საქართველო-ჰოლანდია 97:89 - მადლობა გულშემატკივარს, მადლობა კალათბურთელებს! [VIDEO]

AutoSharing Option
მადლობა გულშემატკივარს! - ასეთი პლაკატი გაშალეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ჰოლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ.

თითოეულ მათგანს თეთრი მაისურა ემოსა, რომელზეც მკაფიო ასოებით ეწერა: საქართველო, ევრობასკეტი 2013. აქაც ძახილის ნიშანი უნდა - ზედიზედ მეორედ ჩვენმა კალათბურთელებმა ევროპის მთავარი საკალათბურთო ფორუმის საგზური მოიპოვეს!

მათ დიდად დაეხმარნენ ქომაგები, რომლებიც ყოველ თამაშზე დარბაზში საოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ამიტომაც დაიმსახურეს მადლობა კალათბურთელებისგან.

ასევე აუცილებელია აღინიშნოს, რომ თავდადებითა და ლამაზი თამაშით თავად კალათბურთელებსაც ეკუთვნოდათ გულშემატკივრისგან მადლობა. მიიღეს კიდეც - გუშინ სპორტის სასახლეში 9 ათასი ქომაგი მივიდა.

ჩვენი ნაკრების
სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა საფინალო სირენასთან ერთად თითოეულ კალათბურთელს გამარჯვება მიულოცა და ევრობასკეტ 2013-მდე დაემშვიდობა.

პრესკონფერენციაზე იგი ზემოთნახსენები ქართულწარწერიანი მაისურით გამოცხადდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჟურნალისტებსაც მოგვილოცა:

"რთული ზაფხული გვქონდა. ბევრი ვიშრომეთ, კალათბურთელები თავს არ ზოგავდნენ. ყოველ მეტოქესთან მატჩს სხვადასხვაგვარად ვეკიდებოდით. ბოსნია ექვს მოთამაშეზე აწყობილი გუნდია, ლატვიაში 11 კალათბურთელი თამაშობს.

ვცდილობდით, თითოეული კალათბურთელისთვის მომატების საშუალება მიგვეცა.

იყო უარყოფითი და დადებითი მომენტები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მთავარი იყო შედეგი.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებს თავდადებული შრომა დაუფასდა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა"
.

* * *
საქართველოს ნაკრებს ჰოლანდიასთან მატჩში ზაზა ფაჩულია რომ დააკლდებოდა, წინა დღისით გავიგეთ. უშუალოდ შეხვედრის წინ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას. მისი ამბავი მამამისმა, კახა შენგელიამ მატჩამდე გვითხრა: თორნიკეს ტერფი აწუხებს. ასე ითამაშა ლატვიაში, ჰოლანდიასთან კი მოედანზე ვერ გავაო.

თორნიკე შენგელიას სწორედ ის ტრავმა გაუმიზეზდა, რომლის გამოც ზამთარში სამი თვე დაისვენა.

საინტერესო იყო, რა ცვლილებებს განახორციელებდა მთავარი მწვრთნელი ორი სასტარტო მეფარის არყოფნაში. იგორ კოკოშკოვმა სასტარტო შემადგენლობაში ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინი გაამწესა, ხოლო მძიმე ფორვარდად ნიკა მეტრეველი, რომელიც ნაკრებს ლატვიაში ვერ გაჰყვა, მოწამლული იყო.

მსუბუქი ფორვარდის ამპლუაში კვლავ ვიქტორ სანიკიძე დაბრუნდა (მან ჰოლანდიასთან პირველ შეხვედრაში მხრის ტრავმის გამო ვერ ითამაშა). მსროლელი მანუჩარ მარკოიშვილი იყო, ხოლო გამთამაშებელი - გიორგი ცინცაძე.

აქვე უნდა ითქვას, რომ თითოეულმა კალათბურთელმა მაღალი კლასი და ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოავლინა.

"მატჩის წინ გაირკვა, რომ ორი ისეთი კაცი დაგვაკლდებოდა, რომლებიც საშუალოდ 30 წუთს თამაშობენ. ამიტომ გადაწყობა ფორსირებულად მოგვიწია.

სასტარტოში მეტრეველი და შერმადინი დავაყენეთ, რომლებმაც დაკისრებულ ფუნქციას თავი კარგად გაართვეს. ვიქტორ სანიკიძეს ხშირად უწევდა მძიმე ფორვარდის ფუნქციების შესრულება"
, - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა და დასძინა, ბოლო მატჩში თამაშის მეტი საშუალება მივეცით სათადარიგოებსო.

მართლაც, მწვრთნელი პირველ ტაიმში ხშირად მიმართავდა ცვლილებებს, შემოიყვანა ლევან ფაცაცია, რიჩარდ მათიაშვილი, ანატოლი ბოისა...

ხოლო გადამწყვეტი მეოთხედისთვის კი, ძირითადად, გამოცდილ ხუთეულს დაეყრდნო - ცინცაძე-პულენი-მარკოიშვილი-სანიკიძე-შერმადინი. მათ შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე. დრო რომ ჰყოფნოდათ, სეზონს 100 ქულით დაასრულებდნენ, თუმცა ეს მთავარი არ არის. იგორ კოკოშკოვის სიტყვებს მოვიშველიებთ - უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვა.

* * *
"დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ეს ნებისმიერ კალათბურთელზე დადებითად მოქმედებს. ჩვენც კარგად ვისროლეთ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და ვერაფერი დავაკელით", - გახსნა პრესკონფერენცია ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა დავიდ იანსენმა.

გიორგი შერმადინმა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და წარმატება მიულოცა:

"მადლობა ყველას - ქომაგს, მწვრთნელებს, გუნდის თითოეულ წევრს.

ევრობასკეტზე მოხვედრით ძალიან გავიხარეთ და უფრო სასიამოვნოა, რომ სანაკრებო სეზონი თბილისში ჰოლანდიის ძლევით დავასრულეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფინალში გასვლა გადაწყვეტილი იყო, თავი არ დაგვიზოგავს და შედეგსაც მივაღწიეთ"
.

ჰოლანდიელთა დამრიგებელმა იან იანსენმა აღფრთოვანება ვერ დამალა საქართველოში კალათბურთისადმი მიდგომით:

"მატჩს ქვეყნის პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაესწრო, რომელიც ჩვენი თანამემამულეა. მისი კალათბურთზე გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ სპორტის ამ სახეობას თქვენთან დიდი ყურადღება ექცევა.

ვიცოდით, ჰოლანდიაში წაგების გამო ქართველები რევანშზე იზრუნებდნენ. ასეც მოხდა, გაიმარჯვა ძლიერმა"
.

იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე მომავალსა და შემადგენლობაზეც ილაპარაკა:

"მომავალში რა მოხდება, ძნელი სათქმელია. დღეს სპონტანურად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს ყველაფერს ახლიდან ვიწყებთ - შემადგენლობის შეკრებიდან დაწყებული, ფიზმომზადებით და ტაქტიკური სიახლეებით დამთავრებული.

ყოველთვის ვცდილობთ, აქცენტი ტალანტებზე გავაკეთოთ. ასე იქნება მომავალ წელსაც"
.

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი
11 სექტემბერი, თბილისი. 9000 მაყურებელი
საქართველო-ჰოლანდია 97:89 (იხილეთ ვიდეო)
25-21, 29-22, 18-16, 25-30
მსაჯები: ს. რადოვიჩი (ხორვატია), გ. კოჰენი (ისრაელი), ს. ემლეკი (თურქეთი).

საბოლოო მდგომარეობა
გუნდი წ   
1. ბოსნია 8 6 2 736/672 14
2. საქართველო 8 6 2 707/666 14
3. ლატვია 8 5 3 655/584 13
4. ჰოლანდია 8 2 6 667/726 10
5. რუმინეთი 8 1 7 569/686 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლატვია-საქართველო 70:73 - ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე
საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული