რატომ ვაგებთ მეოთხე პერიოდში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე ტურიდან, 18 აგვისტოდან ჩაერთო.

მანამდე, 15-ში, ბოსნია ლატვიას დაუპირისპირდა, ხოლო რუმინეთი - ჰოლანდიას. ვლახებმა ნიდერლანდელები "გალახეს" და დაგვანახეს, რომ ჰოლანდია ჯგუფის აუტსაიდერია.

ბოსნიის ნაკრებმა კი ლატვია დაამარცხა - 87:84. ამ მატჩში, ბოსნიელებმა, ფაქტობრივად, 6 კალათბურთელით ითამაშეს (მეშვიდემ მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა).

ეს გარემოება ბოსნიელებთან ურთერთშეხვედრებში ოპტიმისტურად განგვაწყობდა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ 6 კალათბურთელი მატჩის პირველი წუთებიდან ბოლომდე ერთნაირი ენერგიით ვერ ითამაშებს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ რთულ შეჯიბრებას, როგორიცაა ევრობასკეტის
შესარჩევი ტურნირი - გუნდებს 3 დღეში ერთხელ უწევთ თამაში.

ბოსნიასთან მატჩისას ლატვიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ ამოვიკითხეთ გვარები: ბლუმსი, ვალტერსი, შჩელე, ბიედრინსი... ოთხივე კალათბურთელი უმაღლესი დონის ოსტატია, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო გუნდს არ (ან ვერ) ეხმარება.

მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს ახალგაზრდული შემადგენლობა შერჩა. თავად ლატვიელმა სპეციალისტმაც აღნიშნა - საქართველოს ნაკრებთან შედარებით ძალიან გამოუცდელები ვართო.

ქართველები შეჯიბრებაში მეორე ტურიდან ჩაებნენ და გამოააშკარავეს, რომ კლასით რუმინეთზე გაცილებით მაღლა დგანან.

მოკლედ, შესარჩევი ეტაპის დასაწყისში ოპტიმიზმით ავივსეთ. რუმინეთთან სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

მათ სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარა ჯეიკობ პულენი, ხოლო მცირე ტრავმის მოშუშების შემდეგ მომდევნო შეხვედრაში დაემატა ზაზა ფაჩულია. ასეთ შვიდ კალათბურთელს ევროპის არაერთი ნაკრების მწვრთნელი ინატრებდა.

სამი მატჩის ერთი სცენარი
ბოსნიასთან პირველ პერიოდში ჩვენი კალათბურთელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ესპანეთი-ლუქსემბურგის მატჩი ყოფილიყო - მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. მაგრამ დაიწყო მეორე პერიოდი და პრობლემებმაც თავი იჩინა: ტელეტოვიჩმა, მასიჩმა და დედოვიჩმა ჩვენი კალათისკენ სავალი გზა იპოვეს, რომელიც სამქულიანებზე გადიოდა.

მეორე ტაიმში ბოსნიელებმა 20-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს... თუმცა მოვიგეთ.

ლატვიასთანაც იგივე განმეორდა: უმთავრესად, პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით ბალტიისპირელებმა მეოთხე პერიოდში 12:0 გაქცევა მოაწყვეს და სირენამდე 8 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს (76:76).

საქართველოს ნაკრებმა ბოლო მომენტში ლატვიელთა პრესინგს ვერ გაუძლო და ბევრი შეცდომა დაუშვა... თუმცა პულენის საოცარი სამქულიანით მოვიგეთ.

სცენარი არც აუტსაიდერ ჰოლანდიასთან შეცვლილა: ბოლოს არაერთი სამქულიანი მივიღეთ და ამჯერად ვეღარ დავწერთ - თუმცა მოვიგეთო. მესამე შემთხვევაში იღბალმა მეტოქის მხარე დაიჭირა.

დაღმასვლა
ჩნდება კითხვა, რა არის მეოთხე პერიოდის წაგების მიზეზი? ნაკრებზე გული რომ შეგვტკივა, ამიტომაც ვსვამთ ამ კითხვას, რომ მომდევნო ოთხი მატჩისთვის მაინც ვეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას.

პასუხი მარტივია: ხუთეულს, რომელიც თამაშებს ამთავრებდა, მეტოქესთან შედარებით ნაკლები ენერგია ჰქონდა. ეს თავად კალათბურთელებმაც თქვეს და პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა იგორ კოკოშკოვმაც აღნიშნა.

მწვრთნელმა ამიტომაც დაამატა: ვეცდებით, მომდევნო შეხვედრებისთვის საბრძოლო ხუთეულის ენერგია ბოლო წუთებისთვის შემოვინახოთო.

ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვანთ: ლატვიის ნაკრებში კალათბურთელები ყოველი თვალის დახამხამებისას იცვლებოდნენ.

ამიტომაც დარჩათ მათ ძალა ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მჭიდრო პრესინგისათვის.

ჩვენს გუნდს ასეთი ტიპის დაცვის გარღვევა კარგად ეხერხება, მაგრამ ამჯერად ძალა არ ეყო.

როგორც იგორ კოკოშკოვმა თქვა, გუნდი ისეთ კონდიციებში არ არის, როგორიც მას სურს. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ შემადგენლობა საწვრთნელი პროცესისას თავიდანვე სრულად ვერ შეიკრიბა.

ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა: თუ ხედავდა, რომ კალათბურთელები სათანადო კონდიციებში არ არიან, რატომ ტვირთავდა მხოლოდ 7 კალათბურთელს? ხომ შეიძლებოდა, მეორე წრეს არ დალოდებოდა და პირველშივე გამოეზოგა სასტარტოები?

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დასვენებული ფაჩულია, მარკოიშვილი, შენგელია და ცინცაძე ათჯერ რომ შეხვდნენ, ათჯერვე მოუგებენ ჰოლანდიელ აკერბუმს, სლაგთერს, ნილსენსა და ელსონს. შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია ჰოლანდიის გასწვრივ 91 ეწეროს, ხოლო საქართველოს გასწვრივ - 88.

სათადარიგოთაგან, შერმადინისა და პულენის გარდა, ყველა ძალიან ცოტას თამაშობს. ანატოლი ბოისას 4 მატჩში საშუალოდ 6.3 წუთი აქვს, ბესიკ ლეჟავას 1 მატჩში 8 წუთი, ლევან ფაცაციას 2 მატჩში 6 წუთი, ხოლო ნიკა მეტრეველს 2 მატჩში 5 წუთი.

გუნდში რომ ყოფილიყვნენ ნიკა ცქიტიშვილი, ლაშა გამყრელიძე და ვლადიმერ ბოისა, ნუთუ ისინიც 5-5 წუთს ითამაშებდნენ? მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა კი თქვა - მათ სათამაშო დრო არ ექნებოდათო. არც ჰოლანდიასთან? უბრალოდ, წარმოვიდგინოთ: გამთამაშებელ ცინცაძეს დასვენება რომ სჭირდება, მის ნაცვლად მოედანზე ლაშა გამყრელიძე შედის; მანუჩარ მარკოიშვილს ჯეიკობ პულენი ცვლის (თუმცა თავიდან ითქვა, თითქოს სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლად ამერიკელი უნდა ყოფილიყო, ხოლო მის შემცვლელად ცინცაძე).

პულენი თავიდან მართლაც პლეიმეიქერად ჩამოიყვანეს. ამ პოზიციაზე ახლაც ირჯება, მაგრამ უმეტესად მეორე ნომერია. ისიც ითქვა, ვიქტორ სანიკიძე მძიმე ფორვარდად ითამაშებსო, მაგრამ იგი მესამე ნომერია.

რა მნიშვნელობა აქვს, კლუბში რომელ პოზიციაზეა, მთავარია, რომ ვიქტორს საქართველოს ნაკრებში მსუბუქ ფორვარდად უამრავი მატჩი აქვს ეფექტურად ჩატარებული.

თუ მაინცდამაინც ისე გვინდა, როგორც კლუბშია, მაშინ თორნიკე შენგელია შარშანდელივით მესამე ნომრად უნდა იყოს, რადგან მას ამერიკულ კემპზე "ბრუკლინის" მწვრთნელები მსუბუქ ფორვარდად ათამაშებდნენ და მომავალ სეზონშიც ამ პოზიციაზე უპირებენ გამწესებას.

შენგელიას მეტი დრო უნდა მივცეთო, ამბობენ მწვრთნელები. ამას ყველა მიესალმება, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში იგი ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშობდა; შემდეგ ტრევიზოს კემპზე იასპარეზა; ამას მოჰყვა ორლანდოს საზაფხულო ლიგა.

მოკლედ, თორნიკე მთელი ზაფხული სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, რათა ამერიკული გუნდის ხელმძღვანელობისთვის თავი მოეწონებინა.

ასეთი ზაფხულის ფონზე ხომ შეიძლებოდა, მას ცქიტიშვილი ან ბოისა 15-15 წუთით დახმარებოდნენ? ითქვა, თითქოს ეს კალათბურთელები მცირე სათამაშო დროზე ყაბულს არ იყვნენო.

მწვრთნელებს წინასწარ ეთქვათ, ვთქვათ, 10 წუთზე მეტს ვერ ითამაშებთო, იქნებ... მაგრამ აკი თქვა იგორ კოკოშკოვმა, მათ თამაში, ფაქტობრივად, არ მოუწევდათო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანიკიძესა და შენგელიას თავისი ამპლუის შემცვლელი არ შერჩათ. მაშინ, როცა ასეთ რთულ შეჯიბრებაში სამ დღეში ერთხელ თამაშობ, ყოველთვის მოსალოდნელია ჩავარდნები.

ერთი მატჩი შეიძლება ერთმა ითამაშოს კარგად, მეორე - მეორემ. ამიტომ მაღალი მიზნების გუნდი 10 კალათბურთელით უნდა ირჯებოდეს და არა ექვსი-შვიდით.

პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა არგამოძახებულ კალათბურთელებთან დაკავშირებით ერთი ფრაზა გააჟღერა: გუნდი წარმატებული მაშინ კი არ არის, როცა 12 საუკეთესოა თავმოყრილი, არამედ მაშინ, როცა 12 კალათბურთელი ერთმანეთს სათანადოდ ავსებსო. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენები კალათბურთელები ნაკრებში წყალს ამღვრევდნენ? თუ ასეა, მაშინ საჯაროდ უნდა ითქვას და ტაქტიკურ მოსაზრებებზე არ უნდა მიდიოდეს მსჯელობა.

გამოცდილება
შარშან ითქვა - მარკიზ ჰეინსი ნაკრებში რომ ჩამოვიყვანეთ, ევროპაში ერთ წლის თამაშის გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც ვერ დაგვეხმარა სათანადოდო. ამ ზაფხულს იგივე განმეორდა, ჩამოვიყვანეთ ევროპაში ერთი წლის გადმოსული კორი ფიშერი, თუმცა მალე მასზე უკეთესიც მოვძებნეთ - ჯეიკობ პულენი, რომელიც შარშან იტალიის ჩემპიონატში გამოდიოდა.

საქართველოს ნაკრებს უცხოელი იმიტომ უნდა, რომ გადამწყვეტ მომენტში დაეხმაროს. ამისთვის კი სათანადო გამოცდილებაა საჭირო. პულენმა რუმინეთთანა და ბოსნიასთან მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ლატვიასთანა და ჰოლანდიასთან ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამის მიზეზი, იცით, რა არის? - ისევ და ისევ ახალგაზრდული ასაკი. იგი 23 წლისაა, ზემოთ ნახსენებ შვიდეულში მხოლოდ შენგელიაზე უფროსია. უბრალოდ, იმის თქმა გვინდა, რომ ნაკრებისთვის 30 წელს მიტანებული ევროპაში გამობრძმედილი ამერიკელი სჯობდა, თორემ ბებერ კონტინენტზე მოასპარეზე 23 წლის ამერიკელთა შორის პულენი შესაძლოა საუკეთესო არჩევანიც იყოს.

დაბოლოს
თავად იგორ კოკოშკოვის სიტყვებს მოვიხმობთ, რომელიც მან 2011 წლის დეკემბერში ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებისას თქვა:

- საქართველოს ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა. კარგად ვიცი, რომ ამაზე უარესი შედეგი 2013 წლის ევრობასკეტზე ქართველ გულშემატკივარს არ დააკმაყოფილებს.

დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი გუნდი 2011 წელთან შედარებით უკეთესად (ხარისხი იგულისხმება) ვერ თამაშობს. იმედი დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ეტაპის მეორე წრეს გაცილებით კარგ ხასიათზე დავასრულებთ. საამისო რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი: სამი მოგება და ერთი მარცხი მისაღები შედეგია
ვის უნახავს იგორ კოკოშკოვი წუთშესვენებებს?
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
ევრობასკეტი 2013: კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
პილპილი სიტკვებიტ-რას მოგვიტანს?კარგზე დავიმუხტოტ.უდროო იკო კრიტიკა და ტავის გაპიარება,როცა 3 მოვიგეტ.
aia.
09:10 31-08-2012
0
ზალიან სუსტი სტატიაა,,, ესეთ არაპროფესიონალურ გამოხტომას (სტატიას ამას ვერ დავარქმევ) რო უპირისპირებთ მწვრთნელს რომლის გუნდიც მისი მწვრთნელად გახდმოისას ბ დივიზიონს ვერ გასცდა და მისი მწვრთნელობისას ევროპაზე 12 გუნდში მოხვდა და ეხლაც ევროპაზე მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია ცოტა უხერხულია...

თორნიკეს გარდა ხო იგივე კალათბურთელები ყავდათ იგივე შილდისს და სხვებს? მერე რა მოხდა???
anton
07:52 31-08-2012
0

სიახლეები პოპულარული