საქართველოს ნაკრებმა კი ორით გადააჭარბა: ისტორიაში 89-ე ოფიციალურ მატჩში 91 ქულა ჩააგდო (იხილეთ ვიდეო).
78:65
რუმინეთს მეორედაც ვძლიეთ - ამჯერად მისსავე მოედანზე, თანაც თბილისურ მატჩთან შედარებით, მეტი უპირატესობით. როგორც ჩანს, პირველი მატჩისა და საერთოდ, პირველი წრის შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ.
ვიდრე შეხვედრის საინტერესო დეტალებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, მოგების მთავარ მიზეზს გეტყვით: ყველას კარგად მოეხსენება,
აკი თქვა ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა: მეორე წრეში ვეცდებით, დამრტყმელი ძალა ბოლო მეოთხედისთვის შემოვინახოთო. მწვრთნელმა ეს კარგად მოახერხა და მეოთხე რაუნდში გიორგი ცინცაძემ, ჯეიკობ პულენმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და თორნიკე შენგელიამ 9:43 წუთი შეუცვლელად ითამაშეს.
ამის მიუხედავად, ისინი გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ, ვიდრე რუმინელები, რომლებსაც ჩვენებმა გადამწყვეტ მომენტში პერიმეტრი ისევე გადაუკეტეს, როგორც სამწამიანი ზონის მისადგომი.
საპირისპირო ფართან კი ქართველთა გუნდი აღმოსავლეთის ქარივით დაჰქროდა. ზემოთ ჩამოთვლილმა ხუთმა კალათბურთელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო კვლავაც ინდივიდუალისტებით გამორჩეული ქვეყანაა.
მეოთხე რაუნდის საწყის 3 წუთში ჩვენმა გუნდმა ქულა ვერ ჩააგდო, რუმინეთმა კი სამქულიანების წყალობით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
ქართველებს თამაშის დასამშვიდებლად და პერიმეტრის გადასაკეტად წუთშესვენება არ დასჭირვებიათ.
გიორგი ცინცაძე კარგად გრძნობდა, როდის რა უნდა გაეკეთებინა, თამაში საკუთარ თავზე აიღო და ზედიზედ ორი შეტევა ზუსტად დაასრულა. მესამედაც შევიდა, პერიმეტრზე ვიქტორ სანიკიძეს უპასა და საქართველოს ნაკრები 7:0 გაიქცა.
რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს არც წუთშესვენებამ უშველა. სპურტისას მეცხრე ქულა ჩვენს ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილმა დრიბლინგით მოუტანა და სირენამდე 5 წუთით ადრე თანაგუნდელები 78:65 დააწინაურა.
ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. მას მერე ქართველები მშვიდად ათამაშებდნენ ბურთს და შეტევისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ხან სანიკიძე შეიჭრებოდა ჩასატენად, ხან - შენგელია.
ჯეიკობ პულენი კი არაერთხელ შეაჩერეს წესების დარღვევით და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი იყო.
მეოთხე პერიოდი ამჯერად საქართველოს ნაკრებმა მოიგო - 22:15.
46:18
ბოლო მეოთხედზე მსჯელობისას რამდენიმე თემა წამოიჭრა, რომლებზეც ყურადღებას ქვემოთ გავამახვილებთ.
ხუთი კალათბურთელი რომ ჩამოგითვალეთ, ყურადღებას მიაქცევდით, რომ საქართველოს ნაკრებმა ნომინალური ცენტრის გარეშე ითამაშა. ერთი მიზეზი ის იყო, რომ რუმინელების მწვრთნელი ტანდაბალი ხუთეულით თამაშობდა და სამქულიანს სამქულიანზე ესროდა.
მეორე მიზეზი პირველთან გადაჯაჭვული იყო - რადგან მეტოქე აქცენტს ფარქვეშ თამაშზე არ აკეთებდა, ქართველი ფორვარდებიც სამწამიან ზონაში დომინირებდნენ.
ფარქვეშიდან 46 ქულა მოაგროვეს, მაშინ, როცა ამ ადგილიდან რუმინეთმა მხოლოდ 18 ქულა მიითვალა. მასპინძლებს მოხსნებშიც ვაჯობეთ - 33:30.
მთავარი, რის გამოც ჩვენმა გუნდმა ბოლოს ცენტრის გარეშე იასპარეზა, კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას არყოფნა იყო, რომელიც მწვრთნელმა განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ თამაშში არ ჩაურთავს. როგორც რუმინეთიდან გვითხრეს, ზაზას უთამაშებლობის მიზეზი იმ კუნთის ტრავმაა, რის გამოც სეზონის გახსნითი მატჩი გამოტოვა.
სასტარტო ხუთეულში ზაზას ადგილი გიორგი შერმადინმა დაიკავა და კარგადაც დაიწყო. მან სულ 14 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც იშრომა. თუმცა, 14-დან 12 წუთი პირველ ტაიმზე მოდის.
13
მეოთხე პერიოდის დასაწყისში რუმინელებმა ორი სამქულიანით სხვაობა ოთხამდე შეამცირესო, დავწერეთ. ცალკე საუბრის თემაა პერიმეტრზე თამაში.
რუმინეთმა 13 სამქულიანი ჩააგდო. ამით ყველაფერია ნათქვამი - მეტი ყურადღება გვჭირდება, თუმცა ბოსნიასთან მატჩისგან განსხვავებით, ჩვენს მეტოქეს ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდა. ასეთი ერთფეროვნება კი ყოველთვის წაგებისთვისაა განწირული.
ჩვენმა ნაკრებმა 8 სამქულიანი გამოიყენა, რაც ურიგო შედეგი არ არის. ჰოლანდიასთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, უნდა აღინიშნოს, რომ პერიმეტრზე თამაში ქართველებმა დაასტაბილურეს: ორი კალათბურთელი მინიმუმ სამ სამქულიანს აგდებს. მარკოიშვილმა 7-დან 3 შორეული ტყორცნა გამოიყვანა, ხოლო პულენს ამდენივეს ჩასაგდებად 6 ტყორცნა ეყო.
4
იყო შემთხვევები, როცა ერთდროულად 2-3 სათადარიგო თამაშობდა. ასეთ დროს ისინი მეტად თამამები იყვნენ და ვერ ვიტყვით, რომ მათი მოედანზე ყოფნისას მეტოქემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
ნიკა მეტრეველმა 9 წუთში 4 ქულა ჩააგდო და დაგვანახა, რომ მეტი გამოცდილების შემთხვევაში კიდევ მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ერთ მონაკვეთში გამთამაშებლად ირჯებოდა ბესიკ ლეჟავა, ხოლო ანატოლი ბოისა და ლევან ფაცაცია მწვრთნელმა მსროლელების პოზიციაზე გაამწესა და პერიმეტრზე მეტოქეთა მოძალების შეკავება დაავალა. მათი დახმარება სასტარტოებს, სავარაუდოდ, ბოსნიასთან მატჩშიც დასჭირდებათ.
5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი მატჩია - შინ, ბოსნიასთან გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მეორე ადგილსაც გავინაღდებთ და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც შევწვდებით.
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი
რუმინეთი-საქართველო 74:91
21-24,18:23,20-22,15:22
რუმინეთი: რარეს მანდაჩე (22ქ, 2მ, 4პ), მიჰალ-ოქტავიან პაული (14ქ, 1მ, 4პ), იონუტ დრაგუსინი (3ქ, 2მ), დრაგუშ ანდრეი (11ქ, 2მ),) ვლად მოლდოვეანუ (7ქ, 4მ, 3პ), კატალინ ბაჩიუ (3ქ, 4მ), ტიტუს ნიკოარა (10ქ, 11მ, 4პ), მიჰაი სილვაშანი (4ქ, 1მ, 3პ).
მთავარი მწვრთნელი: მლადენ ოსტოიცი
საქართველო: ანატოლი ბოისა (2 მ), გიორგი ცინცაძე (12ქ, 4მ, 8პ), გიორგი შერმადინი (6ქ, 5მ, 1პ), მანუჩარ მარკოიშვილი (17ქ, 2მ, 1პ), ლევან ფაცაცია (1მ), ვიქტორ სანიკიძე (13ქ, 6მ, 2პ), ნიკა მეტრეველი (4ქ, 2მ), თორნიკე შენგელია (23ქ, 10მ, 1პ), ბესიკ ლეჟავა, ჯეიკობ პულენი (16ქ, 1მ, 3პ).
მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
მსაჯები: მეჰმეთ კეზერატარი (თურქეთი), სეფი სემეში (ისრაელი), ნიკოლაოს სომოსი (საბერძნეთი)
ბოსნია-ჰოლანდია 99:83
28-14, 21-22, 15-32, 35-15
ბოსნია: ალიბეგოვიჩი (2ქ), მასიჩი (2ქ), ნურკიჩი (4ქ), ვრაბაჩი, რაითი (24ქ, 9მ, 9პ, 5ჩ), ბუზა, მიტროვიჩი, კიკანოვიჩი (20ქ, 10მ), ტელეტოვიჩი (36ქ), პერსიჩი (6ქ), დედოვიჩი (5ქ), სინანოვიჩი.
ჰოლანდია: იანსენი (13ქ, 8პ), უილიამსი, დე იონგი (4ქ), ჰულზებოსი, ტეეუვკენსი (5ქ), სმუელდერსი (21ქ, 15მ), აკერბუმი (9ქ), ელსონი (2ქ), ნორელი (20ქ, 8მ), კანინგემი (3ქ), სლაგთერი (6ქ).
ა | გუნდი | თ | მ | წ |
სხვაობა | ქ |
1. | ბოსნია | 6 | 4 | 2 | 536-511 | 10 |
2. | საქართველო | 5 | 4 | 1 | 434-400 | 9 |
3. | ლატვია | 5 | 3 | 2 | 414-353 | 8 |
4. | ჰოლანდია | 6 | 2 | 4 | 497-543 | 8 |
5. | რუმინეთი | 6 | 1 | 5 | 434-508 | 7 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა