fibaeurope.com: ვიქტორ სანიკიძის დიდი ქართული ოჯახი

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე პერიოდულად ქვეყნდება სტატიები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი გუნდების შესახებ.

საქართველოს ნაკრებს რიგმა ნოემბერში მოუწია და საინტერესო პუბლიკაციაც გამოვიდა, მითუმეტეს, რომ გუნდის შესახებ ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მოგვითხრობს.

* * *
სანიკიძემ უცხოეთში პირველად 15 წლისამ ითამაშა - ნიუ იორკის კოლეჯში გამოდიოდა, 17 წლისა კი ფრანგულ "დიჟონში" ჩაირიცხა. სწორედ აქედან დაიწყო მისი საინტერესო კარიერა.

მომდევნო 9 წლის განმავლობაში 203 სმ სიმაღლის ქართველი (1986 წელსაა დაბადებული) თამაშობდა მადრიდის "ესტუდიანტესში", ესტონურ "ტარტუ როკში", ხოლო ბოლონიის "ვირტუსში" სამი სეზონი გაატარა. სწორედ ამ იტალიურ
კლუბში გაიცნო იგი მსოფლიომ როგორც მაღალი დონის უნივერსალი ფორვარდი.

ვიქტორ სანიკიძე ახლა იტალიაში მეოთხე სეზონს ატარებს, ამჯერად მოქმედი ჩემპიონის "მონტეპასკის" ღირსებას იცავს. საინტერესოა, რომ მრავალფეროვანი კარიერის მიუხედავად, ვიქტორს პირველად უწევს ევროლიგაზე თამაში.

სანიკიძე თინეიჯერი იყო, როცა NBA-ს დრაფტზე "ატლანტა ჰოქსმა" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო.

ამერიკული კლუბების ყურადღება ქართველმა ახალგაზრდამ სარაგოსაში გამართული ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშით დაიმსახურა - საშუალოდ 17.6 ქულასა და 9.8 მოხსნას აგროვებდა. სწორედ იმ დროიდან (2004 წლიდან) ყოველ ზაფხულს ვიქტორი საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობს.

Sportall.Ge"არაერთი კლუბის ღირსება დამიცავს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში გამოსვლა სულ სხვაა - თითქოს საკუთარ ოჯახთან ერთად თამაშობ. ყოველ ზაფხულს მთელი ქვეყანა ჩვენს გვერდითაა, გვქომაგობს და ჩვენც ვცდილობთ თანამემამულეთა იმედების გამართლებას.

ამ ზაფხულსაც ვიბრძოლეთ და მიზანსაც მივაღწიეთ",
- ღიმილით ამბობს სანიკიძე.

მიზანი ევრობასკეტი-2013 იყო. საქართველოს ნაკრებმა მეორედ დაძლია შესარჩევი ეტაპი და მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. D ჯგუფში ქართველებმა 8-დან 6 მატჩი მოიგეს, გაასწრეს ლატვიას, ჰოლანდიას, რუმინეთს და მხოლოდ ბოსნიას ჩამორჩნენ.

სანიკიძე ნაკრების საუკეთესო მომხსნელი იყო, საშუალოდ 9.1 მოხსნას აგროვებდა. შესარჩევ ეტაპზე ამ მაჩვენებლით იგი მეხუთე გახლდათ.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ეროვნული სიამაყეა, სწორედ ამიტომ სანიკიძისა და NBA-ში მოთამაშე ზაზა ფაჩულიას დარი კალათბურთელები ნაკრებში იმიტომაც ჩადიან დაუფიქრებლად.

"2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე ვითამაშეთ. ეს იყო ჩვენი დებიუტი ასეთი დონის შეჯიბრებაზე. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასარგებლო იყო ევროპის საუკეთესო გუნდებთან ტოლ-სწორად პაექრობა, - ამბობს სანიკიძე და დასძენს. - ლიტვაში ბოლო მატჩის შემდეგ კალათბურთელები შევიკრიბეთ და დაახლოებით ასეთი რამ ვთქვით: ჰეი, შესანიშნავი იყო. ეს აუცილებლად უნდა გავიმეოროთ. ...და გავიმეორეთ კიდეც.

საქართველოს უნდა დაემტკიცებინა რომ ევრობასკეტზე მოხვედრა ერთჯრადი მოვლენა არ იყო და ჩვენს ქვეყანას აქვს საკალათბურთო ტრადიცია, რომ მისი ნაკრები ყოველ ევრობასკეტზე თამაშობდეს".


კალათბურთელი, რომელიც თითოეული დაკარგული ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის, მოედნის მიღმა წყნარი, რბილად მოსაუბრე გამოდგა.

ვიქტორი ამჟამად სიენას "მონტეპასკიში" თამაშობს, რომელიც ევროპის საკლუბო ელიტის წევრია. საქართველოს ნაკრები კი ახლა ცდილობს საკალათბურთო საზოგადოებაში სახელის მოხვეჭას.

ევრობასკეტი-2011-ზე სანიკიძის თანაგუნდელები მეორე ეტაპზე გავიდნენ, სადაც ორი ქულის სხვაობით დამარცხდნენ მაკედონიასთან. სწორედ ამ მატჩმა გადაუჭრათ გზა მეოთხედფინალისკენ. სანიკიძე არ თვლის, რომ 2011 წელთან შედარებით გუნდის თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანაა საჭირო.

მთავარი ცვლილება ის იქნება, რომ საქართველოს ნაკრები 2013 წელს სლოვენიაში დებიუტანტის სტატუსით აღარ ჩავა, უფრო გამოცდილი იქნება.

Sportall.Geვიქტორი ეროვნული გუნდის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას ამბობს:

"გამეხარდება, თუ მომავლის ნაკრებში ახალგაზრდებს მეც დავეხმარები. თორნიკე შენგელიამ წლევანდელ შესარჩევ ეტაპზე ძალიან კარგად ითამაშა. მას მეტი შრომა სჭირდება, რადგან დიდი პოტენციალი აქვს, რაც საქართველოს ნაკრების წინსვლისთვის აუცილებელია.

თუმცა სლოვენიის ევრობასკეტზე ღირსეულად წარმოსაჩენად თითოეული კალათბურთელის პროგრესია აუცილებელი.

ზაფხულში კვლავ შევიკრიბებით, მოვემზადებით და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სახელს ევროპულ საზოგადოებაში ღირსეულად წარმოვაჩენთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის კვირა: მანუჩარ მარკოიშვილის 17-მა ქულამ "კანტუს" ვერ უშველა
მანუჩარ მარკოიშვილის "ბომბა" და ვიქტორ სანიკიძის 13 მოხსნა ევროლიგაზე
საქართველო-ჰოლანდია 97:89 - მადლობა გულშემატკივარს, მადლობა კალათბურთელებს! [VIDEO]
როდის ვიხილავთ ვიქტორ სანიკიძეს "სან ანტონიოში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული