რევოლუცია მოდის! საქართველოს ნაკრები ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელების გარეშე?

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ევროპის საკალათბურთო მმართველ ორგანიზაციებს, ფიბასა და ფიბა-ევროპას შორის შესაძლოა, დიდი ნაპრალი გაჩნდეს.

მეტსაც გეტყვით: არც ისაა გამორიცხული, ევროპულმა ქვეყნებმა ფიბას მიერ მოწყობილ შეჯიბრებებს (მსოფლიოს ჩემპიონატებს) ბოიკოტი გამოუცხადონ.

პირველი აბზაცის შემდეგ გაჩენილ კითხვაზე ზოგადი პასუხი კალათბურთში კარგად ჩახედულ გულშემატკივარს უკვე აქვს, თუმცა მაინც დავაკონკრეტებთ.

დავიწყოთ იმით, რომ ფიბას მიერ შეთავაზებული ახალი პროექტის (რომლის განხორციელებასაც 2017 წლიდან აპირებს) მიხედვით, ევროპის ჩემპიონატები ორის ნაცვლად, ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს.

შედეგად, ოთხ წელიწადში არა ოთხი (როგორც ახლაა), არამედ სამი საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართება
- ოლიმპიადა, მსოფლიოს პირველობა (მონაწილეთა რაოდენობა 24-იდან 32-ამდე გაიზრდება) და ევრობასკეტი.

თუ ფიბას გადაწყვეტილებას ხელი არაფერმა შეუშალა, განახლებული მსოფლიოს პირველობა 2019 წელს ჩატარდება, ოლიმპიადა - 2020 წელს, ხოლო ევრობასკეტი - 2021-ში. 2022 დასვენების წელი იქნება.

* * *

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა პრინციპით მოხვდებიან გუნდები ზემოთ ნახსენებ ფორუმებზე.

დღევანდელი ფორმატით მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადებზე ნაკრებები ევრობასკეტის შედეგების მიხედვით თამაშობენ.

"გლეხურ" ენაზე რომ ვთქვათ, ევროპის პირველობა ზემოთ ნახსენები შეჯიბრებების შესარჩევი ეტაპია.

ფიბას მიერ შემოთავაზებული ახალი სისტემით კი, ისევე, როგორც ფეხბურთში, კალათბურთშიც ჩატარდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირები.

მატჩები ორ წელიწადზე გადანაწილდება. მაგალითად: მსოფლიოს 2019 წლის პირველობის შესარჩევი ეტაპი 2017 წლის სექტემბერში დაიწყება და 2019-ის თებერვალში დასრულდება.

* * *

მივადექით მთავარს: ახალი ფორმატით, შესარჩევი დაახლოებით ორ თვეში ერთხელ, მიმოსვლითი სისტემით გაიმართება.

გუნდები ჯგუფებად გაიყოფა, რომლებშიც 3 ან 4 ნაკრები მოხვდება. შეხვედრები ექვს თვეზე იქნება გადანაწილებული: ნოემბერი, თებერვალი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი, თებერვალი. დაახლოებით ისე, როგორც ფეხბურთში, მაგრამ...

"მაგრამს" მეორე მაგრამ მოსდევს და სერიოზულ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. მომდევნო ქვეთავში სწორედ მათზე გავამახვილებთ ყურადღებას.

...მაგრამ
ისევ თავიდან დავიწყოთ:
- ფიბას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატები ორ წელიწადში ერთხელ აღარ გაიმართება - დრო ოთხ წლამდე გაიზრდება, - ამბობს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. - ამას თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით და ახლაც არ ვემხრობით, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რა სიხარულია ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და თამაში.

ამასთან, ევრობასკეტების რაოდენობის შემცირება ევროპის ქვეყნებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

ვფიქრობთ, ყველაფერი გასაგებია და ჩვენთან ერთად კიდევ არაერთი ევროპული ქვეყნის ფედერაცია შეეწინააღმდეგება ფიბას გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი შეხედვით, მიმართულია ფიბა-ევროპისთვის ფრთების შეკვეცისკენ.

* * *

თითქოს საფეხბურთო ფორმატი მისაღები უნდა იყოს: წარმოიდგინეთ, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი საქართველოში სათამაშოდ სექტემბერშიც ჩამოვლენ, ნოემბერშიც, თებერვალშიც და ა.შ. ახლანდელი სისტემის მიხედვით, ნაკრებები შესარჩევ ეტაპსაც და ევროპის ჩემპიონატსაც ერთ თვეში ამთავრებენ და მომდევნო თერთმეტი თვე ნაკრებისგან თავისუფლები არიან.

...მაგრამ ფიბამ თუ თავისი გაიტანა, დიდი ალბათობაა, საქართველოს ნაკრებს ევროლიგისა და NBA-ს ვარსკვლავების გარეშე მოუწიოს თამაში.

სხვათა შორის, ამერიკულ გამოცემა ESPN-ში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სწორედ საქართველოს მაგალითია მოყვანილი: "შესაძლოა, ზოგიერთ ნაკრებს ამერიკის ნაციონალურ ასოციაციაში მოასპარეზეთა დაკლება არც შეეტყოს, მაგრამ რა უნდა ქნას საქართველომ ზაზა ფაჩულიასა და მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის გარეშე? ისინი ხომ NBA-ში მოღვაწეობენ და ნოემბერსა და თებერვალში კავკასიაში კლუბები არ გაუშვებენ."

იქნებ იფიქროთ: რადგან ფიბამ შესარჩევი მატჩების ორ წელზე განაწილება გადაწყვიტა, NBA-სთანაც შეთანხმებულია და ევროლიგასთანაცო.

ლოგიკურად ასეც უნდა იყოს, მაგრამ პუბლიკაციის კითხვისას უკვე დარწმუნდებოდით, რომ ფიბას მოქმედებაში ლოგიკა არ არის.

აი, რა თქვა ევროლიგის ხელმძღვანელმა ჟორდი ბარტომეუმ: "უნდა გავიგოთ, რომ კლუბებს თავისი დრო აქვთ - ოქტომბრიდან ივნისამდე. დანარჩენი დრო ნაკრებებისაა. კლუბები კალათბურთელებს ხელფასებს უხდიან და ვალდებულები არ არიან, შუა სეზონში სადმე გაუშვან".

იოლი წარმოსადგენია, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორ პოზიციაზე იდგება NBA-ს კომისარი დევიდ სტერნი.

თუ NBA-სა და ევროლიგასთან შეუთანხმებლად განახორციელა ფიბამ დაწყებული საქმე, ევროპული ფედერაციებისგან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდება.

უფრო სწორად, უკვე აწყდება:
- შესაძლებელია, დადგეს ბოიკოტის საკითხი, რადგან ევროპული ქვეყნების უმეტესობა ახალი ფორმატის წინააღმდეგია.

თუმცა საამისოდ აუცილებელია, ფიბა-ევროპის პრეზიდენტიც იმავე პოზიციაზე იყოს, როგორზეც ფედერაციის ხელმძღვანელები.

სწორედ ამიტომ დადგა მოქმედი პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

ფიბა-ევროპის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წელს იგეგმება, თუმცა შესაძლოა, გაზაფხულზევე ჩატარდეს არჩევნები. ამ საკითხზე იურისტები უკვე მუშაობენ, - როგორც მიხვდით, ესეც ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელმა გვითხრა.

* * *

ბოლოსიტყვაობის ნაცვლად უნდა მოგახსენოთ, რომ ფიბა უკან დახევას არ აპირებს, რევოლუციური პროექტის განხორციელებას 2017 წლიდან გეგმავს.

ალბათ, საუკუნისწინანდელი რევოლუციის მსგავსად, სისხლიანი არ იქნება, მაგრამ საკმაოდ წონადი ორგანიზაციის, ფიბა-ევროპის წევრთა აზრის გათვალისწინება ნამდვილად მართებს.

აზრი კი უხვად იქნება, რადგან ევროპაში სერიოზულად ფიქრობენ ახალ სანაკრებო ფორმატზე.

როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გვითხრა, მაკედონიელებს უკვე აქვთ პროექტი, რომელიც ფიბას გადაწყვეტილებას დიდად არ ეწინააღმდეგება და რომლის მიხედვით, ევრობასკეტი კვლავ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ახალი არჩევნები 2014 შია და ახალი წესი 2017 წლამდე არ ამოქმედდება, ახალ არჩევნებზე გადაირჩიონ ეხლანდელი ფიბას პრეზიდენტი და აღარ მიიღონ ეგ წესი, არ შეიძლება?
giorgi lomidze
13:22 20-02-2013
0

სიახლეები პოპულარული