აინარს ბაგატსკისი: თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენ ჯგუფში ფავორიტი საქართველოა

AutoSharing Option
24 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 79:76 დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პაექრობის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, ასევე, სახელოვან ვეტერან კალათბურთელებს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:

აინარს ბაგატსკისი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- უპირველესად, საქართველოს ნაკრებს მინდა მივულოცო გამარჯვება. ისეთ ჩინებულ ატმოსფეროში, როგორიც სპორტის სასახლეში სუფევდა, ალბათ, უსამართლობა იქნებოდა, ჩვენ რომ მოგვეგო.

ასე რომ, ყველა იმ ადამიანს, ვინც
ასეთი გარემო შექმნა ამ დარბაზში, ვულოცავ საქართველოს ნაკრების წარმატებას.

ალბათ, სისულელეა თავის მართლების გზების ძებნა, რადგან ვთამაშობდით ჯგუფის ფავორიტთან, გამოცდილ და ყოველმხრივ ბალანსირებულ გუნდთან. ჩემი შეგირდების ყველაზე დიდი მინუსი გამოუცდელობაა. როცა მეტოქე შეთამაშებულია, მან ძალიან კარგად იცის, რა და როგორ გამოიყენოს შენს წინააღმდეგ.

ცხადია, ვვარაუდობდით, ქართველები რას შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ სამოქმედო გეგმა მაინც ბუნდოვანი დარჩა. ერთია ნახაზის, სტრატეგიის შედგენა, მეორე - მატჩის დასაწყისშივე იმპროვიზაციის წინააღმდეგ სწორი გეგმის შერჩევა.

მატჩის პირველ მეოთხედში რვაჯერ დავკარგეთ ბურთი, სულ პაექრობის განმავლობაში - ოცჯერ და მაინც თანაბრად ვებრძოლეთ მეტოქეს. ამგვარ სიტუაციაში რაღაც მიზეზების ძებნა სისულელეა. შეხვედრის ბოლო სამი წუთის განმავლობაში შევძელით ძალების მობილიზება, მეტოქემაც თავისუფალი სროლის საშუალება მოგვცა და საქართველოს ნაკრების წევრებსაც ნერვიულობა დაეტყოთ.

დამაინც, მინდა დავეთანხმო ჩემს შეგირდს - როცა მეტოქე მაისურზე გქაჩავს ზურგსუკან ან ფარქვეშ ზემოდან გარტყამს ხელს, ეს არასპორტული ჯარიმაა. ბოლო ოცდაათი წამის განმავლობაში ორი ასეთი შემთხვევა იყო და მსაჯებმა ორჯერვე დახუჭეს თვალები.

თუმცა წაგებას მხოლოდ ამას ვერ დავაბრალებ - მარცხი ჩვენივე შეცდომების ბრალია: როცა მატჩის განმავლობაში ოცჯერ დაკარგავ ბურთს და ჯარიმების მხოლოდ 25 პროცენტს გამოიყენებ, ცხადია, წარმატებას ვერ მიაღწევ. პულენის ბოლო სამქულიანი და ჩვენი წაგება სადღაც კანონზომიერიც იყო, თუმცა, ვიმეორებ, გამარჯვების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

ყოველივეს მიუხედავად, დიდი მადლობა გულშემატიკვრებს დარბაზში საოცარი ატმოსფეროს შექმნისთვის. მომავალშიც სიამოვნებით ჩამოვალ თბილისში ამ შესანიშნავ დარბაზში გადაჭედილი ტრიბუნების წინ ორთაბრძოლების გასამართავად.

- სამი ტურის შემდეგ ჯგუფში ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჩვენ ჯგუფში ფავორიტი საქართველოა. მერე, ალბათ, ბოსნიას დავაყენებდი. რაც შეეხება რუმინეთსა და ჰოლანდიას, ისინიც უბრძოლველად არაფერს დათმობენ. ასე რომ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ჯაფა იქნება საჭირო.

- თქვენ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნეთ სპორტის სასახლეში შექმნილი ატმოსფერო. დღევანდელ წაგებაზე ამანაც ხომ არ იქონია ზეგავლენა?
- უცილობლად. ის ბიჭი, ვინც ბოლო ორი ჯარიმა გააფუჭა, ორი წლის წინათ ლატვიის ლიგაშიც არ გამოდიოდა. როგორც მასზე, ისე ნაკრების ზოგიერთ წევრზეც მოახდინა 10-ათასიანმა გადაჭედილმა ტრიბუნებმა ზეგავლენა. ამგვარ ატმოსფეროში მათ უწინ არასდროს უთამაშიათ.

ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს გულშემატკივრების გამარჯვებაც იყო.

- ძალიან გვიან ხომ არ მიმართეთ პრესინგს?
- რადგან წავაგეთ, გამოდის, რომ დავაგვიანეთ.

- თქვენ საქართველოში ყოფნის დროსაც გქონდათ მსაჯების მიმართ პრეტენზიები. ამ მხრივ დღევანდელი მატჩიც არ ყოფილა გამონაკლისი.
- (ეცინება), არავითარი პრეტენზიები, ეს ჩვენი მუშაობის ნაწილია, რათა გარკვეული ზეგავლენა მოვახდინოთ არბიტრებზე. უამისოდ შოუს ხიბლი დაეკარგებოდა. ვფიქრობ, ამაში ქართველი კოლეგაც დამეთანხმება...

ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭკვიანი კაცია და როგორც ჩანს კარგი ადამიანიც, სისულეებისთვის არ მიუმართავს რომ მარცხი გაემართლებინა
nukri
14:21 25-08-2012
0
ვისუვებდი ჩვენც ამაზე მეტი დიპლომატი და ტაქტიკოსი მწვრთნელი გვყოლოდეს
gaiozi
22:52 25-08-2012
0

სიახლეები პოპულარული