ის იყო, ლატვიისა და საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა გუნდების განმეორებითი შეხვედრის საფინალო სირენის ხმა გაისმა, რომ ტელეფონმა დარეკა.
- ხომ გითხარით...
ყურმილთან ცნობილი ქართველი კალათბურთელი გია სანაძე იყო. ჩვენი ნაკრების გამარჯვებით აღფრთოვანებული სიხარულს ვერ ფარავდა.
მე და გია შაბათს რიგაში პაექრობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შევხვდით ერთმანეთს. ინტერვიუ საღამოს გასამართავი მატჩზე საუბრით დავიწყეთ.
- სტუმრად ჰოლანდია სათანადო ვერ შევაფასეთ და დავისაჯეთ, - მითხრა მან - ლატვიაც ამ სტილით თამაშობს. ბალტიისპირელებს ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ, თუმცა გამოცდილება აკლიათ,
ჰოლანდიასთან გასვლით მატჩში ლატვიელებმა 35 სამქულიანი ტყორცნეს და 13 ჩააგდეს. ბაგაცკისის შეგირდებს პერიმეტრს თუ გადავუკეტავთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ (რიგაში ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშეს, მეტოქეს სივრცე შეუზღუდეს და წარმატებასაც მიაღწიეს).
- ტელეტოვიჩმაც ხომ სული ამოგვართვა სამქულიანებით... განზრახ ვაკეთებ აქცენტს სამქულიანებზე, რადგან გია სანაძე შორიდან ტყორცნების დიდი ოსტატი გახლდათ და, როცა ის მოედანზე იდგა, ბევრჯერ მსმენია აგუგუნებეული დარბაზის ომახიანი შეძახილი: სა-ნა-ძე... სა-ნა-ძე... სა-ნა-ძე...
მამის, დედის და დეიდის კვალში
გია სანაძე ხონში დაიბადა და გაიზარდა. 11 წლისამ პირველად შეაღო კალათბურთის დარბაზის კარი. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა - ოჯახური ტრადიციის გაგრძელება მოინდომა: დედა, მამა და დეიდა კალათბურთელები იყვნენ და ხშირად უთამაშიათ საქართველოს ჩემპიონატებში.
ვარჯიშის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ ნიჭიერი მწვრთნელის - თამაზ შველიძის აღზრდილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. 1981 წელს კი უკვე პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველკურსელი თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა.
- მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი იყო. - გაიხსენა ორი ათეული წლის წინანდელი ამბავი გია სანაძემ. - ძირითად შემადგენლობაში ადგილი 1983 წლის ზაფხულში მანდო: სოციალისტური ქვეყნების დინამიადაზე რუმინელებს მოვუგეთ.
შესანიშნავი კალათბურთელების - ნიკოლოზ დერიუგინის, გელა დარსაძის, გივი ბიჭიაშვილის, პაატა გურასპაულისა და სხვათა გვერდით მომიწია თამაშმა და ბედნიერი ვიყავი...
ახალგაზრდა კალათბურთელისთვის დიდ გუნდში კარიერის დასაწყისი უიღბლო აღმოჩნდა - იმავე წლის სექტემბერში ვარჯიშისას მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა.
ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა "დინამოს" და ისევ დუბლებიდან გაიკაფა გზა ძირითადი შემადგენლობისკენ. ცეცხლოვანი თამაშითა და უზადო სამქულიანი ტყორცნებით მალე გულშემატკივართა გულიც მოინადირა...
ამ მცირე გადახვევის შემდეგ, მოდით, შეწყვეტილ ინტერვიუს დავუბრუნდეთ.
ნუ გაამტყუნებთ პულენს!
- ბოსნიის ნაკრები ლატვია-ჰოლანდიის ეროვნულ გუნდებთან შედარებით ბევრად ძლიერია. შესანიშნავი ინდივიდუალისტები ჰყავს.
ტელეტოვიჩი კი მართლაც შეუდარებელია. ბოლო წამებზე ჩვენ რომ სამქულიანი ჩაგვიგდო, ისეთ ავანტიურისტულ ტყორცნას, მირზას გარდა, ალბათ, სხვა ვერავინ გაბედავდა: სტუმრები ქულას აგებდნენ, საფინალო სასტვენამდე კი 28 წამი იყო დარჩენილი, ამიტომ ბოსნიელებს, წესით, ბურთი ბოლომდე უნდა გაეთამაშებინათ და მერე შეეტიათ.
ტელეტოვიჩმა კი უხერხული მდგომარეობიდან მე-8 წამზე ტყორცნა სამქულიანი. ფაქტობრივად, იგივე გააკეთა პულენმაც.
გეთანხმებით, დრო იყო და ცოტა რომ დაეხანებინა ან გამოთავისუფლებული მარკოიშვილისთვის მიეცა პასი, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, მაგრამ იმ სიტუაცაში მისი გამტყუნება არ შეიძლება: თავად კარგი მსროლელია, გამოთავისუფლებულ სივრცეში აღმოჩნდა და ნაჯაფი ბურთი თვითონ გაგზავნა მეტოქის ფარისკენ.
ტელეტოვიჩს იმ მომენტში, პირდაპირ ვთქვათ, აშკარად გაუმართლა, პულენს კი ფორტუნამ, ლატვიასთან თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ზურგი აქცია.
- 1995 წელს თქვენი თაობის კალათბურთელებსაც გითამაშიათ ბოსნიის წინააღმდეგ. მახსოვს, იმ პაექრობაში მატჩის გმირიც გახდით. სტუმართა მაშინდელი და ახლანდელი გუნდების შედარება თუ შეიძლება?
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი ბოსნიასთან შინ ჩავატარეთ. მოგეხსენებათ, იუგოსლავია მაშინ ახალი დაშლილი იყო.
ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყოფილ იუგებს განმეორებითი ორთაბრძოლის შინ გამართვის ნება არ დართო უსაფრთხოების მიზნით და გერმანიაში ვითამაშეთ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ჩემმა ბოსნიელა კოლეგამ, მარკოვიჩმა, სუვენირად ტანკის უზარმაზარი გილზი გადმოგვცა წარწერით. იუგოსლავიელი კალათბურთელები მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალას წარმოადგენდნენ.
ტონის მიმცემი კი ბოსნიელებიც იყვნენ. მათთან თბილისური მატჩი დაძაბულად წარიმართა - ასე ვთქვათ, თამაში ქულა-ქულაზე მიდიოდა. თუ არ ვცდები, რამდენიმე სამქულიანი ჩავაგდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბოლო წუთებზე სტუმრებმა ზედიზედ სამჯერ ტექნიკური ჯარიმა მიიღეს და ექვსივე ცდა უშეცდომოდ გამოვიყენე.
საბოლოოდ შეხვედრა 11 ქულით (77:66) მოვიგეთ, ბერლინში კი 9 ქულით (71:80) დავმარცხდით. ბოსნიელებს მაშინაც ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავდათ და ახლაც ასეა.
ამჟამად დალაგებული ქვეყანა აქვთ და მოტივირებული გუნდი ჰყავთ. ამ შესარჩევ ტურნირზე საუკეთესო მატჩი მათ თბილისში ითამაშებს.
- იმ პერიოდიდან კიდევ რომელ პაექრობას გაიხსენებდით?
- მგონი, 1996 წელს კორაჩის თასზე, "ვითა" უნგრეთის "კიორმენდს" ეთამაშა თბილისში. საფინალო სასტვენამდე 72 წამით ადრე 10 ქულას ვაგებდით. დროის ამ მცირე მონაკვეთში ქომაგების მხარდაჭერით ნამდვილი სასწაული მოხდა მოედანზე.
მატჩის მიწურულს ზედიზედ ორი სამქულიანი ჩავაგდე და ანგარიში გავათანაბრე. სირენამდე სამიოდე წამით ადრე კი გაოგნებულმა სტუმრებმა შეტევისას ზურთი დაკარგეს და ლევან ქარაბაკმა გამარჯვების მომტანი ორი ქულა მიითვალა.
- სამქულიანების დიდოსტატს აღფრთოვანებული გულშემატკივრები სამაძესაც გეძახდნენ. საიდან ტყორცნის ამგვარი სტილი - ვის ბაძავდით?
- ჯერ კიდევ "დინამოში", რომლის შემადგენლობაშიც პირველი ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ "თბილისსა" და "ვითაშიც" იყვნენ ისეთი კალათბურთელები, რომლებიც შორიდან ზუსტად ტყორცნიდნენ, თუმცა ჩემი კერპი სერგეი ბელოვი გახლდათ.
ყოველთვის მომწონდა მისი თამაშის მანერა და შორეული ტყორცნები. 1987-1989 წლებში, როცა ენდენთან, კურტინაიტისთან, პოპოვთან, სუხარევთან, გრიშაევთან და სხვა ცნობილ კალათბურთელთან ერთად გამოვდიოდი საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრების შემადგენლობაში, საწვრთნელი შეკრებებისას ბელოვის ვარჯიშს ვაკვირდებოდი.
მის მანერებს ვსწავლობდი, თბილისში დაბრუნებული გვიანობამდე ვრჩებოდი დარბაზში და სხვადასხვა ადგილიდან სამქულიან ტყორცნებს ვამუღამებდი.
პროცენტული მაჩვენებლებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია - მეტოქის კალათისკენ მაშინვე ვგზავნიდი ბურთს, როგორც საამისო საშუალება მეძლეოდა. საქართველოს ნაკრებში ახლაც გვყავს ისეთი კალათბურთელები, რომლებსაც შორიდან ტყორცნა ეხერხებათ.
მეტი უნდა გაბედონ. ურისკოდ შედეგს ვერ მიაღწევ. ხომ ნახეთ, ტელეტოვიჩს პირველ ტაიმში არაფერი გამოუვიდა, მეორეში კი "გაიხსნა" და თავის გუნდს გამარჯვებაც მოაპოვებინა...
- ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვზე ბევრი დაიწერა - დადებითიც, უარყოფითიც. თქვენ რას იტყვით?
- პატიოსანი, ალალი და თავისი საქმის კარგი მცოდნე სპეციალისტია. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ მაინც ვიტყვი - ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ისეთი პროფესიონალი სჭირდება, როგორიც კოკოშკოვია.
შორიდან იოლია მწვრთნელის კომპეტენციებში შეჭრა. წუთშესვენება ამ დროს რატომ არ აიღოო, ამბობენ. კარგი ხელმძღვანელი ბოლო ტაიმაუტს სწორედ მატჩის მიწურულისთვის ინახავს, მით უმეტეს ახლა, როცა ბურთი გასათამაშებლად მეტოქის მოედნიდან შემოგაქვს და ფარამდე მანძილი საგრძნობლად მცირდება.
სხვა ფსიქოლოგიური მომენტებიცაა გასათვალისწინებელი. 1972 წელს კონდრაშინს ფინალური მატჩის მიწურულამდე რომ არ შემოენახა წუთშესვენება, საბჭოთა ნაკრები ბოლო 3 წამში ოლიმპიურ ჩემპიონობას ვერ მოიპოვებდა.
- გულშემატკივრებმა იციან, რომ გია სანაძის ბიჭები მამის გზას მიჰყვებიან, ანუ ოჯახური ტრადიცია გრძელდება...
- უფროსი ვაჟი დუდა "დინამოს" შემადგენლობაში გამოდიოდა. რამდენიმე დღის წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
სან-დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის და სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის გუნდში ითამაშებს.
იქაურ პრესაში კარგი გამოხმაურება აქვს. ეტყობა, ამერიკელებს თავი მოაწონა, თორემ, სათანადო დონის მოთამაშე თუ არ ხარ და პერსპექტივა არ გაგაჩნია, უნივერსიტეტში სწავლის წლიურ საფასურს - 57 ათას დოლარს არავინ გადაგიხდის.
ვიმედოვნებ, რომ მაღალი დონის კალათბურთს ითამაშებს და ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება. რაც შეეხება შუათანა სანდროს, 16 წლისაა, მესამე წელიწადია, კალათბურთს თამაშობს, ამიტომ მის პერსპექტივებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"