ვის უნახავს იგორ კოკოშკოვი წუთშესვენებებს?

AutoSharing Option
მუდმივი არაფერია და მოგებათა სერია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც შეწყვიტა, ოღონდ - მაინცდამაინც ჯგუფის აუტსაიდერ ჰოლანდიასთან.

ლატვიასთან მოგების შემდეგ გიორგი ცინცაძემ მითხრა: ჰოლანდიაში ურთულესი მატჩი გველის. მართალია, მათი ნაკრები აუტსაიდერია, მაგრამ შეეცდებიან, საკუთარ მოედანზე ერთი შეხვედრა მაინც მოიგონ და თავდაუზოგავად იბრძოლებენო.

ასეც იყო: მასპინძლებმა იბრძოლეს, სამქულიანებით "დაგვბომბეს" და ის "ერთი" შეხვედრა მაინცდამაინც საქართველოსთან მოიგეს. ჩვენ კი... არც ისე დიდი სხვაობით, მაგრამ პირველ ნახევარში სულ წინ ვიყავით. თუმცა, მერე ყველაფერი შეიცვალა... მეორე ნახევარში ჰოლანდიამ მოუმატა. ჩვენც ვუმატეთ, ოღონდ - შეცდომებს.

გადაღლილობა, ტექნიკური
წუნი, შეუთანხმებელი მოქმედება, მეტოქის შეუფასებლობა, მწვრთნელის შეცდომები და ვიქტორ სანიკიძის არყოფნა - საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ წაგვეგო.

წაგვეგო თუნდაც აუტსაიდერ ჰოლანდიასთან, რომლის კალათბურთელებსაც საქართველოსთან გამარჯვება არათუ მატჩამდე, მგონი, საფინალო სირენის შემდეგაც არ სჯეროდათ...

საქართველოს ნაკრებმა პირველი წრის წაუგებლად ჩამთავრების შანსი დაკარგა და ახლა, ბოსნიასთან ერთად, პირველ-მეორე ადგილს იყოფს.

მარცხის უმთავრესი მიზეზი გადაღლილობაა: 24 აგვისტოს ლატვიას მომქანცველ და დრამატულ ბრძოლაში მოვუგეთ, 27-ში კი უკვე ჰოლანდიაში ვითამაშეთ. თანაც, ეროვნულმა გუნდმა ალმერეში არა ჩარტერული რეისით (ნუთუ მაშინ მაინც არ შეიძლება თვითმფრინავის დაქირავება, როდესაც უმნიშვნელოვანეს მატჩებს შორის ასეთი ხანმოკლე შუალედია?!), არამედ შემოვლითი გზებით ჩააღწია.

კოკოშკოვის ხელში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, ძირითადად, მხოლოდ 7-8 კალათბურთელს ეძლევა და ათი დღის განმავლობაში ჩატარებულ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ქართველებს დაღლა აშკარად დაეტყოთ. ეს მოსალოდნელიც იყო და ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დავწერეთ, სერბმა მწვრთნელმა სანაკრებო შეკრების მიღმა რომ დატოვა ვლადიმირ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი გამყრელიძე.

და როცა მეოთხე მატჩში ასე გვიჭირს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა შეიძლება მოხდეს მეშვიდე შეხვედრაში...

კალათბურთი გუნდური სპორტია. ჩვენი ნაკრებიც, ისე, როგორც არასდროს, გუნდურ კალათბურთს თამაშობს და ამაზე სასტარტო ხუთეულის მოთამაშეების მიერ თითქმის თანაბრად მოპოვებული ქულებიც მეტყველებს, მაგრამ რაც უნდა მაღალი კლასის იყოს, კალათბურთელს დასვენება სჭირდება.

ზემოთ აღნიშნულ სამეულზე კოკოშკოვმა ნაკრებში დაწყებული "გაახალგაზრდავების პროცესის" საბაბით თქვა უარი, მაგრამ რეალურად რას ვხედავთ? "ვეტერანებზე" უარი ვთქვით, ახალგაზრდები კი "გამოცდილებას" სათადარიგო სკამიდან იღებენ და ძირითადი დატვირთვა ისევ 6-7 მოთამაშეზე გადადის.

ზედიზედ მესამე მატჩია, თამაშის მიწურულს სოლიდურ უპირატესობას ვანიავებთ. ბოსნიასა და ლატვიასთან იღბალი ქართველების მხარეს იყო; აი, ჰოლანდიასთან კი აღარ გაგვიმართლა და იქნებ ეს წაგება გამოსაფხიზლებლად კარგიც იყოს...

სხვა რაღა უნდა ითქვას? ცუდად არცერთ ქართველს უთამაშია და მოპოვებული ქულებიც შვიდ კალათბურთელზე გადანაწილდა: ფაჩულია (23 ქულა, 9 მოხსნა), შენგელია (20 ქ, 9 მ), პულენი (16 ქ), მარკოიშვილი (15 ქ), ცინცაძე (9 ქ), ფაცაცია (3 ქ), შერმადინი (2 ქ). თუმცა აღმავლობით მოთამაშე მასპინძელთა დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

წინა მატჩის მსგავსად, ბევრი შეცდომა დაუშვა ჯეიკობ პულენმაც. თუმცა, თუ ლატვიასთან მატჩში ნატურალიზებულმა ამერიკელმა­ ყველა "ცოდვა" ბოლო წამზე ჩაგდებული მოგების მომტანი სამქულიანით "ჩამოირეცხა", ამჯერად ვეღარ შეძლო "ჯოკრის" როლის შესრულება.

აშკარაა, რომ პულენი მაღალი დონის შემსრულებელი და სასარგებლო მოთამაშეა, მაგრამ ხშირად ზედმეტს იღებს თავზე და არაზუსტ გადაცემებსაც მოუხშირა...

P.S. იგორ კოკოშკოვი ქართ­ველი ჟურნალისტებისთვის ვერასდროს რომ ვერ "იცლის", ცნობი­ლი ამბავია. ილაპარაკოს თუ არა ჟურნალისტებთან, ეს მხოლოდ მწვრთნელის საქმეა, მაგრამ ის კი მართლაც გასაკვირია, ვის უნა­ხავს­ ხოლმე სერბი სპეციალისტი წუთშესვენებებს?

რა საჭიროა "ტაიმ-აუტი", თუ მაშინ არ გამოიყენე, როცა ხედავ - მეტოქეს ყველაფერი გამოსდის, შენი შეგირდები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ანგარიშში უპირატესობაც შარშანდელი თოვლივით "დნება"?!

ტაქტიკურის გარდა, წუთშესვენებას ხომ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს - აღმავლობით მოთამაშე მეტოქე დააშოშმინო, გადაღლილ კალათბურთელებს კი ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცე...

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, რუმინეთში ჩაატარებს და იმედია, ამ წაგებიდან შესაბამის დასკვნას ყველა გამოიტანს.

რა საჭიროა წუთშესვენება? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი: სამი მოგება და ერთი მარცხი მისაღები შედეგია
საქართველოს ნაკრები ოთხი ურთულესი ბრძოლის წინ
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
მკითხველის კომენტარები / 5 /
გუნდი მაგის წუთშესვენების მერე უარესად თამაშობს, ჯობია არც აიღოს.
BOOO
18:08 29-08-2012
0
კოკოშკოვი იყო ზუსტად ის კაცი, ვინც გუნდად გვაქცია და ამხელა ამბიციები გაგვიჩინა თორე მანამდე ლუქსემბურგი გვიგებდა, ასე რომ ნუ ხართ დაუნახავები!
შაკო
22:34 29-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული