ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 2012-ში იგი ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა და... ფედერაციიდან ახლახან მიიღო ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების მზადების გეგმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკა მეტრეველი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი 2013-სთვის წვრთნას ივლისიდან შეუდგება.
საბოლოოდ კი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის გადასაწყვეტია სასექტემბროდ, ევრობასკეტის წინ 12-კაციან განაცხადში ვის შეიყვანს.
აქამდე ნიკა სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა, წლეულს კი იტალიის "ნაციონალე 1-ში" "ომენას" მაისურით საშუალოდ 24 წუთს თამაშობს და მის გარჯაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გუნდის შედეგი. მეტრეველი 10 მატჩში
საკლუბო და სანაკრებო საკითხებზე სასაუბროდ ნიკას იტალიაში დავუკავშირდით. ჯერ ახალ ნავსაყუდელზე ვილაპარაკეთ...
- ომენა მაღალმთიან რეგიონში მდებრე პატარა ქალაქია, ლამაზი ტბის პირას. წყნარი გარემოა და ყველა პირობაა შექმნილი კალათბურთის სათამაშოდ და პროფესიული ზრდისთვის.
არაერთი წელი ვიცხოვრე რიმინიში, შარშან სარდინიაზე სასარის გუნდში ვთამაშობდი და ვერ ვიტყვი, რომ ამ ქალაქებს ომენა სჯობს. ძალიან ლამაზია ზღვა სარდინიის სანაპიროებთან. თუმცა თბილისი ყველას მირჩევნია.
- საკალათურთო გუნდ "ომენას" როგორ დაახასიათებ?
- საერთოდ, "ნაციონალე 1-ში" გამოკვეთილი ლიდერი და აუტსაიდერი არ არსებობს, ხშირია შემთხვევა, როცა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი აიტსაიდერთან აგებს.
სხვებთან შედარებით "ომენას" სტაბილურობა ახასიათებს, ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდებთან თამაში არ წაგვიგია.
საინტერესო მწვრთნელი გვყავს - დი ლორენცო, რომელმაც კარიერა 4 წლის წინათ დაასრულა.
ამპლუით მსროლელი იყო და უპირატესობას მობილურ, სწრაფ კალათბურთს ანიჭებს.
- ასეთ სისტემაში რა ფუნქცია გაქვს?
- ხან მძიმე ფორვარდად ვთამაშობ, ხან - ცენტრად. აქამდე მთავარი ცენტრი პაოლო პაჩი იყო, რომელმაც მხარი დაიზიანა და მომდევნო შეხვედრებში უფრო ხშირად მომიწევს მეხუთე ნომრად თამაში.
როგორც აღვნიშნე, სათამაშო სტილიდან გამომდიარე ცენტრებსაც უწევთ პერიმეტრზე ასვლა და სამქულიანებსაც ხშირად ვისვრი (14-დან 6 აქვს ჩაგდებული - ვ.ს.).
- "ომენა" სადღეისოდ მეცხრე ადგილზეა. რამდენად რეალურია პლეი ოფში მოხვედრა?
- რეგულარული ეტაპის შემდეგ ბრძოლას ოთხი გუნდი აგრძელებს. ამიტომ, ერთი შეხედვით, მეცხრეადგილოსანს ნახევარფინალში მოხვედრის მცირე შანსი აქვს. თუმცა კარგია, რომ კიდევ 9 მატჩია დარჩენილი და თუნდაც მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ ორი გამარჯვებით ჩამოვრჩებით.
ასე რომ, პლეი ოფში თამაში რეალურია. ბევრი რამ უშუალო კონკურენტებთან მატჩებზეც იქნება დამოკიდებული, ვეთამაშებით "აგრიჯენტოსა" და "კასტელეტოს". პირველი მესამე ადგილზეა, მეორე
- მეოთხეზე, 15-15 გამარჯვება აქვთ.
- "ომენას" კიდევ ერთი კონკურენტი "კაზაპუსტერლენგოა", რომელიც ჩვენთვის საინტერესო გუნდია.
იქ ახალგაზრდა გიგა ჯანელიძე (1995 წელსაა დაბადებული) ირჯება. ტანმაღალი, ათლეტური მოთამაშეა, ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეტად ეფექტურად თამაშობს. ამპლუით მძიმე ფორვარდია.
სხვათა შორის, გიგა ჩემთან ერთად რიმინის "კრაბსში" გამოდიოდა.
- "კაზაპუსტერლენგოსთან" ორიოდე ტურის წინ ითამაშე. მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარე, ხუთი ფოლი მიიღე.
- "ნაციონალე 1-ში" დიდი სიფრთხილეა საჭირო, არბიტრები მცირე შეხებაზეც სტვენენ. თუმცა, ამ მხრივ პრობლემა მხოლოდ ერთ მატჩში შემექმნა...
- "ომენაში" როდემდე დარჩები?
- სიენას "მონტეპასკისთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს. ომენელთა რიგებში სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ვთამაშობ.
- კალათბურთის ფედერაციიდან საქართველოს მზადების გეგმა მიიღე?
- დიახ. მომეწონა. ბევრი კარგი თამაშია და მოგზაურობა ხშირად მოგვიწევს. კარგია ისიც, რომ მოსამზადებელი პერიოდისას სლოვენიაში დავბანაკდებით, სადაც 4 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატი იწყება.
ვიმედოვნებ, ამ შეჯიბრებას ჩვენი ნაკრები სათანადოდ მომზადებული შეხვდება.
- იტალიაში არაერთი სეზონი გაქვს გატარებული, სადაც ჩვენი ნაკრების მომავალი მეტოქეებიც თამაშობენ...
- "ნაციონალე 1-ის" ფავორიტ "ტურინში" ირიცხება პოლონელი ცენტრი იაკუბ ვოიჩეხოვსკი. მას ამასწინათ ველაპარაკე. მითხრა, ნაკრებში შარშანაც ვიყავიო.
წლეულს, თუ გორტატი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის, ვოიჩეხოვსკის თამაშის შანსიც ექნება. საერთოდ, პოლონელებს ურიგო გუნდი არ ეყოლებათ და სერიოზული ბრძოლა გველის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"