ვლადიმერ ბოისა: ნაკრებში თუ გამომიძახებენ უყოყმანოდ გამოვცხადდები

AutoSharing Option
2012-13 წლების სეზონამდე ვლადიმერ ბოისას 11 სხვადასხვა გუნდში უთამაშია. სლოვენიის ჩემპიონატი არაერთხელ მოუგია, ხოლო 2007 წელს იტალიის ჩემპიონიც გახდა.

ასეთი შედეგები ციდან არ მოდის. ვოვა ჩვენი გაზეთის სტუმარია და მოგვითხრობს, რა არის საჭირო ევროლიგის დონის კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად.

ვიდრე კითხვა-პასუხის გზას შევუყვებოდეთ, შეგახსენებთ, რომ ბოისა 1998 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია... სიტყვა "წევრია" აწმყო დროში უნდა ეწეროს - მართალია, ვოვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2012 წელს არ მიიწვია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალი ევრობასკეტი (2013) ბოისას გარეშე ჩაივლის.

კლუბი
ვლადიმერ ბოისას ინტერვიუს დასაწყისში ვკითხეთ: საქართველოში, "არმიაში" სათამაშოდ იმიტომ ხომ არ ჩამოხვედით, რომ ფორმა აღიდგინოთ და წარმატებული სეზონის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდეთ?

- საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ აქ ვარ დაბადებული, დიდი ხანია უცხოეთში ვთამაშობ და მსურდა კარიერის ბოლოს კვლავ სამშობლოში მეთამაშა.

აქ შესაძლოა ორი სეზონი გავატარო, მეტი, ან ნაკლები. ოჯახი სლოვენიაში მყავს, ბავშვები იქ დაიბადნენ და მინდა საქართველო კარგად გაიცნონ.

მართალია, ისინი სასწავლებლად აქ ვერ გადმოვლენ, მაგრამ თბილისში რომ ვითამაშებ არდადეგებზე ხშირად ჩამოვლენ და ნახავენ სად დავიბადე და გავიზარდე. იყო კიდევ ერთი მიზეზი, რამაც აქ გადმოსვლა გადამაწყვეტნა - არ მინდოდა კარიერა ისე დამემთავრებინა, რომ ჩემი ძმის გვერდით კლუბში არ მეთამაშა.

- "არმიას" გარდა საინტერესო წინადადებით კიდევ ვინ მოგმართათ?
- ევროლიგის გუნდში გადასვლის შანსი რომ გამჩენოდა, წავიდოდი, მაგრამ იტალიის მეორე ლიგაში კარიერის გაგრძელების გამო ოჯახიდან მოწყვეტა ნამდვილად არ ღირდა.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველივე შეჯიბრება მოიგეთ.
- დუდუ დადიანს ვიცნობდი, კარგი პიროვნება გახლდათ. მისი სახელობის მემორიალზე გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი იყო.

რაც შეეხება "არმიას" თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრება მოვიგეთ, იყო არაერთი ხარვეზი.

მემორიალის დაწყებამდე სრული შემადგენლობით ერთი ვარჯიშიც არ გვქონდა ჩატარებული, გუნდი ნელ-ნელა იკრიბებოდა და ლეგიონერებიც გვიან შემოგვიერთდნენ.

- არაერთი ქართული გუნდის თამაში იხილეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- მართალია, ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ "არმიაში" მაღალი კლასის კალათბურთელები არიან შეკრებილნი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტიცაა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გუნდები სუსტები არიან, მემორიალზე არაერთი საინტერესო მატჩი ვნახეთ მათი შესრულებით.

- ევროჩელენჯზე პირველი ოფიციალური შეხვედრა 7 ნოემბერს ისრაელშია. როგორ ფიქრობთ, მოასწრებს მანამდე "არმია" სათანადო კონდიციებში ჩადგომას?
- ამ საკითხზე დღეს ძნელია კონკრეტულად ლაპარაკი. მწვრთნელსაც სურდა, გუნდს შეკრება გაევლო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა.

საერთოდ, ფორმაში შესასვლელად ყველა გუნდს თვენახევარი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია საკონტროლო მატჩები. 20 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს ვტოვებთ, სუპერლიგაში 27-ში ჩავერთვებით.

- ფეისონი, შელბომი, მილეიჯი და უილსონი. რა შეიძლება ითქვას "არმიას" ლეგიონერებზე?
- ისინი ოქტომბრამდე ელოდნენ სასურველ წინადადებას. როცა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობ, ძნელია რეჟიმის დაცვა. ამიტომ სადღეისო კონდიციებით ამა თუ იმ კალათბურთელის კლასზე ვერ ვიმსჯელებთ. ყველას ძლიერ ევროპულ კლუბებში აქვთ ნათამაშები და საკმარისი გამოცდილებაც აქვთ ჩვენს დასახმარებლად.

ბავშვები
შემდეგი თემა ბავშვთა კალათბურთი იყო. დავინტერესდით, ვლადიმერ ბოისამ რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც კალათბურთელობა?

- ჩემი მშობლები ფრენბურთელები არიან. 90-იან წლებში რუსთავში, ეზოებში ყველა ფეხბურთსა და კალათბურთს თამაშობდა (ახლა კომპიუტერმა ბევრი ბავშვი მოწყვიტა მოედანს), არც მე ვიყავი გამონაკლისი. ეზოში დიდ დროს ვატარებდი და 11 წლისა რომ გავხდი მშობლებმა ჩემი კალათბურთზე შეყვანა გადაწყვიტეს. მანამდე ცურვაზე დავდიოდი. ეს სპორტიც ძალიან მიყვარს.

- სლოვენიურ ბავშვთა კალათბურთსაც კარგად იცნობთ. ქართულთან პარალელის გავლება რთულია?
- სლოვენიაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემით მუშაობენ. პატარებს პროფესიონალიზმს თავიდანვე აჩვევენ. დარწმუნებული ვარ, ქართველ და სლოვენიელ ბავშვს რომ შეეკითხო, კალათბურთის ნიუანსები, სლოვენიელს უკეთ ეცოდინება.

ანა-ბანას ადრეულ ასაკში ასწავლიან - როგორ უნდა დაეხმარნონ პარტნიორს, რა სიტუაციაში რომელ პოზიციაზე დადგნენ, მოხსნის შემდეგ პირველად საით უნდა გაიხედონ და ა.შ. ქართველ მწვრთნელებზე ცუდს არ ვამბობ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სათანადო სისტემაა ჩამოსაყალობებელი, რომლის მიხედვითაც ყველა იმუშავებს. მწვრთნელებს კი განახლება (Upgrade) ყოველთვის სჭირდებათ.

- სლოვენიის გზით დიდ კალათბურთს არაერთი ქართველი კალათბურთელი ეზიარა, სტეფანია, ცქიტიშვილი, მარკოიშვილი...
- ყველა, ვინც სლოვენიაში ვიყავით, ისეთ გუნდებში მოვხვდით, დასვენების დღე რომ არ გვქონდა.

ყოველდღიურად ორჯერ ვვარჯიშობდით, თამაშების დღეებშიც კი არ გვასვენებდნენ. ასეთ რეჟიმში თუნდაც 2 წელიწადი ვარჯიშის შედეგად კალათბურთელი აუცილებლად მოუმატებს. მთავარია არ დაიზაროს.

ნაკრები
სლოვენიელებს ვლადიმერ ბოისა "ოლიმპიას" თეთრ-მწვანე ფორმით დაამახსოვრდებათ. ქართველ გულშემატკივარს კი - საქართველოს ნაკრების თეთრ-წითელი მაისურით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იგი წლეულს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა არ გამოიძახა. ბოისას მწვრთნელზეც ვკითხეთ.

- მოთამაშე ვარ და მწვრთნელის მუშაობას ვერ განვსჯი. ზოგადად ეს შემიძლია ვთქვა: 15 წელია საქართველოს ნაკრებში ვარ, ვთამაშობდი მეორე დივიზიონშიც, A ლიგაშიც და ნაკრების ღირსება ევროპის ჩემპიონატზეც დავიცავი.

არაერთ სპეციალისტთან მიმუშავია და შემიძლია ვთქვა, რომ იგორ კოკოშკოვის მწვრთნელობისას სანაკრებო ატმოსფერო ყველაზე უკეთესია. იგი ჭკვიანი კაცია, იცის ვის როგორ მიუდგეს, როგორ ილაპარაკოს. მაგალითად, გორდონ ჰერბერტი მკაცრი იყო, ვუთხარი კიდეც, როცა საქმე ნაკრებს ეხება, სხვაგვარი მიდგომაა საჭირო-მეთქი.

- 1998 წლის შემდეგ პირველად წლეულს არ გამოგიძახეს. როგორ შეხვდით მწვრთნელის ასეთ გადაწყვეტილებას?
- როგორც უკვე აღვნიშნე, 15 წლის განმავლობაში, როცა მიძახებდნენ, ნაკრებში ყოველთვის ჩამოვდიოდი და უყოყმანოდ ჩამოვალ კიდეც. ისიც ვიცი, რომ მოვა დრო, როცა გუნდს არ დავჭირდები.

ეს გარდაუვალია. თუმცა შეიძლებოდა, სხვა ფორმით მომხდარიყო - ბოლო დროს, შემადგენლობის გამოცხადებისას გავიგე, რომ ნაკრებში არ ვიყავი გამოძახებული. ეს იყო ცუდი. არადა, ყველა კალათბურთელს აქვს საკუთარი მონახაზი რა უნდა დაგეგმოს ზაფხულში. გასულ ზაფხულს სანაკრებოდ ვემზადებოდი...

- არგამოძახების შემდეგ ანატოლი ბოისა ნაკრებში თამაშზე დაფიქრდა. რა ურჩიეთ ძმას?
- ტოლიკა პროფესიონალია და იცის რას აკეთებს. მას ნაკრებში გამოსვლაზე უარი რომ ეთქვა, შესაძლოა ვინმეს ეფიქრა, თითქოს მე ვურჩიე. რეალურად პირიქით იყო - ვუთხარი, რადგან მწვრთნელმა გამოიძახა, ნაკრებში უნდა ეთამაშა.

- ნაკრებში არგამოძახების რა მიზეზი დაგისახელეს?
- არ ვიცი. მხოლოდ ის ვუთხარი - სანაკრებოდ მზად ვარ, შეკრებაზე ჩამოვალ, ვივარჯიშებ, ნახეთ თუ არ დაგჭირდებით, მაშინ საბოლოო განაცხადში არ შემიყვანოთ-მეთქი. იმედია, სწორად გამიგებთ: როცა საქმე საკლუბო კარიერას ეხება, ხშირად ნაკრები ხელს უშლის.

- კონკრეტულად?
- "ოლიმპია" და "მონტეპასკი" მზადებას მაშინ იწყებდნენ, როცა ნაკრებს თამაშები ჰქონდა. კლუბებს გვიან ვუერთდებოდი, როცა შემადგენლობების დაკომპლექტება დასრულებული იყო. მაგრამ ამის გამო ნაკრებზე უარი არასოდეს მითქვამს. პირიქით, კარიერის თავიდან დაწყების საშუალება რომ მომეცეს, ისე მოვიქცეოდი, როგორც აქამდე - ეროვნულში ყოველ წელს ჩამოვიდოდი.

- ნაკრებში გამოსვლიდან ყველაზე მეტად რა გახსენდებათ?
- ყოველი წელი დასამახსოვრებელი იყო. მთელი სეზონის განმავლობაში კლუბებში გვიწევს თამაში და ერთმანეთს ვერ ვხვდებით, ნაკრები კი საშუალებას გვაძლევდა ბიჭები გავერთიანებულიყავით და ქვეყნის ღირსება დაგვეცვა.

გამოგიტყდებით, მეგობრები ყოველთვის მენატრებოდა. ჩვენი ერთობლივი შრომა 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით დაფასდა.

ლიტვაში შეჯიბრება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, ჩვენმა ნაკრებმაც ღირსეულად ითამაშა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასახსენებელი სანაკრებო მგზავრობები იყო.

მაგალითად, 2000 წელს ბულგარეთიდან ბელარუსში ჩასვლა ძალიან გაგვიჭირდა, ვიმგზავრეთ კომეტით, მარშრუტული ტაქსით, კატამარანიღა დაგვრჩა... ძნელი იყო, მაგრამ დღეს ამ ამბავს სიამოვნებით ვიხსენებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გულიანი ბიჭია და კარგი კალათბურთელი. შეუძლია კიდევ თამაში და იქნებ მიეცეს კიდევ შანსი
nukri
12:31 21-10-2012
0

სიახლეები პოპულარული