პირველი: ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მისი თანაგუნდელი ჯოშ სმიტი საქართველოზე ლაპარაკობს - თუ დამიძახებთ, თქვენს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებო. ჯოში NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ფიზიკურად ძლიერი, უნივერსალური კალათბურთელია და საქართველოს ნაკრებისთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.
თუ ზაფხულში სმიტს ქართულ ტრადიციებს გავაცნობთ და ვეტყვით, რომ სიტყვის გატეხვა არ შეიძლება, ეგებ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე დაგვეხმაროს კიდეც.
მეორე ამბავი: ტაირონ ელისმა ორშაბათს "ფეისბუქის" საკუთარი გვერდი
ადრე თუ გვიან ყველა სპორტსმენს მოუწევს მსგავსი განცხადების გაკეთება. ოღონდ მომავალ პროფესიად მწვრთნელობას აირჩევს თუ სხვას, ინდივიდზეა დამოკიდებული.
- ვინ არის ელისი, მის წასვლას რად უნდა ერთგვერდიანი "ტაიმლაინის" დათმობა? - იკითხავს მავანი.
საქმე ისაა, რომ გვერდს არა ელისს, არამედ რვა კალათბურთელს ვუძღვნით, რომლებსაც სხვადასხვა დროს საქართველოს პასპორტი მიუღია (შვიდმა ითამაშა). და მეორეც - ტაირონ ელისი საქართველოს ნაკრებში სწორედ იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ჩვენმა გუნდმა მეორე დივიზიონს თავი დააღწია.
ელიტარული საგზური მოვიპოვეთ, ტაირონმა სიამაყით თქვა - ელისაშვილი ვარო. ზოგიერთი ამერიკელისგან ეს ფრაზა შესაძლოა ირონიულ ნათქვამად მოგვჩვენებოდა, მაგრამ არა ტაირონისგან, რაშიც პუბლიკაციის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით.
შემონდი
ნატურალიზებულთაგან "პირველი მერცხალი" შემონდ უილიამსი იყო. უილიამსის ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი სახალისო ამბავი: სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.
აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ. უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო...
შემონდის პირველ ბლიც-ინტერვიუ:
- "სიეტლში" სტეფანიასთან ვთამაშობდი, "ორლანდოში" - ფაჩულიასთან, ხოლო "დენვერში" - ცქიტიშვილთან.
ნიკასა და ზაზასგან ვიცოდი, რომ კარგი ნაკრები გყავთ და სერიოზულ მიზნებს ისახავთ. როცა ვლადიმერმა დამირეკა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დახმარება მთხოვა, სიამოვნებით დავთანხმდი.
- არც დაფიქრებულხართ?
- რატომ უნდა მეფიქრა? სამივე ჩემი მეგობარია და მათ თხოვნაზე უარი რატომ უნდა მეთქვა?
- ხელფასს არც ერთი ქართველი იღებს. არც ამან დაგაფიქრათ?
- ცხოვრებაში ფულიც საჭიროა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მეგობრობა ფულზე მაღლა დგას.
ტაირონი
2006 წლის 6 აგვისტოს ნაკრების თავკაცმა გორდონ ჰერბერტმა პრესკონფერენციაზე ახალწვეული გაგვაცნო:
- ტაირონ ელისთან გერმანულ "სკაილაინერსში" ვმუშაობდი.
იგი ძლიერი კალათბურთელი და კარგი პიროვნებაა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მოთამაშე ჩამოვიყვანეთ.
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო... მას შემდეგ ეროვნულიდან არაერთი მწვრთნელი წავიდა, ელისი კი ნაკრების ღირსი აღმოჩნდა - სამი წლის განმავლობაში ატარებდა საქართველოს დროშიან მაისურს.
- ჰერბერტმა იმიტომ ჩამომიყვანა, რომ გუნდის ინტერესებს მუდამ პირადულზე წინ ვაყენებ, - ამით დაიწყო ელისმა და 2009 წელს ასე დაასრულა:
- საქართველოს ნაკრებში პასპორტის გულისთვის ვთამაშობდი? ასე როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ვთამაშობ იმიტომ, რომ კალათბურთი მიყვარს და იმიტომაც, რომ ერთი დიდი ოჯახის, საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი.
ტორინი
როგორც გითხარით, ელისი ჩვენთან 2009 წლის ჩათვლით თამაშობდა. მომდევნო სეზონში კალათბურთის ფედერაციას ბოდიში შემოუთვალა - მეუღლე ბავშვს ელის და ზაფხულში მის გვერდით უნდა ვიყოო.
სწორედ ამიტომ 2010-ში ჩვენი გუნდის ღირსება ტორინ გრინმა დაიცვა.
თუმცა მანამდე იყო ორი ამერიკელი: მელვინ სენდერსი და ქუინტონ ჰოსლი.
პირველს საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს მისცეს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არც ჩამოსულა.
ჰოსლიმ გრინთან ერთად 2010 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მაშინ გუნდს ვლადიმერ ბოისა დააკლდა და სწორედ ქუინტონს უნდა შეეცვალა ვოვა.
ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოფიციალური შეხვედრებისთვის იგორ კოკოშკოვმა უპირატესობა გამთამაშებელ გრინს მიანიჭა და ჰოსლიც დაგვემშვიდობა.
მარკიზი
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მარკიზ ჰეინსი დაგვეხმარა. იგი დღესაც თბილად იხსენებს საქართველოს ნაკრებში გატარებულ ორ თვეს:
- საინტერესო იყო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. საქართველოს ნაკრებში ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, კალათბურთელები წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით არიან და გუნდიც სათანადოდაა შეთამაშებული.
ვცდილობდი მეც გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი, თამაშის საკუთარ თავზე აღებით გუნდისთვის არ მევნო.
მარკიზი 2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დროშით ხელში სხვებთან ერთად ხარობდა ევრობასკეტის მეორე ეტაპზე გასვლას.
ჯეიკობი
წინა წლების მაგალითი რომ ვიცოდით, ბევრი ქართველი სკეპტიკურად შეხვდა ევროპაში გამოუცდელი ჯეიკობ პულენის ნაკრებში გამოჩენას.
თუმცა მაინც მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ნაკრებს 2012 წელს პულენი შერჩა და არა კორი ფიშერი. გრინი-ჰოსლის შემთხვევის მსგავსად წლეულსაც ორი ამერიკელი ჩამოიყვანეს. რომელიც საკონტროლო მატჩებში გაამართლებდა, შესარჩევშიც ის იასპარეზებდა.
პულენმა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ბესიკ ლიპარტელიანს დამშვიდობებისას უთხრა - აქაურობა კარგად გავიცანი და გაისად სულ სხვანაირი ვიქნებიო.
საკითხავია, მიიწვევს მას იგორ კოკოშკოვი ევრობასკეტისთვის?
სარგებელი
საშუალოდ მატჩში მოგროვილი ქულების მიხედვით შემონდ უილიამსი საქართველოს ნაკრებში ლიდერია - 20 ქულა. 2004 წელს თბილისში ფინეთს მესამე პერიოდში 12 ქულით ჩამოვრჩით. სწორედ ამ დროს შემონდმა სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა, ფარქვეშ შესასვლელად მაღალი ტექნიკური არსენალიც გამოიყენა და დაგვანახა, რომ ჩვენი გუნდისთვის გამოცდილი უცხოელი საჭირო იყო.
უილიამსს "ბარსელონაშიც" უთამაშია და "ლეიკერსშიც". ასეთი დონის ამერიკელი საქართველოს ნაკრებში არ გამოჩენილა. ჯერჯერობით...
- არ ვიცი, რას ვიზამდით ელისის გარეშე, რომელიც ჩვენი მთავარი იარაღი იყო პერიმეტრიდან ტყორცნებისას და დაცვაში, - თქვა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2008-09 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის შეფასებისას.
მაშინ ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებოდა მანუჩარ მარკოიშვილი და თავადაც იოლად წარმოიდგენთ, მის არყოფნაში რაოდენ დაბალი იქნებოდა სამქულიანების ტყორცნის პროცენტი რომ არა ელისი. სხვათა შორის, ტაირონი ამ მაჩვენებლით ნაკრების რეკორდსმენია - ყველაზე მეტი, 63 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.
ელისის წასვლის შემდეგ დაგვეწყო "სამქულიანების" კრიზისი. თუ 2008-09 წლებში მატჩში საშუალოდ 9.9 სამქულიანს ვიყენებდით, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 4.5-მდე ჩამოვიდა, 2011-შიც ზუსტად 4.5 იყო.
როცა პერიმეტრიდან ასეთი დაბალი რეზულტატურობით ისვრი, თამაშის მოსაგებად ფარქვეშიდან ორმაგი დატვირთვით გიწევს ბრძოლა.
2010 წელს საქართველოს ნაკრებში ტორინ გრინი თამაშობდა. მან სამქულიანით უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში კი მოგვაგებინა, მაგრამ უფრო თამაშის ამწყობი კალათბურთელი იყო, ვიდრე მსროლელი. არადა უმეტესად მსროლელის პოზიციაზე ირჯებოდა.
ტორინ გრინის დარად მარკიზ ჰეინსიც ევროპაში ახალი ჩამოსული იყო, როცა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. როგორც გითხარით, მის დროსაც, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გუნდი თამაშში 4.5 სამიანს აგდებდა.
შესაძლოა, ვინმემ თქვას - როცა საქმე უმაღლესი დონის შეჯიბრებასთან გაქვს, მეტოქეებიც ძლიერები არიან და სროლის პროცენტულებაც მოიკლებსო. მაგრამ სწორედ ამის საპასუხოდ დავწერთ: ასეთ დროს ნაკრებს არა გამოუცდელი, არამედ ევროლიგაში ჭიპმოჭრილი ამერიკელი უნდა ეხმარებოდეს და პროცენტულობა კი არ მოიკლებს, შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
2012 წელსაც იგივე გავიმეორეთ - დავიმატეთ ევროპაში ერთი წლის ჩამოსული ჯეიკობ პულენი. გრინისა და ჰეინსისგან განსხვავებით იგი სამქულიანებს დაუფიქრებლად ესროდა და აგდებდა კიდეც.
მაგალითად, ლატვიასთან უკანასკნელ წამზე მის მიერ რეალიზებული ტყორცნით ვიმარჯვეთ (79:76). თუმცა მანამდე იმავე პულენის დაშვებული შეცდომების გამო ლატვიელებმა კინაღამ გაგვასწრეს, ხოლო ბოსნიასთან ბოლო წამზე ჯეიკობს სამქულიანის სროლის ნაცვლად თავისუფალი მარკოიშვილი რომ დაენახა (რაც გამთამაშებელს არ უნდა ეშლებოდეს), მატჩსაც მოვიგებდით და პულენზეც უფრო დადებითად ვიმსჯელებდით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"