მაინცდამაინც საქართველოსთან რატომ ისვრიან პერიმეტრიდან შეუჩერებლად?

AutoSharing Option
2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას ორ ძირითად კომპონენტში აჯობა: მეტოქეზე 10-ით მეტი ორქულიანი ჩააგდო (21), ათით მეტჯერ მოხსნა (38), მაგრამ 15 სამქულიანი მიიღო, რამაც მატჩის ბედი ექს-იუგების სასარგებლოდ გადაწყვიტა - 87:75.

როცა მოწინააღმდეგე შორეული ტყორცნებით 45 ქულას აგროვებს, გამარჯვების პრეტენზია ნაკლებად უნდა გქონდეს.

სლოვენიასთან პერიმეტრის სათანადოდ გადაკეტვა და გამარჯვება იცით, რას ნიშნავდა? - ევრობასკეტის ხმაურიან სენსაციას და მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაბევებულ 2 ქულას. ერთ გამარჯვებას თუ მივამატებდით, ჩვენს ნაკრებს მეოთხედფინალში ვიხილავდით - სლოვენია სწორედ ორი მოგებით გავიდა საუკეთესო
რვა გუნდს შორის.

ახლა მოგახსენებთ სამ მიზეზს, რატომაც დაგვჭირდა 2011 წლის ამბის გახსენება:

პირველი - გვინდოდა კიდევ ერთხელ დაგვენახვებინა, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეოთხედფინალისტებზე უარესი გუნდი არ იყო. ერთ მატჩში, ერთ კომპონენტში ჩავარდნამ რვაეულში სლოვენია გაიყვანა.

მეორე - "ერთ მატჩში, ერთ კომპონენტში" კი ვახსენეთ, მაგრამ ევრობასკეტზე საუკეთესო 12 გუნდს შორის ყველაზე მეტი სამქულიანი საკუთარ კალათში სწორედ ქართველებს აქვთ მიღებული.

მას მერე ჩვენმა გუნდმა ევრო-2013-ის შესარჩევი ჩაატარა და ამ მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა - მეტოქეები მაინცდამაინც საქართველოსთან ისვრიან სამქულიანს სამქულიანზე. კიდევ უფრო უარესი ისაა, რეალიზების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

თუ ევრობასკეტზე სლოვენიელები ხეირობდნენ პერიმეტრიდან, ახლა ჰოლანდიელებიც იგივეს იმეორებენ. მოკლედ, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ კომპონენტში სიტუაცია არასახარბიელოა.

და მესამე მიზეზი, რატომაც სლოვენიასთან მატჩი გავიხსენეთ - საქართველოს ნაკრებს პოტენციალი ნამდვილად აქვს, რომ ევრობასკეტზე პლეი ოფისთვის იბრძოლოს და არ უნდა დავუშვათ, რომ "ერთ მატჩში, ერთ კომპონენტში" ჩავარდნამ მთელი გუნდის შრომა წყალში ჩაყაროს. ამ საკითხს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე დიდი ყურადღება სჭირდება.

პერიმეტრი! სხვა გზა მოჭრილია
ზემოთ არაერთი ციფრი შემოგთავაზეთ, თუმცა მეტი თვალსაჩინოებისთვის 2011 და 2012 წლების შედეგებს ცხრილის სახით წარმოგიდგენთ.

ევრობასკეტი-2011
სამქულიანების ტყორცნის მცდელობა (მეტოქის მიერ)
ად. გუნდი მცდ. საშ.
1. თურქეთი 8 134 16.8
2. სლოვენია 11 187 17.0
3. გერმანია 8 153 19.1
4. ფინეთი 8 155 19.4
5. მაკედონია 11 215 19.5
6. სერბეთი 11 217 19.7
7. ესპანეთი 11 217 19.7
8. რუსეთი 11 223 20.3
9. საბერძნეთი 11 228 20.7
10. საფრანგეთი 11 230 20.9
11. ლიტვა 11 233 21.2
12. საქართველო 8 182 22.8

ევრობასკეტი-2013. შესარჩევი
სამქულიანების ტყორცნის მცდელობა (მეტოქის მიერ)
ად. გუნდი მცდ. საშ.
1. ლატვია
8 102 12.8
2. თურქეთი
8 134 16.8
3. იტალია
8 135 16.9
4. ჩეხეთი 8 138 17.3
5. ფინეთი 8 149 18.6
28. ჰოლანდია 8 219 27.4
29. ისრაელი 10 278 27.8
30. ლუქსემბურგი 8 225 28.1
31. საქართველო 8 231 28.9

(შესარჩევში 31 გუნდი მონაწილეობდა)

ცხრილებიდან ნათელია, რომ საქართველოს ნაკრებს 2011 წლის ევრობასკეტზეც და წლევანდელ შესარჩევზეც ყველაზე მეტად უტევდნენ შორი მანძილიდან. რატომ? პასუხმა არ გაგაკვირვოთ - იმიტომ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ:

"საქართველოს ნაკრებს 2004 წლიდან ვიცნობთ. მას მერე უკვე მეხუთედ ვითამაშეთ ოფიციალურად. არ გვყავს სათანადო რესურსი, ქართველ მეფარეებს სამწამიან ზონაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამიტომ აქცენტს პერიმეტრიდან ტყორცნებზე ვაკეთებთ.

დღეს ეს კარგად გამოგვივიდა - 13 სამქულიანი ჩავაგდეთ", - განაცხადა ფინეთის ნაკრების თავკაცმა ჰენრიკ დეტმანმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის 87:73 ძლევის შემდეგ.

ბოლო ორ წელიწადში 16 ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. ერთადერთი, რომელსაც ფარქვეშ ვერ ვაჯობეთ, რუსეთია. ლოგიკურად, ბევრი მოწინააღმდეგე მწვრთნელი სწორედ ისე ფიქრობდა, როგორც ჰენრიკ დეტმანი - საქართველოსთან გამარჯვების ერთადერთი შანსი შორეული ტყორცნებიაო.

ამიტომაც იყო, 2012 წელს, შესარჩევზე ყველაზე მეტი სამქულიანი ჩვენი კალათის მიმართულებით რომ ისროლეს - 231. წლეულს ორჯერ დავმარცხდით: ჯერ ჰოლანდიაში (11 სამქულიანი მივიღეთ), შემდეგ თბილისში ბოსნიასთან (13 სამქულიანი ჩაგვიგდო). ბევრია.

...და აგდებენ
ზედა აბზაცში გავეცით პასუხი კითხვას, შორიდან ყველაზე მეტად საქართველოს რატომ უტევენ. ჩნდება ახალი კითხვა: 2012 წელს მეტოქეებმა რატომ ჩააგდეს ჩვენს კალათში 86 სამიანი (საშუალოდ, მატჩში 10.8)? 10-ზე მეტი მიღებული სამიანი, ჩვენს გარდა, მხოლოდ შესარჩევის ორ აუტსაიდერს, ლუქსემბურგსა და ალბანეთს აქვთ.

ევრობასკეტი-2011
მიღებული სამქულიანები
ად. გუნდი ჩაგდ. საშ.
1. თურქეთი 8 40 5.0
2. ფინეთი 8 41 5.1
3. სლოვენია 11 65 5.9
4. ესპანეთი 11 66 6.0
5. საბერძნეთი 11 67 6.1
6. მაკედონია 11 68 6.2
7. გერმანია 8 51 6.4
8. რუსეთი 11 72 6.5
9. სერბეთი 11 74 6.7
10. ლიტვა 11 78 7.1
11. საფრანგეთი 11 80 7.3
12. საქართველო 8 69 8.6

ევრობასკეტი-2013. შესარჩევი
მიღებული სამქულიანები
ად. გუნდი ჩაგდ. საშ.
1. ლატვია
8 38 4.8
2. იტალია 8 40 5.0
3. თურქეთი 8 41 5.1
4. ჩეხეთი 8 43 5.4
5. უკრაინა 8 46 5.8
28. ისლანდია 10 90 9.0
29. ალბანეთი 8 85 10.6
30. საქართველო 8 86 10.8
31. ლუქსემბურგი 8 89 11.1

86 სამქულიანს ორი მიზეზი შეიძლება მოეძებნოს: ჩვენი დაცვა და მეტოქის შეტევა. არც ამ მარტივმა პასუხმა გაგაკვირვოთ. ახლავე აგიხსნით.

მეტოქის შეტევა. როგორც გითხარით, მოწინააღმდეგეები ქართველებთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადებიან.

კარგად მახსოვს, 2010 წლის 19 აგვისტოს სპორტის სასახლეში ბელგიის ნაკრები როგორ ვარჯიშობდა: წვრთნის პირველი წუთიდან ბოლომდე კალათბურთელები სამქულიან პოზიციაზე გასვლაზე მუშაობდნენ.

ყველა მოწინააღმდეგე ასეთივე განსაკუთრებული ტაქტიკით ვარჯიშობს და როცა იცი, სამქულიანის ვერჩაგდების შემთხვევაში განწირული ხარ, პერიმეტრიდანაც მაღალი პროცენტული სიზუსტით ისვრი (როცა მაღალი კლასის კალათბურთელი ხარ), რაშიც შარშან სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა (9-დან 5 სამიანი), ხოლო წლეულს ბოსნიელმა მირზა ტელეტოვიჩმა დაგვარწმუნეს.

ჩვენი დაცვა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ კომპონენტში სხვებზე სუსტები ვართ. მანუჩარ მარკოიშვილს სლოვენიის "ოლიმპიადან" მოყოლებული კლუბებში მოწინააღმდეგეთა მთავარი მექულეების შეჩერება ევალებოდა, ზაზა ფაჩულია NBA-ს ცენტრებს შორის დაცვაში გამორჩეულია, ვიქტორ სანიკიძის მაღალი დონის დამცველობაში ბოსნიასთან პირველ ტაიმში დავრწმუნდით, ვიდრე ჯარიმებით დაიხუნძლებოდა, ტელეტოვიჩს ხელი არ გაანძრევინა...

ყველა კალათბურთელს სათითაოდ ვერ დავახასიათებთ; უბრალოდ ვიტყვით, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ მეტოქეებს არათუ ათი, შვიდი სამქულიანიც არ ჩააგდებინონ. თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვის სირბილის მიზეზად ორი ნიუანსი უნდა დავასახელოთ.

ერთზე ზემოთ უკვე მივანიშნეთ: სანიკიძე ჯარიმებით რომ დაიხუნძლა, დიდი სიფრთხილით ეთამაშებოდა ტელეტოვიჩს, რათა მეხუთე ფოლი არ მიეღო და მოედანი არ დაეტოვებინა. მან კარგად იცოდა, რომ მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო.

იგივეს თქმა შეიძლება დანარჩენ 5 კალათბურთელზე, რომლებზეც მთელი სიმძიმე გადადიოდა. სხვათა შორის, ბოსნიის თამაშიც, ძირითადად, 6 კალათბურთელზე იყო დაფუძნებული და არც მათ ჰქონდათ ხისტი დაცვა, ჯარიმებს ერიდებოდნენ. ამიტომაც იყო, ურთიერთშეხვედრებში 100-100 ქულამდე რომ ავედით. პირველი შეხვედრა 96:95 მოვიგეთ, მეორე 107:103 დავთმეთ.

მეორე მიზეზი, რატომაც ჭირს პერიმეტრიდან მოძალების შეჩერება, ენერგიაა. გემახსოვრებათ, რუმინეთთან სადებიუტო მატჩში როგორ აგრესიულად ვეთამაშებოდით მოედნის მთელ სივრცეზე. მოწინააღმდეგეს ბურთს მისსავე მოედანზე ვართმევდით.

შესარჩევის ბოლოს კი, მთელ მოედანზე აგრესიულ დაცვას ვინ ჩივის, სწრაფ შეტევებსაც იშვიათად ვახორციელებდით, რადგან აუცილებელი იყო კალათბურთელების ენერგიის ბოლო წუთებისთვის გამოზოგვა.

ნორმალურ პირობებში, დაცვისას ყველაზე მეტი სირბილი პერიმეტრის მოთამაშეებს უწევთ. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს კი არანორმალურ პირობებში უწევდათ დაცვაზე მუშაობა, ორჯერ მეტი დატვირთვა ადგებოდათ, რადგან მეტოქეები უმთავრესად სამქულიანებით ცდილობდნენ ხეირის ნახვას - ორი-სამის ნაცვლად, პერიმეტრზე 4-5 მოწინააღმდეგე ტრიალებდა.

გავიხსენოთ ლატვიის ნაკრები, რომელშიც კალათბურთელები ერთმანეთს ხშირად ენაცვლებოდნენ და ბოლო წუთებზე ისეთივე ენერგიით იცავდნენ თავს, როგორც დასაწყისში. სწორედ ამის შედეგია, რომ შესარჩევი ეტაპის მონაწილე 31 გუნდს შორის ყველაზე ნაკლები, 38 სამქულიანი (საშუალოდ 4.8) სწორედ ბალტიისპირელებს აქვთ მიღებული.

რჩება 11 თვე
დაკვირვებულ მკითხველს გაუჩნდებოდა კითხვა: თუ საქართველოს ნაკრების ფარქვეშ "ბუზი ვერ ჭაჭანებს", მაშინ უმჯობესი ხომ არ იქნება, სამწამიანი ზონის დაცვა მხოლოდ ზაზა ფაჩულიას მივანდოთ და დანარჩენებმა პერიმეტრის მოთამაშეებს მიხედონ?

გაგახსენებთ: ლატვიასთან შეხვედრის დასაწყისში იყო ეპიზოდი, როცა მეტოქემ სამწამიანი ზონიდან ქულა-ქულაზე ჩააგდო. ასე რომ, პერიმეტრის გადაკეტვა და შეუვალი ციხის აშენება იოლი საქმე არ არის.

საჭიროა ათასგვარი გათვლა, მაღალი დონის მშენებლები, სწორი დაპროექტება და ა.შ. არც რესურსი გვაკლია, არც ხარისხი და მწვრთნელებსაც ჩვენზე კარგად მოეხსენებათ, რომ პერიმეტრის გადაკეტვისთვის მტკიცე ბოქლომია საჭირო, რომლის მოსაძიებლად და ციხესიმაგრის დასაპროექტებლად 11 თვე აქვთ.

სლოვენიის ევრობასკეტზე ხომ ჰოლანდიაზე, რუმინეთსა და ლატვიაზე ძლიერი "მტრები" შეეცდებიან კარიბჭის ურნალით შემოტეხვას, კატაპულტებსაც გამოიყენებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ჰოლანდია 97:89 - მადლობა გულშემატკივარს, მადლობა კალათბურთელებს! [VIDEO]
ლატვია-საქართველო 70:73 - ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე
საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი სტატიაა. ობიექტურად დაწერილი და რაც მთავარია მიზეზები არის მოძებნილი თურატომ გვიგდებენ ამდენ სამიანს. მომეწონა
giorgi
15:03 03-10-2012
0
საგოლ რა მაგარი სტატიაა მაც გეტანხმები თუ პერიმეტრს არ მივხედეთ გასვლაზე ვერც ვიოცნებებთ
kote
16:44 03-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული