საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე

AutoSharing Option
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია დავიძახოთ - ჰოპლა, ევროპა! საქართველოს ნაკრები გადაახტა ჰოლანდიას, რუმინეთს, ლატვიას და მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილია.

2011 წლის ევრობასკეტზე ჩვენმა კალათბურთელებმა საუკეთესო 12 ქვეყანას შორის "დაიდეს ბინა" და ყველას გვჯეროდა, რომ ეს კანონზომიერება იყო.

კარგად ვიცოდით, წლევანდელ შესარჩევზე იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურს აუცილებლად მოიპოვებდა, მაგრამ გასარკვევი იყო - როდის? 9 ათასი გულშემატკივარი მივიდა სპორტის სასახლეში საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებთა დაპირისპირების სანახავად (5 სექტემბერს), მოგებისა და ევრობასკეტზე მოხვედრის იმედით, მაგრამ სახალხო ზეიმი არ შედგა.

განგების ნებით, ჩვენმა გუნდმა სამი დღის შემდეგ შორეულ ლატვიაში მიაღწია მიზანს. ტელევიზიით ვადევნეთ თვალი ჩვენი კალათბურთელების ტრიუმფს, 73:70 გავიმარჯვეთ.

რადგან მატჩი უცხო ქვეყანაში იყო, სახალხო ზეიმი სამშაბათისთვის გადაიდო - მადლობის ნიშნად, ჰოლანდიასთან საშინაო შეხვედრაში სპორტის სასახლე კიდევ ერთხელ უნდა გავავსოთ და ერთად გავიხაროთ ევრობასკეტზე მოხვედრით.

მადლობა კი ნამდვილად ეკუთვნით, რადგან ლატვიაში ბრძოლით ჩვენმა გუნდმა მონატრებული გულწრფელი სიხარული გვაგრძნობინა. ერთი გულშემატკივრის სიტყვებს გავიხსენებთ: ბოსნიასთან თბილისური მატჩის შემდეგ მთელი ღამე არ მეძინაო. წარმოიდგინეთ, ასეთი ემოციური ქომაგი როგორ გაიხარებდა ლატვიაში გამარჯვებით...

თბილისში ლატვიასთან ჯეიკობ პულენის შორეული სამქულიანით მოვიგეთ. არადა, მანამდე მეჟერისმა ორი საჯარიმო ააცილა... 79:76 გამარჯვების შემდეგ წინასწარ ცხადი იყო, რომ ლატვიაში ურთულესი განმეორებითი ბრძოლა გველოდა.

შაბათს რიგაში მართლაც მძიმე თამაში გადავიტანეთ, რომლის მოგებაც უამრავ ფაქტორზე იყო დამოკიდებული.

უმთავრესად კი, საჭირო იყო მეოთხე პერიოდის კარგად ჩატარება, რაც მანამდე ლატვიელებს უკეთესად გამოსდიოდათ. ამ მიმართულებით ბალტიისპირელთა თავკაცი აინარს ბაგაცკისი პირველივე წუთებიდან მუშაობდა - შემადგენლობას ხშირად ცვლიდა, რომ მეოთხე პერიოდისთვის თითოეული კალათბურთელი საბრძოლო კონდიციებში ყოფილიყო.

ხშირ შეცვლებს ველოდით საქართველოს ნაკრების თავკაცის, იგორ კოკოშკოვისგანაც, მაგრამ მან სულ 8 კალათბურთელი ათამაშა (მათ შორის, გიორგი შერმადინი და ლევან ფაცაცია 10-10 წუთი). მაშ, რის ხარჯზე უნდა გამოეზოგა მწვრთნელს სასტარტოების ენერგია?

ამ კითხვას უშუალოდ შეხვედრამ გასცა პასუხი: თუ პირველ წრეში ქართველთა მთავარი პლუსი სწრაფი შეტევა იყო, რომლის დროსაც თორნიკე შენგელია თუ ვიქტორ სანიკიძე ბურთის მოხსნისთანავე მეტოქის ნახევარზე გადადიოდნენ და მოწინააღმდეგეს დაცვაში დალაგების საშუალებას არ აძლევდნენ, ლატვიაში ქართველთა მწვრთნელმა მაღალ ტემპზე უარი თქვა.

ეს თითქოს გასაკვირი უნდა ყოფილიყო, რადგან თუნდაც ბოსნიაში პირველი მეოთხედის 28:9 მოგების მიზეზი სწორედ სწრაფი იერიშები იყო, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა სწორად გათვალა - მაღალ ტემპში თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს და სწორედ ამის შედეგი იყო, პირველ წრეში სამჯერ რომ წავაგეთ მეოთხე ათწუთეული.

ლატვიაში კი იგორ კოკოშკოვმა დინჯი თამაში ამჯობინა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შეგირდების ძალებს გაფრთხილებოდა, მეორეც - მოძრავ, ახალგაზრდა ლატვიელების წარმატების შანსი სწორედ სირბილში გასწრება უნდა ყოფილიყო.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგორ კოკოშკოვის ჩანაფიქრმა გაამართლა - ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ სწორედ ლატვიაში მოაგროვა ყველაზე ნაკლები ქულა სწრაფი შეტევით (11). თუმცა მთავარია, რომ არც მეტოქეს მისცა ამის შანსი - ლატვიელებმა იერიშის პირველივე ფაზაში დაგვირგვინების შედეგად მხოლოდ 10 ქულა მიითვალეს.

თავისი მიზანი ჰქონდა ლატვიელთა თავკაც აინარს ბაგაცკისს, რომელსაც 2011 წლის მაგალითის გათვალისწინებით (მაშინ ზაზა ფაჩულიამ ლატვიას 42 ქულა ჩაუგდო), კარგად მოეხსენებოდა, რომ სამწამიანი ზონის გადაკეტვა მისი გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო.

პირველ მეოთხედში მისმა შეგირდებმა მითითება იდეალურად შეასრულეს - ქართველებს ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდებას არ ანებებდნენ. ერჩივნათ დაჯარიმებულიყვნენ, ვიდრე ესროლინებინათ. ამიტომ საწყის 10 წუთში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული (სულ 7 ქულა).

თუმცა ათამაშებული ზაზა ფაჩულიას შეჩერება NBA-შიც უჭირთ და რა გასაკვირია, ლატვიელებსაც რომ გაძნელებოდათ.

მიუხედავად ზაზას დამაჯერებელი თამაშისა, ლატვიელებმა, ბოსნიელებთან შედარებით, ფარქვეშ მაინც კარგად დაიცვეს თავი. თუ ბოსნიას სამწამიანი ზონიდან 56 ქულა ჩავუგდეთ, ლატვიას ამ ადგილიდან მხოლოდ 24 ქულა "ვუძღვენით".

თუმცა, საშუალო და შორი დისტანციებიდან ტყორცნებისას ჩვენმა კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს მაღალი კლასი და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. აბა, 14-დან 7 სამქულიანს რომ ჩააგდებ, სხვა რას უნდა დაბრალდეს, თუ არა მაღალ კლასს?

...და მთავარი: იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მიმდინარე შესარჩევზე დაცვაში ყველაზე სტაბილურად სწორედ რიგაში ითამაშეს. მაშინაც კი, როცა 10 წუთში 7 ქულა ჩააგდეს, მეტოქისთვის გალაღების საშუალება არ მიუციათ - 13 ქულა დაანებეს. პირველი ტაიმი ლატვიამ სულაც 24 ქულით დაასრულა.

მთავარი კი გადამწყვეტი წამები იყო, რომლის დროსაც ჩვენიანებს მეტოქისთვის სამქულიანის ტყორცნის საშუალება არ მიუციათ: ანგარიშზე 73:70 (ჩვენს სასარგებლოდ), საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე შტრელნიეკსმა ბურთი საქართველოს ნაკრების კალათისკენ, როგორც იტყვიან, გადააგდო. იგივე გაიმეორა გონგამდე 2 წამით ადრე კუკსიკსმა, რომელსაც მანუჩარ მარკოიშვილი ისე დაუდგა, ტყორცნის სურვილი დაუკარგა.

* * *

ზემოთ ვახსენეთ რამდენიმე უპირატესობა, რაც რიგაში საქართველოს ნაკრებს გააჩნდა, მაგრამ იმასაც წაიკითხავდით, რომ ენერგიული თამაშის წყალობით ლატვიელები კუდში მოგვდევდნენ. ამიტომ აუცილებელია, რამდენიმე სიტყვა ყოველ მეოთხედს შევაწიოთ.

პირველი პერიოდი გუნდებმა მეტოქის კალათისკენ გზების ძიებას მოანდომეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო როგორც ერთის, ასევე მეორის დაცვა.

მეორე პერიოდში ლატვიამ ბერტანსის სამქულიანით 8-ქულიან უპირატესობას მიაღწია. თუმცა მოედანზე შემოსულმა პულენმა ბაგაცკისის გეგმები თავდაყირა დააყენა: ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორქულიანი; ამას მიაყოლა სამი ზუსტი საჯარიმო და ანგარიში გათანაბრდა - 20:20.

მეოთხედის ბოლო 6 წუთში ლატვიელებმა მხოლოდ 2 ქულა ჩააგდეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ზაზა ფაჩულია ფარქვეშიდან ჩვეულად ამოქმედდა, რამდენიმე ბურთი ბრძოლაში ჩაუგდო და მასპინძლები ერთგვარად შეკრთნენ, მიხვდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ფარქვეშ მტკიცედ იდგა და სამწამიანიდან უწინდებურად თამამად ვეღარ უტევდნენ.

მესამე პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა ნათლად უჩვენა, რომ მისი პლუსი მხოლოდ ახლო დისტანციიდან ტყორცნები არ არის - ჯერ მატჩის მომავალმა ბომბარდირმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ გიორგი ცინცაძემ ორი ზუსტი ტყორცნით მასპინძლებს მეოთხედის მოგების შანსი მოუსპო. პერიოდი გიორგი შერმადინის ორქულიანით დასრულდა - 48:45.

მეოთხე რაუნდში ვიქტორ სანიკიძის ზუსტი სამქულიანით საქართველო საბოლოოდ დაწინაურდა - 56:55.

ცინცაძემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ორი უმნიშვნელოვანესი შეტევა 4 ქულით დააგვირგვინა და 60:55.

დარჩენილ 5 წუთში უპირატესობის შენარჩუნება კლასის ამბავი იყო. დაცვაში ყველა დამაჯერებელი იყო: შენგელიაც, პულენიც, სანიკიძეც, ცინცაძეც, მარკოიშვილიცა და ფაჩულიაც, ხოლო შეტევით მეტოქის გატეხვა ზაზამ და მანუმ ითავეს.

მარკოიშვილმა გადამწყვეტ მომენტში ოთხივე ჯარიმა გამოიყენა, ხოლო ფაჩულიამ 6 ქულა ჩააგდო. საოცარი სანახავი იყო სირენამდე 8 წამით ადრე კაპიტნის მიერ შესრულებული ეფექტური ზემოდან გდება, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრები 73:70 დაწინაურდა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ლატვია "სასიკვდილოდ" იყო განწირული. სწორედ ამაზე მიგვანიშნა ზაზამ საკუთარი ჟესტით.

8 სექტემბერი. რიგა, ლატვია. 4500 მაყურებელი
ლატვია 70:73 საქართველო (იხილეთ ვიდეო)
13-7, 11-24, 21-17, 25-25
მსაჯები: ი. ბელოშევიჩი (სერბეთი), ე. ვიატორი (საფრანგეთი), ა. ჰალიკო (ესტონეთი)

* * *
ბოსნიამ რუმინეთის ძლევით პირველი ადგილი გაინაღდა. ჰოლანდიის დამარცხების შემთხვევაში ქართველები ქულათა რაოდენობით ბოსნიელებს გაუთანაბრდებიან, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო პირველი მაინც ექს-იუგები იქნებიან - თბილისში 107:103 მოიგეს, სარაევოში 95:96 წააგეს.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომა და ლატვიამ შესარჩევი ეტაპი თანაბარი ქულებით დაამთავრონ, მაგრამ ბალტიელები მაინც ვერ გვაჯობებენ, რადგან შინაც დავამარცხეთ და სტუმრადაც.

ასე და ამგვარად, ბოსნია პირველია, საქართველო - მეორე, ხოლო ლატვია რუმინეთში გამარჯვებით მოიპოვებს ევრობასკეტის საგზურს.

თუმცა აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილი გუნდი შესაძლოა, მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, რადგან სხვა ჯგუფის მესამეადგილოსნებს სადღეისოდ უკვე 4-4 წაგებები აქვთ.

ბოსნია-რუმინეთი 93:58
25-12, 32-12, 21-20, 15-14
ბოსნია: ტელეტოვიჩი (15ქ), დედოვიჩი (12ქ), რაითი (12ქ, 8პ), მიტროვიჩი (12ქ), კიკანოვიჩი (12ქ)...
რუმინეთი: დრაგუშინი (17ქ), სილვასანი (15ქ), მანდაჩე (10ქ)...

გუნდი წ  
1. ბოსნია 8 6 2 736/672 14
2. საქართველო 7 5 2 610/577 12
3. ლატვია 7 4 3 570/507 11
4. ჰოლანდია 7 2 5 578/629 9
5. რუმინეთი
7 1 6 492/601 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი: მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ფედერაციას!
მანუჩარ მარკოიშვილი: ლატვიაში გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრები ხართ ბიჭებო, ასე გააგრძელედ, ევროპამდე კიდე დაიხვეწებით, გადძლიერდებით მინიმუმ ათეულში უნდა მოხვდეთ.. ვიკა მაგარი ხარ ძაან, წარმატებები ყველას...
DraculA
22:31 10-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული