ქართველები და ევროკალათბურთი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს "დაბადების დღიდან" (1994 წლის 20 მარტი) ევროპის ჩემპიონატამდე 16 წელიწადი, 76 მატჩი, 55 კალათბურთელის გამოცდა და 7 მწვრთნელის გამოცვლა დასჭირდა. რამდენი ოფლი (თავიდან ასოები ამერია და "ფოლი" დავწერე) დაიღვარა, ნერვიულობას რამდენი ჩამწვარი სიგარეტი და დაფერფლილი ოცნება მოჰყვა, ამის დათვლა შეუძლებელია. არც არის აუცილებელი. სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ დრაჟენ ბრაიკოვიჩისადმი (ნაკრებს 2004 წელს წვრთნიდა) წაყენებული სამართლიანი პრეტენზია: თუ ჩვენს მენტალიტეტს ვერაფერი გაუგო, ქართულ საკალათბურთო ტრადიციებზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ისტორიისთვის მაინც გადაეხედაო.

ჰოდა, როცა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მოხვედრილ ნაკრებზე
ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გადავფურცლოთ საკალათბურთო ისტორიის სქელი წიგნი. ბოლო ქვეთავი 2010 წლის ამბებს მოიცავს და კომპიუტერის "ფაფუკ" კლავიატურაზეა აკრეფილი. პირველი ქვეთავი კი 1947 წლით თარიღდება და მელანში ჩაწობილი ბუმბულითაა შესრულებული.
ახალ რუბრიკაში სწორედ იმას გავარკვევთ, როგორ გარდაიქმნა სამელნე - კლავიატურად, როგორ "გადაიცვეს" ევროპის ჩემპიონმა ქართველებმა СССР-იან მაისურაზე ახალი ფორმა - GEOღGIA.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ დღეიდან კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ რუბრიკას "ქართველები და ევროკალათბურთი". დავიწყებთ 1947 წლით და ფურცვლა-ფურცვლით 2010-მდე მოვალთ.

რით იწყება ყოველი წიგნი? ლამაზად გაფორმებული ყდით, წინასიტყვაობით, სარჩევით... ამ სტატიის გაფორმება გაზეთის დიზაინერს მივანდოთ; წინასიტყვაობა ზემოთ უკვე დავწერეთ; მივადექით სარჩევს. სწორედ "სარჩევი" დავარქვით ამ რუბრიკის პირველ წერილს. დღეს მოკლედ მოგითხრობთ, რისი წაკითხვა შეგეძლებათ მომდევნო კვირებში. ჩვეულებრივ, წიგნების სარჩევებში გვერდების ნუმერაციაა. ჩვენ ეს არ გამოგვადგება - წლების მიხედვით დავნომრავთ.

1947. ამ წელს საბჭოთა კავშირმა ევროპის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში დებიუტანტმა სსრკ-მ ექვსივე მატჩი მოიგო და ოქროს დაეუფლა. საეჭვოა, ოთარ ქორქიას გარეშე "წითლებს" წარმატებისთვის მიეღწიათ. ეს სტატიის ავტორის მოსაზრება არ არის, ალექსანდრ გომელსკის ნააზრევია, რასაც მომდევნო კვირას სრულად შემოგთავაზებთ. ქორქიასთან ერთად საბჭოთა ნაკრებში ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდა.

1949. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ევროპის 1949 წლის ჩემპიონატი აფრიკაში გაიმართა. მას ეგვიპტის დედაქალაქმა ქაირომ უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

1951. საფრანგეთში ჩატარებულ ევრობასკეტზე სსრკ-ს ოთარ ქორქია გაუძღვა და, ცხადია, ჩემპიონი გახდა. ნოდარ ჯორჯიკია მწვრთნელ სტეპან სპანდარიანს პარიზში არ წაუყვანია.

1953. ევროფორუმს მოსკოვმა უმასპინძლა. ოთარ ქორქიას (მეათე ნომერი იყო) გუნდმა ათივე მატჩი მოიგო.

1955. ყველასთვის მოულოდნელად სსრკ-მ ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთთან წააგო და ლეგენდარული ოთარ ქორქია ბრინჯაოს დასჯერდა.

1957. სამგზის ევროპის ჩემპიონმა ქართველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და "წითლებს" ბულგარეთის ევრობასკეტზე აღარ გაჰყვა. თუმცა ამ შეჯიბრებას ჩვენიანის გარეშე არ ჩაუვლია - საერთაშორისო კარიერა ევროპის ჩემპიონობით დაიწყო გურამ მინაშვილმა.

1959. სსრკ თურქეთშიც საუკეთესო იყო. მინაშვილმა მეორე ოქრო მოიპოვა.

1961. იუგოსლავიის ევრობასკეტზე გურამ მინაშვილი ვლადიმერ უგრეხელიძემ შეცვალა. მანაც ოქრო დაისაკუთრა.

1963. მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ ნაკრებში მინაშვილი დააბრუნა, ხოლო უგრეხელიძისთვის ადგილი ვერ გამონახა. გურამ მინაშვილი ოთარ ქორქიას დაეწია - მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა.

1965. საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე გურამ მინაშვილი ზურაბ საკანდელიძემ შეცვალა. მასთან ერთად ოქროს მედალი ამირან სხიერელმა მოიპოვა. 1965 წელს ევრობასკეტს საბჭოეთის ორმა ქალაქმა უმასპინძლა - მოსკოვმა და თბილისმა.

1967. ფინეთში ზურაბ საკანდელიძე მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

1969. საკანდელიძეს ნაკრებში სერგეი კოვალენკო შეუამხანაგდა და სსრკ-მ მეათედ დაამტკიცა, რომ ძველ კონტინენტზე ბადალი არ ჰყავდა.

1971. გფრ-ში გამართულ ევრობასკეტზე გამოჩნდა მიხეილ ქორქია. ზურაბ საკანდელიძემ კი რეკორდი დაამყარა - ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ (ოთხჯერ) მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

1973. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... რვაჯერ?! დიახ, ზედიზედ რვაჯერ ევრობასკეტი სსრკ-მ მოიგო. თუმცა ცხრამდე ვერ ავიდა - 1973 წელს მე-3 ადგილს დასჯერდა. ვლადიმირ კონდრაშინის გუნდში იყვნენ ზურაბ საკანდელიძე და სერგეი კოვალენკო.

1975. მიხეილ ქორქიასთან ერთად საბჭოთა კრებული ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ იუგოსლავიასთან 84:90 დამარცხდა.

1977. ბელგიაშიც ზუსტად ის განმეორდა, რაც ორი წლის წინათ: სსრკ-მ იუგოსლავიასთან წააგო, მიხეილ ქორქიამ ვერცხლის მედალი მიიღო.

1979. რვაწლიანი შესვენების მერე ევროპა კვლავ გაწითლდა - საბჭოთა ნაკრებმა მეთორმეტედ მოიგო ევრობასკეტი. სსრკ-მ პირველად ითამაშა ქართველების გარეშე.

1981. 22 წლის ნიკოლოზ დერიუგინმა СССР-იანი მაისურა პირველად ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაიცვა და მეოთხე მატჩში თავიც გამოიჩინა - თურქეთს 25 ქულა ჩაუგდო. დერიუგინის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო.

1983. სსრკ-ს ნაკრები საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანეთთან 94:95 წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს დაეუფლა. ნიკოლოზ დერიუგინი საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა.

1985, 1987, 1989, 1991, 1993, 1995... ლიტვურ, ბერძნულ ან იუგოსლავიურ გაზეთში რომ ვწერდეთ, ამ წლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე სათქმელი გვექნებოდა, მაგრამ ქართველებს არ უთამაშიათ. ეს არც იყო გასაკვირი: საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლად შეუდგა ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზას. როგორც გითხარით, გზა ძალიან გაუგრძელდა...

1997. ამ წელს ევროფორუმს ესპანეთმა უმასპინძლა. პირველად საქართველოს ნაკრებმა სწორედ ევრო-1997-ის შესარჩევში ითამაშა. ნიკოლოზ დერიუგინით გაძლიერებულ GEOღGIA-ს ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ორი მოგება დააკლდა. მას მერე დაიწყო დაღმასვლა...

1999. ევრობასკეტი-1999-ის შესარჩევის შუა პერიოდში ნაკრებში თაობათა ცვლასთან ერთად მწვრთნელიც შეიცვალა - ბესიკ ლიპარტელიანის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ლევან მოსეშვილი დაინიშნა. ამ ციკლში პირველად მოირგო ნაკრების მაისურა ვლადიმერ ბოისამ.

2001. ყველაზე ცოტა მატჩი ევროპის 2001 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშეთ - 5. პირველივე რაუნდიდან გამოვვარდით. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ნიკა ცქიტიშვილს.

2003. ლევან მოსეშვილი ზურაბ ტომარაძემ შეცვალა. ლუქსემბურგთან მატჩში ნაკრებში პირველად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. ქართველები ჯუჯებთან 71:92 დამარცხდნენ. შემდეგ ბულგარეთთან და ბელარუსთან სტუმრად დათმეს და ევრობასკეტზე ოცნებას დაემშვიდობნენ.

2007. საქართველოს ნაკრებს ევრო-2005-ის შესარჩევში არ უთამაშია. არ გეგონოთ ფიბა-ევროპის ხელმძღვანელებმა გამოიჩინეს გულისხმიერება და პირდაპირ დაგვიშვეს ფინალურ ეტაპზე... პირიქით, ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით ნაკრებები ორ დივიზიონად გაიყო და ქვედა ეშელონში მოხვედრილ გუნდებს უახლოეს ევრობასკეტამდე სამწლიანი გზა უნდა გაევლოთ. 2004-05 წლებში 2007 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვითამაშეთ, მაგრამ B დივიზიონში ჩავრჩით. სწორედ ამ ციკლში გამოჩნდა პირველად ნატურალიზებული ამერიკელი (შემონდ უილიამსი) და უცხოელი მწვრთნელი (2004-ში დრაჟენ ბრაიკოვიჩი, 2005-ში გორდონ ჰერბერტი).

2009. ვერც ამჯერად ამოვძვერით მეორე ლიგიდან (ფინეთმა გვაჯობა). ამ ციკლში შემონდ უილიამსი ტაირონ ელისმა შეცვალა, ხოლო გორდონ ჰერბერტი - კენ შილდსმა.

2011. ლიტვაში გასამართი ევროფორუმისთვის ბრძოლა 2008 წლიდან დავიწყეთ. 2008-09 წლებში სერბი სპეციალისტის, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით B დივიზიონიდან ამოვძვერით, 2010-ში შესარჩევ ტურნირზე პოლონეთს, ბულგარეთსა და პორტუგალიას გავასწარით, მხოლოდ ბელგიას ჩამოვრჩით და გაისად დამატებითი საკვალიფიკაციო უნდა გვეთამაშა. თუმცა, 2010 წლის 5 სექტემბერს ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა და 28 წლის შემდეგ (1983) ქართველები ევრობასკეტს ისევ დაუბრუნდნენ. თუ აქამდე მაქსიმუმ ორი ჩვენიანი თამაშობდა, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 12-კაციანი ნაკრები დაიცავს და რაც მთავარია - ჩვენი ჰიმნი აჟღერდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული