ეს იქნება გუნდის ბოლოსწინა შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე და დიდია ალბათობა, ჩეხეთთან პაექრობის შედეგმა ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი გადაწყვიტოს.
ვერ ვიტყვით, რომ 8 სექტემბრის მეტოქე ევრობასკეტის ფავორიტთა კატეგორიიდანაა, მაგრამ საინტერესო შემადგენლობა ჰყავს და იოლად დასაძლევი ნამდვილად არ იქნება.
ჩეხებს ასაკოვანი და ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი ნაზავი ჰყავთ და არც NBA-ს გამოცდილებაა მათთვის უცხო.
მაგალითად, 23 წლის ფორვარდი იან ვესელი "ვაშინგტონ უიზარდსის" ღირსებას იცავს, ხოლო გამთამაშებელი ირჟი ველში ოთხი წლის განმავლობაში NBA-ს ხუთ კლუბში
ირჟი ამჟამად 33 წლისაა და ევრობასკეტზე სათამაშოდაც ემზადება. მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში მისი გზა არაერთ ქართველ კალათბურთელთან გადაიკვეთა.
მაგალითად, 2000-02 წლებში სლოვენიის "ოლიმპიაში" ირჯებოდა, სადაც ვლადიმერ ბოისას პარტნიორი იყო. 2011-12 წლების სეზონში ირჟი ახალგაზრდა ქართველი თორნიკე შენგელიას გვერდით ევროლიგაზე ბელგიურ "შარლერუაში" თამაშობდა.
ასე რომ, ჩვენი ნაკრების მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესპონდენტი სწორედ ირჟი ველშია, რომელთან ექსკლუზიურ ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ.
პირველი კითხვა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების შანსებს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში კიდევ ოთხი გუნდია - პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია და ესპანეთი. მომდევნო ეტაპზე ექვსიდან სამი ნაკრები გადის.
- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ძლიერ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ევრობასკეტის ფავორიტები - ესპანეთი, სლოვენია და ხორვატია ითამაშებენ...
დანარჩენებისთვის მომდევნო ეტაპზე გასვლა მეტად რთული იქნება. ვიცით, რომ ჩეხეთის ნაკრები თუნდაც ჯგუფში ფავორიტთა შორის არ მოიაზრება და მისი მომდევნო ეტაპზე გასვლა სიურპრიზი იქნება, თუმცა ჩვენსას ვეცდებით.
- საქართველოს ნაკრებთან მომავალ შეხვედრაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჩეხეთის ნაკრების მთავარი მიზანი სწორედ საქართველოსა და პოლონეთთან თამაშების მოგება იქნება, რადგან ეს სამი გუნდი თანაბარი დონისაა. თუ ამ ორი ნაკრების გარდა, ერთ-ერთ ფავორიტთან სენსაციასაც მოვახდენთ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდება. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უშუალოდ ევრობასკეტისთვის ამა თუ იმ გუნდის მომზადებასა და მის შემადგენლობაზე.
- სლოვენიაში ყოფილ თანაგუნდელ თორნიკე შენგელიას შეხვდებით...
- დიდებული დრო იყო, როცა თოკოსთან ერთად ბელგიის "შარლერუაში" ვთამაშობდი. გუნდიც ძლიერი გვყავდა, არაერთი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.
მოედნის მიღმა შენგელიას ძალიან დავუახლოვდი, კარგ მეგობრებად ვიქეცით. ძალიან გამეხარდა, როცა თოკომ NBA-ს გუნდ "ბრუკლინ ნეთსთან" გააფორმა კონტრაქტი.
მასთან NBA-ს შესახებ ბევრი მილაპარაკია, ჩემს ამერიკულ გამოცდილებას ვუზიარებდი და რჩევებს ვაძლევდი.
- შენგელიას NBA-ურ შანსებზე რას იტყვით?
- იგი ჭკვიანი, სხარტი, ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია და მჯერა, რომ ნათელი მომავალი აქვს.
- ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, თორნიკე შენგელიას გარდა, კიდევ არაერთ ქართველ მოთამაშეს შეხვედრიხართ. რომელი გახსენდებათ ყველაზე მეტად?
- 12 წლის წინათ სლოვენიის "ოლიმპიაში" ვთამაშობდი. მაშინ ლუბლიანური გუნდის ღირსებას ვლადიმერ ბოისა იცავდა.
ძლიერი კალათბურთელი და კარგი პიროვნებაა. ერთად დროის დიდ ნაწილს ვატარებდით, საქართველოს შესახებ არაერთი ამბავი მოუყოლია. ასე რომ, თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ ვიცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"