არ გამართლდა პესიმისტური პროგნოზი და თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის გუნდში პირველი წუთებიდან გამოჩნდა ზაზა ფაჩულია.
მატჩის საწყისი წუთები სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედის თავის სასარგებლოდ ჩამთავრებაც შეძლეს - 20:16.
მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს მობილიზება. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობის აღმოფხვრა და ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს
ამის პასუხად სტუმრებმა მხოლოდ 2 ქულის მოპოვებაღა შეძლეს და დიდ შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 43:40 გავიდნენ, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმი ბოსნიელებმა კვლავ უფრო აქტიურად დაიწყეს და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მესამე მეოთხედს თავის სასარგებლოდაც ჩაამთავრებდნენ, თუმცა ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯეიკობ პულენმა იყოჩაღა და ზედიზედ ორჯერ მოპარა შეტევაში მყოფ მეტოქეს ბურთი - 74:72 ბოლო მეოთხედის წინ.
როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა შეხვედრის ბოლო მეოთხედი. განსაკუთრებით კი - თამაშის ბოლო წამები...
23 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილმა 3-იანი ზუსტად სტყორცნა და საქართველოს ნაკრები 103:102 დაწინაურდა. წუთშესვენებიდან დაბრუნებულმა მირზა ტელეტოვიჩმა კი ურთულეს მოძრაობაში ასევე სამქულიანი მოათავსა.
საქართველოს ნაკრების ბოლო შეტევის დაგვირგვინება საკუთარ თავზე პულენმა აიღო, რომელმაც სამიანი სტყორცნა, მაგრამ არაზუსტად...
მატჩის საბოლოო ანგარიში სტუმრებმა ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით დააფიქსირეს - 104:107.
თბილისურ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მირზა ტელეტოვიჩი იყო, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი. 23 ქულა ჩააგდო მანუჩარ მარკოიშვილმა. ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ზაზა ფაჩულია (21 ქულა, 11 მოხსნა) და ვიქტორ სანიკიძე (12 ქ, 10 მოხსნა).