქულიანს შორის სულ 8 წამი იყო, მაგრამ ემოციები საოცარი სისწრაფით, 360 გრადუსით შეიცვალა.
ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ელფერს ისიც სძენდა, რომ არენა ბოლომდე გაივსო და უნდა გენახათ, ფეხზე წამომდგარი 12 ათასი გულშემატკივარი ბოლო წამებზე როგორი სულგანაბული ელოდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას.
პულენის სამქულიანის შემდეგ კი დარბაზი კინაღამ დაინგრა. თამამად შეიძლება გავიმეოროთ, რომ სანახაობრიობით, დრამატულობითა და ემოციურობით კალათბურთი სპორტის ერთ-ერთი პირველი სახეობათაგანია (იხილეთ ვიდეო).
* * *
საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით მესამე ნაბიჯი გადადგა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ. ჩვენს გუნდს სამი მატჩიდან ამდენივე აქვს მოგებული. ეს წარმატება კიდევ უფრო გასახარი იმიტომაცაა, რომ უშუალო მეტოქე ლატვიასთან ბრძოლაში მოვიპოვეთ.
ლატვიელები "უშუალო მეტოქეები" რომ არიან, "სპორტის სასახლეშიც" დაამტკიცეს - აინარს ბაგაცკისს კარგად განსწავლული გუნდი ჰყავს.
მწვრთნელს საქართველოს ნაკრების პლუსებიც სათანადოდ ჰქონია შესწავლილი: თუ წინა მატჩებში ჩვენი გუნდი სწრაფი შეტევით ქულებს უხვად აგროვებდა, ამჯერად მხოლოდ 14 ქულა მიითვალა.
ბალტიისპირელები დროულად ასწრებდნენ საკუთარ მოედანზე დაბრუნებას. მეტოქემ არც მოხსნებში დათმო - 41:38 გვაჯობა. ისიც იცოდა, რომ საქართველოს ნაკრების დამარცხება უმთავრესად პერიმეტრიდან ტყორცნებით შეიძლებოდა. ამიტომაც ისროლა 36 სამიანი და 11 გამოიყენა.
* * *
საქართველოს ნაკრებმა კი 8 სამქულიანი ჩააგდო (15-დან), რაც შესანიშნავი შედეგია. არც ორქულიანების ტყორცნის პროცენტული მაჩვენებელი დაეწუნებოდა - 50-დან 23, ხოლო 13 საჯარიმოდან ქულად 9 გარდასახა.
ძალიან ცუდად ისროლეს ჯარიმები ლატვიელებმა - 12-დან მხოლოდ 3 გამოიყენეს.
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა საქართველოს ნაკრების სტაბილურ თამაშზე მიგვითითებს. რომ არა ორწუთიანი ჩავარდნა, გუნდი მშვიდად მიიყვანდა შეხვედრას გამარჯვებამდე.
როგორც შეხვედრის წინ ლატვიელთა თავკაცმა თქვა, თამაშის მოგებას ცოდნა უნდა. საქართველოს ნაკრებს კი ჰყავს იმ დონის კალათბურთელები, რომლებსაც უმაღლეს დონეზე არაერთი შეხვედრა მოუგიათ.
* * *
დიდი როლი შეასრულა ლატვიელთა ძლევაში გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც ტემპსაც სათანადოდ აკონტროლებდა, პასებსაც ანაწილებდა (7 შედეგიანი გადაცემა), საჭიროების შემთხვევაში მეტოქის კალათსაცშედეგიანად უტევდა და დაცვაშიც დამაჯერებელი იყო (7 დაცვითი მოხსნა).
სასტარტო ხუთეულში მსროლელად მანუჩარ მარკოიშვილი ირჯებოდა. მის ღირებულებაზე გუნდის ბომბარდირის სტატუსი და ციფრებიც მეტყველებენ: 19 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 4 პასი. მანუმ 9-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 სამიანი გამოიყენა.
მსუბუქმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ როგორც ყოველთვის ძალიან სასარგებლო იყო.
თორნიკე შენგელიამ თამაშიდან 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ბურთი ხუთჯერ მოხსნა და მეტიქეებს ორჯერ დაუფარა (12 ქულა).
როცა მოედანზე ზაზა ფაჩულიაა, მეტოქეებს ძალიან უჭირთ ფარქვეშ შესვლის გადაწყვეტილების მიღება, ეს ლატვიელთა თავკაცმა თქვა. ზაზა გუნდის ვიცე-სნაიპერი გახდა (18 ქულა) და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (9).
ამ კალათბურთელების გარდა 10 წუთზე მეტი (26 წუთი) ითამაშა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა. მან სულ სამი სამქულიანი გამოიყენა. სამივე გადამწყვეტ მომენტში.
რუმინეთთან მატჩისასაც დავწერეთ, რომ ტაირონ ელისის შემდეგ პულენი სამქულიანებში სტაბილურობით ყველაზე გამორჩეული ნატურალიზებულია. მან ლატვიასთან პერიმეტრიდან 5-დან 3 სამიანი გამოიყენა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ჰოლანდიაში ჩაატარებს. მართალია, ნიდერლანდელებს ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული მონაგარი აქვთ (3 მატჩი 3 წაგება), მაგრამ ალმერეშიც რთული ბრძოლა გველის.
ეს გუნდსაც კარგად ესმის და იმედი დავიტოვოთ, რომ პირველ წრეს წაუგებლად დავასრულებთ.
ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი
24 აგვისტო
საქართველო-ლატვია 97:76
21-20, 20-16, 23-17, 15-23
რუმინეთი-ბოსნია 79:84
22-25, 10-27, 25-23, 22-9
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 4 3 1 373/348 7
2. საქართველო 3 3 0 255/235 6
3. ლატვია 3 1 2 245/236 4
4. რუმინეთი 3 1 2 233/248 4
5. ჰოლანდია 3 0 3 243/282 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა