გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" ევროთასზე "სპარტაკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
6 მარტს გაიმართა ევროთასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები.

ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა - "სპარტაკმა" კიევის "ბუდიველნიკს" უმასპინძლა.

მატჩი თავიდან ბოლომდე ერთი სცენარით წარიმართა, პეტერბურგელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა გიორგი ცინცაძის თანაგუნდელები დიდი სხვაობით დაწინაურების უფლებას არ აძლევდნენ.

ყველაზე დიდი სხვაობა ბოლო წამებზე დაფიქსირდა - "სპარტაკი" საფინალო სირენამდე წამით ადრე 83:70 დაწინაურდა.

ამის შემდეგ უკრაინელთა ლატვიელმა დამრიგებელმა აინარს ბაგაცკისმა წუთშესვენება აიღო და მომგებიანი კომბინაცია დაგეგმა: ცინცაძემ ბურთი ფარქვეშ აუგდო ლეო ლაიონსს, რომელმაც წამიერად კალათში მოათავსა და "ბუდიველნიკმა" 72:83
დათმო.

-11 დაუძლეველი სხვაობა არ არის. ასე რომ, ერთი კვირის შემდეგ, 13 მარტს კიევში საინტერესო ორთაბრძოლას უნდა ველოდეთ.

პეტერბურგში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 21 წუთი ითამაშა და მეტოქის კალათს მხოლოდ ორჯერ შეუტია (ორივე ააცილა).

საბოლოოდ მან 4 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. "ბუდიველნიკის" ბომბარდირი ამერიკელი ლეო ლაიონსი გახდა, რომლის ანგარიშზე 21 ქულაა.

"სპარტაკში" კი ქართველი ქომაგისთვის ნაცნობი ზეკ რაითი გამოირჩა. ეს კალათბურთელი ბოსნიის ნაკრებთან ერთად სექტემბერში თბილისს სტუმრობდა, 6 მარტს კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მაღალი კლასი: მასპინძელთაგან ყველაზე მეტი, 18 ქულა და 7 პასი ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული