მანუჩარ მარკოიშვილი: "გალათასარაიში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე სეზონია, მანუჩარ მარკოიშვილი იტალიურ "კანტუსთან" ერთად ევროლიგაში თამაშობს.

ამაზე მაღალი საკლუბო ლიგა ევროპაში არ არსებობს. სადღეისოდ ევროლიგაზე არ თამაშობს თურქული "გალათასარაი", მაგრამ ბიუჯეტით ევროლიგის გრანდებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

სტამბულელები განსაკუთრებით ზამთარში გააქტიურდნენ. კალათბურთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საფეხბურთო "გალათასარაიში" ერთმანეთის მიყოლებით გადაიყვანეს დროგბა და სნეიდერი...

იმის თქმა გვინდა, რომ "გალა" მომავალ სეზონში ევროპული მწვერვალებისკენ გზის გასაკვლევად ემზადება როგორც კალათბურთში, ასევე ფეხბურთში.

აქედან გამომდინარე, მანუჩარის "გალათასარაიში" გადასვლა წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

- მედალს ორი მხარე აქვს, - მოგვითხრობს მანუჩარი, -
"კანტუსთან" ერთად ევროლიგა ვითამაშე. იგი იტალიაში ერთ-ერთი წამყვანი გუნდია. თან, "კანტუში" 2009 წლიდან ვარ და იქაურობას ყველანაირად შეგუებული ვიყავი.

მეორე მხრივ, "გალათასარაი" უფრო მდიდარი გუნდია, თურქეთის ჩემპიონატის პარალელურად, ევროთასზე თამაშობს და მაღალ მიზნებსაც ისახავს.

ასე რომ, მეც ვთვლი, რომ სტამბულურ გუნდში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგაც ამას ვიტყვი.

- დაიწერა, მარკოიშვილმა "გალასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმაო. იქნებ კონკრეტულად გვითხრა, როდემდე დარჩები სტამბულში?
- ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია - "გალათასარაიში" 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ვითამაშებ.

- შორეულ 2008 წელს ევროთასზე "კიევის" მაისურით სტამბულში "გალას" 23 ქულა ჩაუგდე, 80:73 დაამარცხე და მეოთხედფინალში გახვედი. ის მატჩი სტამბულში ახლაც ხომ არ ახსოვთ?
- არ ვიცი, თურქეთში ახსოვთ თუ არა, მაგრამ მე არ დამვიწყებია, მართლაც კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა არა მგონია, ამ ამბავს ჩემს ტრანსფერზე ემოქმედა.

ახლა გუნდში სხვა მწვრთნელი, სხვა შემადგენლობა და სხვა მენეჯმენტია. "გალათასარაის" პრობლემა შეექმნა უკანა ხაზში მას შემდეგ, რაც დოპინგ-ტესტზე ჩავარდა ჰოუკინსი და სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყეს შესაფერისი კანდიდატურის ძიება. ჩემ გარდა, კიდევ იყო სხვა არაერთი ვარიანტი, სხვადასხვა გუნდთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და საბოლოოდ თანხმობა "კანტუსგან" მიიღეს.

- იტალიელები შენი წამოსვლით გულდაწყვეტილები არიან. ალბათ, შენც გიმძიმდა "კანტუს" დატოვება...
- გული მეც დამწყდა, რადგან ნამდვილად არ მეგონა, "კანტუდან" წასვლა შუა სეზონში თუ მომიწევდა.

სეზონის იტალიაში ჩამთავრებას ვაპირებდი, მაისის შემდეგ კონტრაქტის ვადა ამომეწურებოდა და განვიხილავდი სხვადასხვა კლუბის ვარიანტს, მათ შორის - "კანტუსასაც"...

ქალაქიდან ქალაქში გადაბარგება, გუნდის გამოცვლა ყოველთვის რთულია. მით უმეტეს მაშინ, როცა გულშემატკივრისგან დიდ სიყვარულს გრძნობ, გუნდთან წლების განმავლობაში კარგად ხარ შერწყმული და ლიდერის ფუნქციებიც გაკისრია.

- კვირას "კანტუს" მატჩს დაესწარი, გუნდის პრეზიდენტის გვერდით იჯექი...
- მეუღლე იტალიაში მყავდა და მის ჩამოსაყვანად კანტუში ჩავედი. კვირას "დინამო სასარისთან" მატჩი დაემთხვა და სანახავად მივედი. სასიამოვნოა, რომ "კანტუმ" გაიმარჯვა. მნიშვნელოვანი თამაში იყო.

- "გალათასარაის" სამომავლო მიზნებზე თუ ელაპარაკე ხელმძღვანელობას?
- სიმართლე ვთქვა, ამ საკითხზე ბევრი არ მისაუბრია. გუნდში სათამაშოდ გადმოვედი და იმედი მაქვს, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში სათანადოდ დავეხმარები.

- უკვე ორი მატჩის ჩატარება მოასწარი...
- "გალათასარაი" "კანტუსგან" განსხვავებული სისტემით თამაშობს. ასეც რომ არ იყოს, ახალ სისტემასთან სათანადოდ მოსარგებად დროა საჭირო. იმედი მაქვს, მალე შევეჩვევი და თამაშიც გამიადვილდება.

- გუნდში თუ დაგხვდა კალათბურთელი, რომელთანაც ადრე ნათამაშები გქონდა?
- ასეთი მხოლოდ ენდერ არსლანია, რომელთანაც სლოვენიის "ოლიმპიაში" გამოვდიოდი, თუმცა იგი სლოვენიიდან მალევე წავიდა.

- სტამბულში როგორ მოეწყვე?
- ჯერჯერობით სასტუმროში ვარ. საერთოდ კი, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა.

- ბოლოს "კანტუს" იტალიელ მწვრთნელ ანდრეა ტრინკიერიზე გკითხავ, რომელიც საბერძნეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნა. ევრობასკეტზე შეხვედრამდე დაემშვიდობე?
- ასე გამოდის. საქართველო და საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატზე სხვადასხვა ჯგუფში ითამაშებენ და პირველ ეტაპზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

ძალიან მინდა მეორე ეტაპზე საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირება. ამით მეც კმაყოფილი ვიქნები და ანდრეა ტრინკიერიც. მანამდე საკლუბო სეზონი მაქვს კარგად ჩასატარებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული