ვიქტორმა კარიერა ევროპაში გააგრძელა, თუმცა 2007 წელს მუხლებზე ოპერაცია დასჭირდა და სანანტონიოელებმა მისდამი დიდი ყურადღება გამოიჩინეს. სწორედ გუნდის ინიციატივით, ოპერაცია ამერიკაში ჩატარდა და რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის პროცესი სანიკიძემ სწორედ სან ანტონიოში გაიარა.
მოგეხსენებათ, სპურსში მას შემდეგ ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, გუნდს ისევ წვრთნის გრეგ პოპოვიჩი და თამაშობენ ტიმ დანკანი, ტონი პარკერი და მანუ ჯინობილი.
გამოჯანმრთელებული სანიკიძე კვლავ ევროპაში ჩამოვიდა და ბებერ კონტინენტზე განაგრძო მზადება ამერიკაში
დაბრუნდა კიდეც, თან ქალაქ სან ანტონიოში, ოღონდ ევროპულ კლუბთან ერთად - იტალიურმა "მონტეპასკიმ" ახალი სეზონის წინ ორი საკონტროლო მატჩი ამერიკაში დაგეგმა, "სან ანტონიო სპურსთანა" და "კლივლენდ კავალიერსთთან". "სპურსთან" შეხვედრა 7 ოქტომბერს, თბილისის დროით გამთენიისას გაიმართა.
იტალიელთა მხრიდან ყურადღების ცენტრში იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელიც გრეგ პოპოვიჩსაც შეხვდა და უშუალოდ მატჩის წინ ტიმ დანკანმაც თბილად მოიკითხა. ვიქტორი "მონტეპასკის" მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ სასტარტო ხუთეულში დააყენა და ძირითადად, მსუბუქ ფორვარდად ათამაშა. პირველ მეოთხედში 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კალათს ერთხელ შეუტია და შორეული ტყორცნა სამქულიანად აქცია.
საწყის 20 წუთში იგი მოხსნებში ვერ გამოირჩა, თუმცა მეორეში ფარიდან ასხლეტილ ბურთს 9-ჯერ დაეუფლა და საბოლოოდ მატჩი 5 ქულით, 11 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა.
სანიკიძემ თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი, 31 წუთი ითამაშა. რაც შეეხება 11 მოხსნას, ეს მატჩის მონაწილეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას სანანტონიოელები ფლობდნენ, პირველივე მეოთხედში 11-ქულიანი უპირატესობა დაიბევეს და იტალიელებისთვის თამაშის შემობრუნების შანსი არ მიუციათ. საბოლოოდ 106:77 ამერიკელთა სასარგებლოდ.
სიენელთა გუნდში 10 ქულას ორი კალათბურთელი ასცდა, ბრაუნი და ეზე. პირველმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო მეორემ - 15.
"სან ანტონიოს" მაისურით 18-მა კალათბურთელმა ითამაშა. დანკანმა და პარკერმა 9-9 ქულა მიითვალეს, ხოლო ჯინობილიმ - 11.
როდის ვიხილავთ სანიკიძეს "სპურსში"?
ამერიკულ საიტ "ეარ ალამოზე" გამოქვეყნდა ვრცელი სტატია ვიქტორ სანიკიძის შესახებ. აი, რას წერს ქიქსემ მარტინესი:
"2004 წელს, როცა დრაფტის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე "სან ანტონიოს" დარჩა, ეს ამერიკული კლუბი ყურადღებით აკვირდება ვიქტორის გამოსვლას ევროპაში. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა - ამერიკელებს კვლავ აინტერესებთ სანიკიძე.
2011-12 წლების სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იყო, იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ ორმაგ დუბლს ასრულებდა. ვიქტორის კარგი გარჯა ევროლიგის წარმომადგენელ "მონტეპასკის" მხედველობიდან არ გამორჩენია და ტრანსფერიც შედგა.
ამ გუნდთან ერთად სანიკიძე ამერიკაში ჩამოვიდა და "სან ანტონიოსთან" ამხანაგურადაც ითამაშა. მან ყველაზე მეტი მოხსნა მოაგროვა და მატჩი 5 ქულით დაასრულა.
სანიკიძე უყურადღებოდ არც ამერიკელ ჟურნალისტებს დაუტოვებიათ, დაუსვეს ყველასთვის საინტერესო შეკითხვა "სპურსთან" დაკავშირებით. ვიქტორმა უპასუხა, რომ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს მასზე თვალი ახლაც უჭირავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დრაფტით მიღებულ უფლებებზე "სან ანტონიოს" ხელი ჯერ არ აუღია.
ქართველი თავდამსხმელი პროგრესირებს. ჰქონდა შეფერხებებიც. საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონატებში სამი წლის განმავლობაში გამოდიოდა, თუმცა სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა.
ვიქტორმა საკუთარი თამაში იტალიურ "ვირტუსში" იპოვა, რომელშიც 2009 წლიდან თამაშობს. როგორც უკვე ითქვა, იგი გასულ სეზონში მრავალმხრივად გამოირჩა - მოხსნებსა და ქულებში. სამქულიანი ტყორცნებისასაც შედეგიანი გახლდათ...
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკაში სანიკიძე კარგ მომხსნელად და პერიმეტრიდან მტყორცნელად წარმოჩნდება. თუმცა იგი 26 წლისაა და ამერიკამდე კიდევ შეუძლია წინსვლა - სიენელებთან ორწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სანიკიძე ასი პროცენტით მზად იქნება ამერიკისთვის.
თუმცა "მონტეპასკისთან" კონტრაქტში არის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვით, ამერიკული კლუბის ინტერესის შემთხვევაში მას "მონტეპასკის" დატოვება შეუძლია. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ვიქტორ სანიკიძე მომავალ ზაფხულს "სან ანტონიოს" საწვრთნელ პროცესში ვიხილოთ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"