საქართველოს ნაკრები - მეორედ ტონი პარკერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (4 სექტემბერს სლოვენიაში დაიწყება) მზადების პროცესში ევრობასკეტის ორ ფავორიტს დაუპირისპირდება - საფრანგეთსა და სერბეთს.

სამთა ტურნირი ფრანგულ ქალაქ ანტიბში 15-17 აგვისტოს გაიმართება. ცნობილია მატჩების განრიგიც:

15 აგვისტო: საფრანგეთი-სერბეთი
16 აგვისტო: საქართველო-სერბეთი
17 აგვისტო: საფრანგეთი-საქართველო

"საფრანგეთში დაგეგმილ შეჯიბრებაში მონაწილეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

როგორც საფრანგეთი, ასევე სერბეთი ევრობასკეტის საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის ფავორიტები არიან და მათთან ამხანაგურად გაჯიბრება ჩვენი ნაკრებისთვის მეტად სასარგებლო იქნება"
, - გვითხრა 15 იანვარს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

* * *
საინტერესოა, რომ 19-წლიან ისტორიაში
საქართველოს ნაკრები ერთხელაც არ შეხვედრია სერბეთს. თუმცა ექსიუგებს ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელ-კალათბურთელები კარგად იცნობენ. თავად განსაჯეთ: საქართველოს ნაკრების თავკაცი სერბი იგორ კოკოშკოვია;

სერბების დამრიგებელ დუშან ივკოვიჩთან წლების განმავლობაში მუშაობდა გიორგი ცინცაძე (მოსკოვის ცსკა-სა და "დინამოში");

მილენკო ტეპიჩი "პანათინაიკოსში" გიორგი შერმადინის თანაგუნდელი იყო, ხოლო ამჟამად ბექა ბურჯანაძის გვერდით სევილიის "კახასოლში" ირჯება.

* * *
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, მასთან ამხანაგურად ერთხელ უკვე ვითამაშეთ: 2008 წელს ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე 69:90 დავმარცხდით.

აი, როგორი შეფასება მისცა მატჩს ნაკრების მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა:

"მართალია, შედეგი არასახარბიელოა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმაღლესი დონის გუნდს ვხვდებოდით. ფრანგებს საწყისი სამი მეოთხედი თანაბრად ვებრძოლეთ, არაფერს ვუთმობდით, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა.

ტონი პარკერი დინჯად ირჯებოდა. გარედან არ ჩაუგდია - შესვლებს ახორციელებდა...

მისი თამაში პირველად ვნახე ცოცხლად და მინდა ვთქვა, რომ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა".


ფრანგებს, პარკერის გარდა, NBA-ში კიდევ არაერთი წარგზავნილი ჰყავთ - იოაკიმ ნოა, კევინ სერაფინი, ბორის დიაო, ნიკოლა ბატუმი, რონი ტურიაფი, ნანდო დე კოლო. სწორედ ამიტომაა, ბოლო წლებში "სამფეროვნები" (თავად ფრანგები საკუთარ ნაკრებს "ლურჯებს" უწოდებენ) საერთაშორისო სარბიელზე კვარცხლბეკიდან რომ არ ჩამოდიან. მათ 2011 წლის ევრობასკეტზე მეორე ადგილი დაიკავეს, ფინალში ესპანეთთან დამარცხდნენ.

* * *
მკითხველისთვის ასევე საინტერესოა, კიდევ ვისთან გამართავს საკონტროლო შეხვედრებს საქართველოს ნაკრები. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, რადგან გუნდს ყველა მატჩი გასვლაზე (ლიტვაში) უნდა ჩაეტარებინა, არ გაიმართა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი.

შესაძლოა, ეს შეჯიბრება არც წლეულს ჩატარდეს, მაგრამ როგორც ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, კალათბურთის ფედერაცია ეცდება, თბილისში, მინიმუმ, ერთი ამხანაგური მატჩი მაინც დაგეგმოს.

თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვისთან როდის ვითამაშებთ.

"წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრები მოსამზადებელ ეტაპზე შვიდიდან ცხრა მატჩამდე გამართავს. ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებებზე.

წლეულს ჩვენთან თამაშის სურვილს ბევრი ნაკრები გამოთქვამს და საქმე ასარჩევად გვაქვს. უბრალოდ, ველით ზუსტ თარიღებს და ამის მიხედვით გადაწყვეტს იგორ კოკოშკოვი, სად ვითამაშებთ.

საფრანგეთის გარდა, კიდევ ორ საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. მოსამზადებელი მატჩების სრული სია საბოლოოდ თებერვლის დასაწყისისთვის დაზუსტდება"
.

* * *
ცხადია, მკითხველს არანაკლებ აინტერესებს ნატურალიზებული ამერიკელის საკითხი. აი, რა გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა:

"ამ საკითხზე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად ვმუშაობთ. სწორედ ის გადაწყვეტს, ისევ ჯეიკობ პულენს დაეყრდნობა, თუ სხვას მოვიწვევთ".

ამხანაგური მატჩი
25.08.2008. რიგა, ლატვია
საქართველო-საფრანგეთი 69:90
24:22, 17:21, 14:18, 14:29
საქართველო: ცინცაძე (25 წუთი, 1 ქულა, 3 პასი), ელისი (33 წთ, 12 ქ, 3 პ), სანიკიძე (29 წთ, 5 ქ, 8 მოხსნა), ცქიტიშვილი (22 წთ, 4 ქ), ფაჩულია (28 წთ, 23 ქ, 3 ჩაჭრა); სათადარიგონი: ვ. ბოისა (22 წთ, 11 ქ), შერმადინი (7 წთ, 8 ქ), გამყრელიძე (17 წთ, 2 ქ), შენგელია (9 წთ, 3 ქ, 1 დაფარება), ა. ბოისა (3 წთ, 2 მ), ტუღუში (3 წთ), ბერიშვილი (1 წთ).
საფრანგეთი: ტელინი (2ქ), ჩიკანგუ (8ქ), ბოკოლო (5ქ), პარკერი (12ქ), გრადი (8ქ), დე კოლო (13ქ), ბრუნი (9ქ), ტურიაფი (12ქ), კირკსაი (3ქ), დიავარა (10ქ), სოლიმანი (2ქ), მარკიზი (2ქ)

სტატისტიკა
36 მოხსნები 30
14 პასები 16
7 ჩაჭრა 14
1 დაფარება 4
20 დაკარგვა 14
16 ჯარიმა 29
36/19 ორქულიანები 40/24
22/5 სამქულიანები 25/11
28/16 საჯარიმოები 10/9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული