უკვე გაუწყეთ, რომ D ჯგუფში ლატვიამ შინ ბოსნიას იოლად სძლია 80:64, ხოლო ჰოლანდიამ რუმინეთი დაამარცხა - 80:74 და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ხუთი ტურის შემდეგ 8-8 ქულით გათამაშების ცხრილს ლატვია (414-353) და ბოსნია (437-428) ჩაუდგნენ სათავეში, თუმცა პოტენციურ ლიდერად მაინც 7 ქულით (343-326) საქართველოს ნაკრები რჩება.
ის მეორე წრის პირველ ტურში ისვენებდა, ამდენად, ერთი მატჩი მარაგში აქვს. 2 სექტემბერს ჩვენი ბიჭები სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდებიან.
როგორ მოემზადნენ კარპატელებთან განმეორებითი პასუხსაგები მატჩისთვის, ამის
კოტე ტუღუში, ნაკრების მწვრთნელი:
- ჰოლანდიასთან წაგებული მატჩი უნდა დავივიწყოთ, თუმცა იმ მარცხისგან სათანადო დასკვნები გავაკეთეთ.
ორი დღეა, გუნდი მთელი შემადგენლობითა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მზად ვართ, რუმინეთს შემართებით ვეთამაშოთ, ამიტომ ყოველმხრივ ვეცდებით ბუქარესტიდან გამარჯვებულები დავბრუნდეთ და მომდევნო საშინაო მატჩისთვის აუღელვებლად მოვემზადოთ.
მეორე წრის პირველ ტურში ლატვიის წარმატებამ ჩვენს ჯგუფში სიტუაცია გაამძაფრა. ასე რომ, თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- ჩვენი გუნდის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ველოდით, რომ პირველი წრის შემდეგ ის გუნდი გამოიკვეთებოდა, რომელიც ჯგუფიდან უეჭველი გავიდოდა. ახლა კი, თავად მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაცაა.
დღევანდელი გადასახედიდან, საგანგაშო არაფერი გვაქვს, ოღონდ, როგორც გითხარით, რუმინეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ბოსნიასთან მატჩიც სასურველი შედეგით დავასრულოთ, რაც ჩვენს ძალებს ნამდვილად არ აღემატება. მერე კი ლატვიაზე ვიფიქროთ.
საბედნიეროდ, დღეს ყველა კალათბურთელი მწყობრშია, მათ შორის - სანიკიძე, რომელიც ჰოლანდიაში ძალიან დაგვაკლდა. რუმინელებთან სასტარტოში იქნება.
- ტაქტიკურ ცვლილებებს თუ გეგმავთ?
- აუცილებლად. იმის მიუხედავად, რომ პირველი მატჩი კარპატელებს შინ 16 ქულით მოვუგეთ, განმეორებით შეხვედრაში განსხვავებულად უნდა ვითამაშოთ.
რუმინელები, ალბათ, სხვა გუნდების მსგავსად, ზონურ დაცვას დაგვიპირისპირებენ. თუ ასე მოხდა, მასპინძლებისთვის სიურპრიზი გვაქვს მომზადებული.
ოპტიმიზმითა და სრული შემადგენლობით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთთან აუცილებლად ვითამაშებ და საგზურასც მოვიპოვებთ!
გიორგი შერმადინი: ვეცდებით, ფინალური ეტაპისკენაც ნაბიჯი გადავდგათ
თორნიკე შენგელია: ძნელი ბრძოლა გველის
ზაზა ფაჩულია: ჰოლანდიაში წაგებამ უფრო შეგვკრა და გაგვაძლიერა