ბესიკ ლიპარტელიანი: ახალი მწვრთნელის ჩამოყვანა რისკთანაა დაკავშირებული

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისთვის "ევრობასკეტი 2013"-ის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაკავა და სლოვენიის საგზური მიიღო. როგორც ყველა საქმეში, ევროპისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ იყო.

სანაკრებო საკითხებზე სასაუბროდ "ლელოს დარბაზში" კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ბესიკ ლიპარტელიანი მოვიწვიეთ. მას თავდაპირველად ნაკრების გამოსვლის ზოგადი შეფასება ვთხოვეთ.

- სეზონის დაწყების წინ მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც ვერ მოხვდნენ ლაშა გამყრელიძე, ნიკა ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.

ეს მტკივნეული იყო, მათთვისაც, გულშემატკივრისთვისაც და ფედერაციისთვისაც. მთავარი მწვრთნელისგან მოვისმინეთ არგუმენტები, რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ
ეს კალათბურთელები ნაკრებში ამ ეტაპზე.

იგორ კოკოშკოვის მოსაზრება გავიზიარეთ, რადგან თუ მწვრთნელი ფედერაციის ხელმძღვანელობისგან ნდობას არ გრძნობს, შედეგის მიღწევა გაუჭირდება.

- შემადგენლობის გამოცხადებას მოჰყვა მოსამზადებელი ეტაპი...
- შეკრება ჯერ თბილისში, შემდეგ ავსტრიაში გავიარეთ. ჩამოვიყვანეთ იტალიელი სპეციალისტი, რომლითაც კალათბურთელებიც კმაყოფილები დარჩნენ და ჩვენც. გაისად ევრობასკეტისთვის ნაკრებს სხვა ტიპის მომზადება ექნება და ვეცდებით, იტალიელი მწვრთნელი თავიდანვე ჩავრთათ საქმეში.

შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ჩავატარეთ რვა საკონტროლო მატჩი, რომელთაგან ოთხი მოვიგეთ. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოსამზადებელმა ეტაპმა ნაყოფიერად ჩაიარა.

- შესარჩევი ტურნირის დასაწყისში იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება ბოსნიაში.
- ფანტასტიკური მატჩი მოვიგეთ, რასაც, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ველოდით. თუმცა იმაში დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებდნენ და საკუთარ თამაშს უჩვენებდნენ.

იგორ კოკოშკოვმა სწორი სტრატეგია შეიმუშავა, მეტოქის თავკაცმა ალექსანდრ პეტროვიჩმა ვიდრე ჩვენი ტაქტიკა გაშიფრა, უკვე 20 ქულის სხვაობით ვიგებდით.

საბოლოოდ მეტოქემ თამაში გამოასწორა და მინიმალური სხვაობით გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოსნიას შემადგენლობაში ჰყავს ბოლო წლებში ევროლიგის ბომბარდირი მირზა ტელეტოვიჩი და არანაკლებ ძლიერი ნიჰად დედოვიჩი.

მათ კარგად დაეხმარა ამერიკელი ზეკ რაითი, რომელიც მთლიანად გუნდზე მუშაობდა.

- ბოსნიიდან დაბრუნების შემდეგ ლატვიას 79:76 ვაჯობეთ.
- ლატვიელებს დიდი ხანია ვადევნებთ თვალს, ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და წლიდან წლამდე პროგრესირებენ.

მწვრთნელის მისამართითაც შეიძლება კომპლიმენტის თქმა, აინარს ბაგაცკისი მაღალი დონის სპეციალისტია.

ვიცოდით, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ და პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. ასეც მოხდა, თბილისში მეოთხე პერიოდში 14 ქულით დაწინაურების მიუხედავად ლატვიელებმა ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

- თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
- საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 12 ქულის სხვაობით დავწინაურდით. მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, შესაბამისი მითითებები მისცა, მაგრამ ყველამ თითო შეცდომა დაუშვა, შესაძლოა ეს ერთგვარი თავდაჯერების მიზეზი იყო, რადგან ეგონათ თამაში მოგებული იყო...

ამ მატჩის შემდეგ მედიაში გაჩნდა მითითებები იგორ კოკოშკოვის შეცდომებზე. მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი ყურადღებით ვაკვირდები მწვრთნელისა და მოთამაშეების მოქმედებას.

იგორი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს წაგებას. ზოგიერთ მწვრთნელს კი ამის ვაჟკაცობა არ ჰყოფნის.

მედიაში გაჩენილ კრიტიკულ სტატიებში მხოლოდ უცხოელები არიან გაკრიტიკებულები, თითქოს, ქართველები შეცდომებს არ უშვებდნენ. ამასთან მინდა ვთქვა: იგორ კოკოშკოვი არ ელოდა, რომ ზაზა ფაჩულიას ტრავმირებულს მოუწევდა თამაში, გიორგი შერმადინი სამთვიანი უქმობის შემდეგ გუნდს ისე ვერ დაეხმარებოდა, როგორც ყველას გვსურდა.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, გარედან გამოჩნდა, რომ ტანმაღალი მოთამაშეები, ნიკა ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა გუნდისთვის საჭირონი იყვნენ.

ასეა თუ ისე, მწვრთნელმა თავისი შერჩეული შემადგენლობით მიზანს მიაღწია, რვიდან ექვსი თამაში მოიგო და გუნდი ევრობასკეტზე გაიყვანა.

- ალმერეში დამარცხება, ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო.
- ჰოლანდიაში ლატვიის თამაშის შემდეგ ჩავედით. პრობლემები თავიდანვე შეგვექმნა - ვიდრე სასტუმროში შეუშვებდნენ კალათბურთელები 4 საათი ალოდინეს.

გადაღლილობის გამო არ იყო ის ჟინი, რაც თამაშის მოსაგებადაა აუცილებელი. ამას დაერთო ვიქტორ სანიკიძის ტრავმა. მას მხარი ძალიან აწუხებდა.

- ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ მწვრთნელისთვის ადგილი არ განგვისაზღვრავს, მთავარი ამოცანა ევრობასკეტის საგზურის მოპოვება იყო. წილისყრისთვის მეოთხე კალათაში მოვხვდებოდით, თუ მეხუთეში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

თავად განსაჯეთ: მეექვსე კალათაში სავარაუდოდ ისეთი დონის გუნდები მოხვდებიან, როგორებიც არიან სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი... მთავარია, ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადო მომზადება.

შესარჩევი მატჩების ემოციები რომ ჩაცხრება, ყველაფერი თავიდან განისაზღვრება, თუ შესავსებია, შეივსება.

არ არის გამორიცხული ნაკრებში ის კალათბურთელები დაბრუნდნენ, რომლებიც წლეულს ვერ დაეხმარნენ.

იგორ კოკოშკოვიც კიდევ ერთხელ გადახედავს შესარჩევს, სიტუაციას გაანალიზებს... ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სლოვენიაში ღირსეულად გამოვიდეთ.

- ამერიკელი ჯეიკობ პულენის შესახებ რა აზრისა ბრძანდებით?
- მწვრთნელი ცდილობდა ხუთეულში ქართველები დაეყენებინა, რადგან ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე ყველას სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა სურს.

იგორი ეძებდა ისეთ მოთამაშეს, რომელიც გუნდს სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებდა. ასეთი სწორედ ჯეიკობ პულენი იყო. იგი გუნდს სათანადოდ დაეხმარა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ იცოდა, სად მოდიოდა.

დაინახა, ჩვენთან როგორ უყვართ კალათბურთი და საქართველოდან აღფრთოვანებული წავიდა.

დამშვიდობებისას ლამის ცრემლები წამოსცვივდა. საკუთარ შეცდომებზეც გველაპარაკა და დაგვპირდა, მომავალ წელს სულ სხვანაირი ვიქნებიო.

- პულენის ნაკრებში დარჩენა გადაწყვეტილია?
- იგორ კოკოშკოვი პულენს ნაკრებში, ალბათ, დატოვებს. თუმცა წისანწარ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ამ საკითხზე მთავარი მწვრთნელიც დაფიქრდება და მომავალი წლის გეგმებზე მუშაობას დეკემბრიდან შევუდგებით.

- რაგბის ნაკრებში ყოველი ციკლის შემდეგ ახალი მწვრთნელი ჩამოჰყავთ. შეიძლება იმიტომაც, რომ ამა თუ იმ სპეციალისტმა საკუთარი თავი ჩვენს გუნდში ამოწურა და ახალი, უფრო ძლიერი სპეციალისტია საჭირო. ამ მხრივ იგორ კოკოშკოვზე რისი თქმა შეიძლება?
- კალათბურთში ცოტა სხვა სიტუაციაა. ყოველთვის ძნელია ახლიდან დაწყება, შესაძლოა ჩამოიყვანო იგორზე უფრო სახელოვანი სპეციალისტი, მაგრამ ვერ გაამართლოს.

არსებობს რისკის ფაქტორი. როგორც გარედან ჩანს, მთლად ისე ჯანმრთელად არ არის საქმე. იგორ კოკოშკოვმა თავიდანვე იმიტომ დაალაგა სიტუაცია კარგად, რომ აქვს სერბეთის ნაკრებში ასისტენტედ მუშაობის გამოცდილება.

იქ უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, ყველას პირადი ამბიცია აქვს და ძალიან რთულია სიტუაციის მოწესრიგება.

ამ მიმართულებით საქართველოს ნაკრებშიც იყო სამუშაო და იგორმა იმას მიაღწია, რომ გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა.

ნებისმიერ ოჯახში არის ისეთი დეტალები, რომლებიც გარეთ არ უნდა გაიტანო. რაც შეეხება მაღალი კლასის მწვრთნელებს, ნამდვილად დიდი გამოცდილება აქვთ დევიდ ბლატსა და ეტორე მესინას, მაგრამ ხომ შეიძლება, ჩამოვიდნენ და თავიდანვე დააყენონ საკუთარი პირობები.

ფინანსურ პირობებს არ ვგულისხმობ - შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნდეთ, რასაც ბევრი შესაძლოა მტკივნეულად შეხვდეს.

მაგალითად, ყველას როდი შეუძლია, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვა. ასეთ საკითხებზე იგორ კოკოშკოვთან ბევრი გვაქვს ნამუშევარი.

- სათადარიგო მოთამაშეებიდან მხოლოდ ორს ენდობოდა ბოლომდე...
- ვფიქრობ, მათ შეიძლებოდა მეტი სათამაშო დრო ჰქონოდათ. საბოლოოდ მწვრთნელმა ლევან ფაცაცია გუნდის სისტემაში ჩასვა და მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს.

საერთოდ კი მეტად რთული ბრძოლები გადავიტანეთ, ჭირდა 10-ზე მეტი სხვაობით დაწინაურება, ხოლო როდესაც სხვაობა მცირეა, შემადგენლობის ცვლილების გამო შესაძლოა ერთ წუთში ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.

- მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის ფაქტორიც.
- ამ გუნდის ბირთვი 8 წლის განმავლობაში ერთად თამაშობს. თავიდან ყველა ახალგაზრდა იყო, ჰქონდათ ამბიციები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისა, მაგრამ მაშინ უმეტესობა კლუბებში ძალიან ცოტას თამაშობდა და ნაკრებიც არ იყო მომწიფებული ევრობასკეტისთვის.

4 წლის შემდეგ დაიწყო წინსვლა, კალათბურთელებმაც მეტი გამოცდილება შეიძინეს, კლუბებშიც ათამაშდნენ, რასაც მოჰყვა ნაკრების გამოსვლით გულშემატკივრის ერთი-ორად დაინტერესება.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი 2009 წელს იყო, როცა A დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ. სასიხარულოა, რომ დარბაზი წლეულსაც ბოლომდე ივსებოდა.

კალათბურთელები 11 სექტემბერს ჰოლანდიასთან შეხვედრის წინ შიშობდნენ, რომ სპორტის სასახლეში ცოტა გულშემატკივარი მოვიდოდა, რადგან იმ დღეს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთისას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა დარბაზი გაივსო და დაინახეს, რომ მათი შრომა დაფასდა, თავდაჯერებით, თავისუფლად ითამაშეს და ჰოლანდიასთან ღირსეულად გაიმარჯვეს.

Sportall.Ge

2005 წელი. მარცხნიდან: ვლადიმერ სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ბესიკ ლიპარტელიანი, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სურათზე სულ მარჯვნივ ცინცაძე არაა? რა სანიკიძე....
kaxa
14:34 16-09-2012
0
თუ ყველაფერი კარგადაა ბატონ პრეზიდენტს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისას თავის მართლება რატომ უწევს, თან არადამაჯერებელი და თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით...
Walkabout
15:15 16-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული