საქართველოს ნაკრების მზადების გეგმა: 11 საკონტროლო მატჩი 25 დღეში

AutoSharing Option
სპორტის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მასმედიას 2013 წლის ევრობასკეტისთვის ნაკრების მზადების გეგმა გააცნეს.

ვიდრე უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, ერთ საყურადღებო საკითხს გავუსვამთ ხაზს: საქართველოს ნაკრებს ერთ ციკლში 11 ამხანაგური თამაში აქამდე არ ჩაუტარებია.

90-იან წლებში სერიოზულ მეტოქეებს ვინ ჩივის, შეკრებებიც ვერ ეწყობოდა. 2004 წლიდან ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდა - საერთაშორისო შეჯიბრებებზე ევროგრანდები გვიწვევენ.

წლეულს კი მატჩების სარეკორდო რაოდენობა დაიგეგმა. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენი ნაკრები, ავსტრიის ნაცვლად, სლოვენიაში (სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყება ევროპის ჩემპიონატი 4 სექტემბერს) დაბანაკდება და იქიდან
ივლის იტალიურ თუ ფრანგულ ტურნირებზე.

გუნდისთვის სასარგებლო უნდა იყოს ისიც, რომ ერთ საკონტროლო მატჩს სწორედ იმ დარბაზში გამართავს, რომელიც ევრობასკეტზე ჩვენი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს - "ცელიე არენაზე".

- აქამდე ავსტრიულ ქალაქ შტაინბურნში გავდიოდით შეკრებებს. იქიდან მივემგზავრებოდით ტურნირებზე. ამჯერად გადავწყვიტეთ, გუნდი უშუალოდ იქ მოემზადოს, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

საამისოდ შევარჩიეთ სლოვენიის ქალაქი პოდჩეტრტეკი. ეს გუნდს ადაპტაციაში დაეხმარება,
- აღნიშნა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა, რომელმაც შეკრების დასკვნით ნაწილზე ლაპარაკისას დასძინა: - ბოლო ამხანაგურ შეხვედრას კაუნასში ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ 1 სექტემბერს ჩავატარებთ, მეორე დღეს კი იმავე ლიტვის ეროვნულ გუნდთან ერთად სლოვენიაში ჩარტერული რეისით გავფრინდებით.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა, რომ მოსამზადებელი გეგმა წინა წელთან შედარებით ადრე გამოქვეყნდა.

- მოკლე დროში ასეთი მეტოქეების მოძიება იოლი არ იყო, თუმცა მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვისგან გვქონდა მითითება, რაც შეიძლება მეტი მატჩი დაგვეგეგმა.

მწვრთნელს სურს, რომ გუნდმა მოსამზადებელ ციკლშიც ისეთივე ინტენსიურობით იმუშაოს, როგორიც უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დროს იქნება.

მოგეხსენებათ, სლოვენიაში 6 დღეში ხუთი თამაშის ჩატარება მოგვიწევს. მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ. გაცნობის მიზნით გეგმა საქართველოს ნაკრების წევრებსაც დაეგზავნათ.


იტალიის საერთაშორისო ტურნირზე დავუპირისპირდებით ევრობასკეტზე ჩვენს პირველ მეტოქე პოლონეთს. ჩნდება კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია პოლონეთთან ამხანაგურადაც თამაში? ბესიკ ლიპარტელიანმა გვიპასუხა:

- როცა ერთი ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებაზე გეპატიჟება, იმის გამო, რომ იქ შენი მომავალი მეტოქე დაგხვდება, შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვი.

მერაბ რატიშვილმა განაგრძო:

- აქამდე ყოველთვის ვცდილობდით, მომავალ მოწინააღმდეგეებთან ამხანაგურად არ გვეთამაშა, თუმცა ეს მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია.

მაგალითად, სლოვენია და პოლონეთი (ჩვენთან ერთად C ჯგუფში არიან) საკონტროლო მატჩებს ურთიერთშეხვედრით გახსნიან.

ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიები საკმარისად განვითარდა და როგორც ჩვენ არ გვიჭირს, ვთქვათ, პოლონეთის თამაშების ამსახველი დისკების მოპოვება, ასევე - პოლონეთს.

ფაჩულიას გორტატისგან, ან ლამპეს მარკოიშვილისგან რა აქვს დასამალი? ყველა ერთმანეთს ზედმიწევნით იცნობს.


დაისვა კითხვა სანაკრებოდ ნატურალიზებულ ამერიკელთან დაკავშირებით. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა თქვა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობსო,
რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია ალბათობა, 2013 წელს ნაკრებში ჯეიკობ პულენი აღარ ვიხილოთ.

ბატონმა ბესომ ისეთი გვარები ჩამოთვალა, გაჩნდა იმედი, რომ წლეულს ნაკრებში გამოცდილ, მაღალი დონის ამერიკელს ვიხილავთ.

- მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით "ეფესის" უკანახაზელ ჯორდან ფარმართან და მონტეპასკელ ბობი ბრაუნთან.

სამწუხაროდ, ორივესგან უარი მივიღეთ. როგორც გვითხრეს, რთული სეზონის შემდეგ დასვენება სჭირდებათ და ამ ეტაპზე სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა არ სურთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ.

ერთ-ერთი კითხვა ნაკრების შემადგენლობას შეეხო. საინტერესოა, უნდა ველოდეთ თუ არა გუნდში ნიკა ცქიტიშვილისა და ლაშა გამყრელიძის დაბრუნებას და როდის გამოქვეყნდება კანდიდატთა სია?

- ამ საკითხზე იგორ კოკოშკოვთან ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, თორმეტკაციან შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდეს და შესაძლოა, სია, შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო გაფართოვდეს.


იგორ კოკოშკოვი სამწვრთნელო შტაბთან ერთად ნაკრების შემადგენლობას, სავარაუდოდ, აპრილში დაასახელებს.

საკითხავია, რა მიზნებს დაუსახავს კალათბურთის ფედერაცია ეროვნულ გუნდს 2013 წლის ევრობასკეტზე?

- 2011 წელთან შედარებით, ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება. პოლონეთიც იმაზე ძლიერია, ვიდრე 2010 წელს ვნახეთ; ჩეხეთსაც კარგი გუნდი ჰყავს.

ესპანეთსა და სლოვენიაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მასპინძელმა სლოვენიელებმა სათამაშოდ ქალაქი ცელიე შემთხვევით როდი შეარჩიეს - კარგად მოეხსენებათ, ამ ქალაქში როგორი გულშემატკივრობა იციან.


ხორვატიის შესახებ მერაბ რატიშვილმა თქვა:

- ფაქტობრივად, ორი მასპინძლის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ხორვატია სლოვენიის მოსაზღვრე ქვეყანაა და ცელიეს ყველაზე მაღალ ნაგებობაზე რომ დავდგეთ, ხორვატიას დავინახავთ.

გულშემატკივრობას თავი რომ დავანებოთ, ხორვატებს მეტად კარგი გუნდი ჰყავთ.


ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა
8-24 ივლისი
ვარჯიშები ფიზიკურ მომზადებაში - თბილისი.

25 ივლისი-6 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია.

7-9 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. ტრენტოში, იტალია. მონაწილეობენ: საქართველო, იტალია,
პოლონეთი, ისრაელი.

10-13 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში (სლოვენია).

13 აგვისტო
ამხანაგური მატჩი საქართველო-ბოსნია ქ. ცელიეში, სლოვენია.

14 აგვისტო
ამხანაგური მატჩი საქართველო-ბოსნია ქ. იესენიცეში, სლოვენია.

16-17 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. ანტიბში, საფრანგეთი. მონაწილეობენ: საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი.

18-22 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება თბილისში.

25-28 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. თელ-ავივში, ისრაელი.
მონაწილეობენ: საქართველო, ისრაელი, ლატვია, მეოთხე გუნდი ჯერ უცნობია.

1 სექტემბერი
ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო ქ. კაუნასში, ლიტვა.

2 სექტემბერი
გამგზავრება სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული