წარმატებაში გუნდის თითოეულმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. ეს ციფრებით არ გამოიხატება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი ქულა მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზეა - 144. იგი არა მხოლოდ გუნდში, არამედ შესარჩევ ეტაპზე ჩაჭრებში საუკეთესოა - 23 (საშუალოდ 2.9).
მანუ იტალიაში 12 სექტემბერს გაფრინდა, "კანტუს" შეუერთდა და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება.
წასვლამდე მარკოიშვილს სანაკრებო პერიპეტიებზე გავესაუბრეთ.
- რთული ზაფხული იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ ხშირი მგზავრობა მოგვიწევდა. მოსალოდნელი იყო გადაღლილობაც. ამას
- შესარჩევი მეორე ადგილზე დავასრულეთ...
- ცუდია მეორე პოზიცია, კალათბურთელი ყოველთვის პირველობისთვის უნდა იბრძოდეს. თუმცა, შესაძლოა, მესამეები ვყოფილიყავით, რაც ლატვიაში გამარჯვებამ აგვარიდა თავიდან. ასეა თუ ისე, მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, თანაც შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე.
- რვიდან ხუთ მატჩში შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. უმეტესობაში გამარჯვებულები გამოხვედით...
- დაძაბული ბრძოლები გადავიტანეთ, იყო შემთხვევები, როცა ყველაფერს ისე ვერ ვასრულებდით, როგორც საჭირო იყო. ბევრი რამ კარგადაც გამოგვდიოდა. აწ უკვე განვლილ შესარჩევზე მიღებული გამოცდილება სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება.
- მარცხის მიუხედავად, მეტად საინტერესო სანახავი თამაში იყო ბოსნიასთან, რომლის ლიდერმა ტელეტოვიჩმა მოგება ბოლო წამებზე წაგვართვა.
- იმ შეხვედრის ბედი ერთ კაცს არ გადაუწყვეტია. მირზა ტელეტოვიჩმა მხოლოდ წერტილი დასვა. ერთი კალათბურთელი გუნდს გამარჯვებას ვერასოდეს მოუტანს - ვერც მარკოიშვილი, ვერც სანიკიძე და ვერც ფაჩულია.
საერთოდ, თამაში დაცვიდან იწყება. შეტევამ შესაძლოა ერთი მატჩი მოიგოს, მაგრამ ჩემპიონატს დაცვა იგებს.
მოედანზე მყოფი ხუთივე ბოსნიელი დაცვაში სათანადოდ რომ არ მდგარიყო, ტელეტოვიჩი ვერაფერს უშველიდათ. რაც შეეხება თამაშს, დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო, რაც დიდწილად გულშემატკივრის დამსახურება გახლდათ.
- ბოლო მატჩის დასრულებისთანავე პლაკატი გამოიტანეთ წარწერით: "მადლობა გულშემატკივარს"...
- ჩვენს ქომაგს მადლობა ნამდვილად ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, ყველა მატჩზე უამრავი გულშემატკივარი მოდიოდა. ჩვენთვის იგი ნამდვილად მეექვსე მოთამაშეა, ტრიბუნებზე მყოფთა მონდომება და ენერგიულობა ჩვენზეც დადებითად ისახებოდა.
მნიშვნელოვანი მომენტია: რადგან მატჩებისას დარბაზი ბოლომდე ივსება, ე.ი. ქომაგი შენით კმაყოფილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად კარგად თამაშობ. ჩემს კარიერაში ორი ეპიზოდია დაუვიწყარი: საქართველოს ნაკრებისა და "კანტუს" ქომაგობა.
- ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართება, სადაც რამდენიმე წელი თამაშობდი ("ოლიმპიაში"). იქ უცხო დარბაზი, ალბათ, არ იქნება.
- ასე არაა. ევროპის ჩემპიონატისთვის ლუბლიანაში ახალი არენა ააშენეს, სადაც არ მითამაშია. შეჯიბრება სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. დედაქალაქი კი ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.
- ევრობასკეტზე მეორედ ვითამაშებთ. რას ნიშნავს ეს კალათბურთელებისთვის?
- წინა ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, გამოცდილი გუნდი გვეყოლება. მოთამაშეებს არა გვიშავს, მთავარია შეჯიბრებისთვის სათანადოდ მომზადება. ბევრი რამ ჯანმრთელობაზეც იქნება დამოკიდებული.
შეკრება თავიდანვე ერთად უნდა დავიწყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. იქ შესვენებები არ არის, თამაში ყოველდღიურად მოგვიწევს. მანამდე კი საკლუბო სეზონი გვაქვს წარმატებით ჩასატარებელი.
- იტალიური "კანტუ" წლეულს ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს.
- ძალიან გვინდა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, რაც იოლი არ იქნება. შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში არაერთი ცვლილება განხორციელდა და ვიდრე არ ჩავალ, ახალ მოთამაშეებს არ გავიცნობ, გამიჭირდება გუნდის დღევანდელ სახეზე ლაპარაკი.
"კანტუ" ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს ბულგარულ "აკადემიკთან" 25 სექტემბერს გამართავს, ხოლო იტალიის ჩემპიონატში 2 ოქტომბერს ჩაერთვება - "ვენეციას" უმასპინძლებს.
მანუჩარ მარკოიშვილი
კანტუ (იტალია)
დაიბადა: 17.11.1986
სიმაღლე: 196 სმ
ამპლუა: უკანახაზელი
საკლუბო კარიერა:
ბათუმის "ბასკო" (2000-02)
იტალიის "ბენეტონი" (2002-03)
გერმანიის "მიტელდოიჩერი" (2004)
სლოვენიის "ოლიმპია" (2004-07)
უკრაინის "კიევი" (2007-09)
იტალიის "კანტუ" (2009-დან).
მიღწევები
იტალიის ჩემპიონი (2003)
ფიბას თასის მფლობელი (2004)
სლოვენიის ჩემპიონი (2005, 06
ადრიატიკის "ოლ სტარის" მონაწილე (2006)
სლოვენიის თასის მფლობელი (2005, 06)
სლოვენიის სუპერთასის გამარჯვებული (2005)
უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი (2009)
უკრაინის ვიცე-ჩემპიონი (2008)
იტალიის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011)
საქართველოს ნაკრებში
35 თამაში, 1043 წუთი, 459 ქულა, 118 მოხსნა, 78 პასი, 56 ჩაჭრა
ქართული ქომაგობა დაუვიწყარი მომენტია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"