ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრებს ჰოლანდიასთან მატჩში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ სანიკიძე ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ციკლის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მისი უთამაშებლობის მიზეზი ტრავმაა, რომელიც სანიკიძემ 3 დღის წინ, ლატვიასთან მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, მეტოქეზე დაფარების დროს მიიღო. ვიქტორს მარჯვენა მხარი აწუხებს და ტკივილების გამო ჰოლანდიელებთან მატჩში მოედანზე ვერ გავა.

- სამწუხაროა, რომ სანიკიძე ჰოლანდიასთან ვერ დაგვეხმარება. მას მხარი აწუხებს და ექიმების გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს - გვითხრა ნაკრების მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, რომელსაც ჰოლანდიაში დავუკავშირდით.

- რამდენად სერიოზული ტრავმაა და მომავალ მატჩებში თუ
ითამაშებს?
- სერიოზულია, რადგანაც დღევანდელ მატჩში ვერ გვეხმარება, თუმცა ვფიქრობთ, რომ სანიკიძე მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მას მხარი გუშინდელზე უკეთ აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ტკივილები გაუვლის. ნაკრების ექიმები ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ.

- სხვა მხრივ, გუნდში როგორი განწყობაა?
- ყველაფერი ნორმალურადაა, ბიჭებმა დილას ივარჯიშეს, ახლა კი სასტუმროში ისვენებენ, რომ საღამოს ჰოლანდიელებს დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევროპის 2013 წლის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო.

ნაკრებებს შორის მატჩი თბილისის დროით 21:30 სთ-ზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია VS საქართველო - მეოთხეც უნდა მოვიგოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული