საქართველო მეხუთე კალათაში - ჩვენთვის სასურველი მეტოქეები ევრობასკეტზე

AutoSharing Option
ფიბა-ევროპამ გამოაქვეყნა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების განთესვის შედეგები.

შეჯიბრებაში მონაწილე 24 ქვეყნის ნაკრები ფინალურ ეტაპზე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ამიტომ წილისყრის წინ ისინი ექვს კალათაში გაანაწილეს.

* * *
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური მოიპოვა, განთესვასთან დაკავშირებით უამრავი ვარაუდი გამოითქვა. ზოგის აზრით, ფიბა-ევროპა გუნდებს ბოლო შეჯიბრებების მიხედვით დაყოფდა - 2012 წლის ოლიმპიადისა და ამავე წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მიხედვით.

მეორე ვარიანტი ცნობილმა საიტმა "ვიკიპედიამ" შემოგვთავაზა: ყველა ის გუნდი, რომელმაც ლიტვის ევრობასკეტზე ითამაშა, 2011 წლის მაჩვენებლების
მიხედვით დაახარისხა. გემახსოვრებათ, ლიტვაში საქართველოს ნაკრები საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა, რის გათვალისწინებითაც "ვიკიპედიამ" ჩვენი გუნდი მესამე კალათაში განათავსა.

დავწერეთ ჩვენი ვარაუდიც: გადავხედეთ 2011 წლის ევრობასკეტის წილისყრის წინ გუნდების განთესვის პრინციპს და მისით ვიხელმძღვანელეთ. მაშინ ფიბა-ევროპამ გაითვალისწინა მის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში ბოლო ორი წლის შედეგები - 2011 წლის ევრობასკეტი და 2012 წლის შესარჩევი ეტაპი.

გუნდები, რომლებიც წლეულს ოლიმპიადის ბატალიებით იყვნენ დაკავებულნი, 2011 წლის შედეგების მიხედვით დახარისხდნენ, ხოლო დანარჩენები 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული შედეგებით.

როგორც აღმოჩნდა, სწორად გვივარაუდია - ფიბა-ევროპამ 26 სექტემბერს კალათების შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომლებშიც გუნდები სწორედ ბოლოს ნახსენები პრინციპით (ფიბა-ევროპის შეჯიბრებების მიხედვით) არიან დალაგებულნი.

* * *
საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათაში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ევრობასკეტისთვის ჩვენი გუნდი მეოთხეში იყო.

იგორ კოკოშკოვის შეგირდებს ამჯერად მეოთხემდე სულ ცოტა დააკლდათ - ერთბაშად ხუთმა გუნდმა გაგვასწრო მიღებულ-ჩაგდებული ბურთების უკეთესი შეფარდებით.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, კალათების რიგითობას დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა, მაგრამ ამჯერად საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. თავად განსაჯეთ: პირველ კალათაშია მაკედონია, მეექვსეში - სერბეთი.

მაკედონელებმა ევრობასკეტ 2011-ზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაშიც ლომის წვლილი ბო მაკალებმა შეიტანა. არავინ იცის, ითამაშებს თუ არა ბო 2013 წელს. სხვათა შორის, ექს-იუგებს არაერთი ასაკოვანი კალათბურთელი ჰყავდათ, რომლებმაც შესაძლოა მანამდე კარიერა დაასრულონ კიდეც.

სერბეთის ნაკრებს კი, ბოლოკალათელობის მიუხედავად, 2013 წელს მაინც ყველა ფავორიტად მონათლავს. ასევე სერიოზული ძალაა მეექვსე კალათის ბინადარი ისრაელი...

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ მთავარი კალათებში განთესვა კი არა, წილისყრის შედეგებია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ევრობასკეტისთვის ოთხიდან ერთი აუცილებლად შეირაცხება "სიკვდილის" ჯგუფად. ისეთიც იქნება, სადაც ნაკლები ფავორიტი მოხვდება.

* * *
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წილისყრა 18 ნოემბერს იგეგმებაო, - წერია რამდენიმე საიტზე. თუმცა 26 სექტემბერს ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთესვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში ერთგვარი ბურუსია - წილისყრა ჩემპიონატის მასპინძელ სლოვენიაში წლის ბოლოს გაიმართებაო.

ვითომ "წლის ბოლოში" 18 ნოემბერი იგულისხმება თუ თარიღი ჯერ არ დადგენილა?

ამ საკითხზე უახლოეს დღეებში კიდევ დავწერთ. მანამდე ისღა დაგვრჩენია, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და სასურველ-არასასურველი მეტოქეები ჩამოვწეროთ.

ჯერ ის გუნდები ჩამოვთვალოთ, რომლებთან შეხვედრასაც ვისურვებდით.

პირველი კალათიდან უთუოდ მაკედონიაა მისაღები, რომელიც მაშინაც კინაღამ დავამარცხეთ, როცა მაკალებთან ერთად ბრწყინავდა.

მეორე კალათიდან დიდ ბრიტანეთს ამოვარჩევდით, რომელმაც 2012 წლის ოლიმპიადა აშკარად ჩააგდო. ძნელი სავარაუდოა, მას მერე გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან ბრიტანელები ბოლო წლებში მიზანმიმართულად მუშაობდნენ, რათა საუკეთესო გუნდი 2012 წლისთვის ჰყოლოდათ, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

მესამე კალათის წარმომადგენლებმა - იტალიამ, ხორვატიამ, გერმანიამ და ჩერნოგორიამ - შესარჩევი ტურნირი წაუგებლად გაიარეს, აღმავლობის გზაზე არიან და ძნელია მათგან ძლიერისა და სუსტის გამორჩევა. თუ შემადგენლობით ვიმსჯელებთ, მაინც ხორვატია უნდა ვისურვოთ.

გერმანელებს წლეულს კრის კამანი და დირკ ნოვიცკი არ დახმარებიან, მაგრამ ევრობასკეტისთვის მათი დაბრუნება რეალურია. თან, მწვრთნელიც სერიოზული ჰყავთ - სვეტისლავ პეშიჩი.

მეოთხე კალათაში ისეთი ნაკრებები მოხვდნენ, რომლებიც ბოლო წლებში დამარცხებული გვყავს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინას სამჯერ ვეთამაშეთ, სამჯერვე მოვუგეთ და აქედან გამომდინარე, ყველაზე სასურველი კანდიდატი სწორედ მაიკ ფრატელოს გუნდი უნდა იყოს.

მეხუთე კალათიდან საქართველო.

მეექვსედან - შვედეთი, რომლის პლუსიც იონას ჟერებკოა. ასეთი ცენტრების განეიტრალება კი ქართველთა წინა ხაზს კარგად ხელეწიფება.

"სიკვდილის" ჯგუფი კი ასეთი იქნება: პირველი კალათიდან ესპანეთი, მეორედან სლოვენია (მასპინძელია), მესამედან იტალია, მეოთხედან ფინეთი (ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე), მეხუთედან საქართველო, მეექვსედან - სერბეთი.

* * *
დასკვნის სახით ერთი უნდა ითქვას: ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის არის მხოლოდ 6 გუნდი, რომლებსაც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები არ შეხვედრია. ყველა დანარჩენთან საკონტროლო თუ ოფიციალური შეხვედრები გვაქვს ჩატარებული და სწორედ ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ: ევროგრანდ ესპანეთთან ღირსეული თამაში, ხოლო დანარჩენების ძლევა ნამდვილად შეგვიძლია.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უშუალოდ ევრობასკეტისთვის მომზადების ხარისხზე, კალათბურთელთა ჯანმრთელობასა და არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაზე, რადგან 2013 წელს მატჩებს შორის დასვენებები არ იქნება - 5 შეხვედრა 6 დღეში უნდა ჩატარდეს.

ევრობასკეტი სლოვენიაში 4 სექტემბერს დაიწყება. თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა.

ად.
ქვეყანა ფიბა-ევროპის ბოლო შეჯ. პოზიცია    
მოგ/წაგ. მოგ/წაგ% ბურთების %
I კალათა
1 ესპანეთი ევრობასკეტი 2011 1
2 საფრანგეთი ევრობასკეტი 2011 2
3 რუსეთი ევრობასკეტი 2011 3
4 მაკედონია ევრობასკეტი 2011 4
II კალათა
5 ლიტვა ევრობასკეტი 2011 5
6 საბერძნეთი ევრობასკეტი 2011 6
7 სლოვენია ევრობასკეტი 2011 7
8 დიდი ბრიტანეთი ევრობასკეტი 2011 ოლიმპ. მასპ.
III კალათა
9 იტალია ევრობასკეტის შესარჩევი 1 8-0 100 1.2862
10 ხორვატია ევრობასკეტის შესარჩევი 2 8-0 100 1.2708
11 გერმანია ევრობასკეტის შესარჩევი 3 8-0
100 1.2705
12 ჩერნოგორია ევრობასკეტის შესარჩევი 4 10-0 100 1.1680
IV კალათა
13 ფინეთი ევრობასკეტის შესარჩევი 5 6-2 75 1.2534
14 პოლონეთი ევრობასკეტის შესარჩევი 6 6-2 75 1.2394
15 უკრაინა ევრობასკეტის შესარჩევი 7 6-2 75 1.1089
16 ბოსნია ევრობასკეტის შესარჩევი 8 6-2 75 1.0952
V კალათა
17 საქართველო ევრობასკეტის შესარჩევი 9 6-2 75 1.0615
18 ბელგია ევრობასკეტის შესარჩევი 10 5-3 62.5 1.1339
19 ლატვია ევრობასკეტის შესარჩევი 11 5-3 62.5 1.1215
20 თურქეთი ევრობასკეტის შესარჩევი 12 5-3 62.5 1.0862
VI კალათა
21 ჩეხეთი ევრობასკეტის შესარჩევი 13 5-3 62.5 1.0254
22 სერბეთი ევრობასკეტის შესარჩევი 14 6-4 60 1.1733
23 ისრაელი ევრობასკეტის შესარჩევი 15 6-4 60 1.1464
24 შვედეთი ევრობასკეტის შესარჩევი 16 4-4 50 1.0870

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე კარგი ვარიანტი -
1. მაკედონია
2. სლოვენია
3. ხორვატია
4. უკრაინა
5. საქართველო
6. შვედეთი

არაუშავს ვარიანტი
1. მაკედონია
2. საბერძნეთი
3. ხორვატია
4. პოლონეთი
5. საქართველო
6. ჩეხეთი
gizo
14:08 27-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული