საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები თურქეთშია, სადაც სპარინგ-მატჩებს მართავს. 4 და 5 ივლისს მიხეილ ბერუაშვილისა და ზაზა გაბისონიას გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა და ორივე დიდი სხვაობით წააგო მასპინძელთა ნაკრებთან. პირველი სპარინგი ჩვენებმა 53:78 დათმეს, მეორე კი - 53:80.
პირველ თამაშში ქართველმა ახალგაზრდებმა პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით დათმეს, ტაიმი კი - 10 ქულით, შემდეგ თურქთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ 25-ქულიან ნიშნულზე გაჩერდა. ჩვენებურთა მონაგარი ასეთი იყო: დვალიშვილი (11), ხმელიძე (9), მაჭავარიანი (8), ბაქრაძე (7), ლეჟავა
მეორე მატჩში თურქებმა ყველა პრობლემა თავიდანვე გადაწყვიტეს, პირველი მეოთხედი 22:10 მოიგეს. ამ მატჩში ჩვენებურთა შედეგიანობა ასეთია: დვალიშვილი (15), ლომოური (7), რევაზიშვილი (7), მაჭავარიანი (6), ხმელიძე (5), ჩიკვილაძე (5), ბაქრაძე (3), ბექაური (3), ნანიტაშვილი (2), კვეტენაძე, ჩაჩანიძე. ერთადერთი, ვისი გამორჩევაც შეგვიძლია 19 წლის რუსთაველი ცენტრფორვარდი აკაკი დვალიშვილია, რომელმაც ორივე მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი, პირველში - 11 ქულა და 11 მოხსნა, მეორეში - 15 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი.
თურქეთა 20-წლამდელთა ნაკრები Aა დივიზიონის წარმომადგენელია და მათთან ეს ორი მარცხი არ იქნებოდა გასაკვირი, რომ არა მთავარი დეტალი - ეს იყო მუსტაფა დერინის გუნდი, რომელიც ვილნიუსში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და რომელიც... 18-წლამდელთა შორის გაიმართება. მუჰამეთ ბაიბული, უგურ დოკუიანი, მერცან იოზენი და სხვები ის კალათბურთელები გახლავან, რომლებიც ორი წლით უმცროსები არიან ქართველ მეტოქეებთან შედარებით. არადა, იმავე მუჰამეთ ბაიბულმა ორი მატჩის ჯამში 28 ქულა ჩაგვიგდო. ჩვენი ნაკრები კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებს თურქეთში.