ქართველები და ევროკალათბურთი

AutoSharing Option
1947 წლიდან 1965-მდე ევროპის ჩემპიონატზე ერთდროულად ორ ქართველს არ უთამაშია. მართალია, სსრკ-ს ნაკრებში თითო ჩვენიანი იყო, მაგრამ ისინი საბჭოთა გუნდში ყოველთვის მთავარ როლს თამაშობდნენ. შესაბამისად, შეგვიძლია სსრკ-ს ნაკრების გამოსვლა ეტაპებად დავყოთ: პირველი ეტაპი ოთარ ქორქიას უკავშირდება (1947-55), მეორე - გურამ მინაშვილს (1957-63), მესამე ზურაბ საკანდელიძეს (1965-73).

1957 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატი პირველსა და მეორე ეტაპებს შორის გარდამავალი საფეხური იყო. სსრკ-ს ნაკრებში ოთარ ქორქიამ ბოლოს 1956 წლის ოლიმპიადაზე ითამაშა. ინტერნეტში "ხეტიალისას" ბატონი ოთარის ვარჯიშის ამსახველი სამი ფოტო აღმოვაჩინე. სამივე მელბურნში, ოლიმპიადის
მსვლელობისასაა გადაღებული. როგორც ჩანს, ფოტოგრაფი სპეციალურად მისი ვარჯიშის დასაფიქსირებლად საბჭოთა ნაკრებს დარბაზში ეწვია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოთარ ქორქია 50-იან წლებში ევროპის მკაფიო ვარსკვლავი იყო.

1957 წელს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბატონი ოთარი ნაკრებში აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ითამაშა გურამ მინაშვილმა. მისმა გუნდმა პირველი ეტაპი იოლად გადალახა, პოლონეთს, ავსტრიასა და თურქეთს დამაჯერებლად მოუგო. ფინალური რაუნდი წრიული სისტემით გაიმართა - რვავე გუნდმა ერთმანეთში ითამაშა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გასულმა სსრკ-მ ოქროს მედალი მიიღო.

საბჭოელებს შვიდიდან მხოლოდ სამ მატჩში გაუჭირდათ - ჩეხოსლოვაკიას მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოუგეს (62:60), ხოლო მასპინძელ ბულგარეთს - 60:57. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო სსრკ-სა და უნგრეთის დაპირისპირება, რადგან 1955 წელს წითლებს ოქროს მედლები სწორედ უნგრელებმა აართვეს. ბულგარეთში გურამ მინაშვილის გუნდმა მადიარებზე შური იძია - 62:51.

სტატისტიკას თუ დააკვირდით, ზოგიერთ მატჩში ქართველ გამთამაშებელს 0 ქულა უწერია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე შეხვედრაში მას არ უთამაშია. აი, რას ამბობს ამ საკითხზე ბატონი გურამი:

- 1957 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს 14 კალათბურთელის წაყვანის უფლება ჰქონდათ, თუმცა განაცხადში მხოლოდ 12 უნდა შეეყვანათ. რამდენიმე შეხვედრა არ მითამაშია. შეიძლება, სწორედ იმ მატჩებში მიწერია 0 ქულა. 1957 წელს 21 წელი შემისრულდა, საბჭოთა ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ვფიქრობ, მწვრთნელები ბულგარეთში მამოწმებდნენ. საბოლოოდ მათი იმედები გავამართლე, მომდევნო ევროპის ჩემპიონატებზე სასტარტო ხუთეულში ვიყავი და ოქროს მოგებაში დიდი წვლილი შევიტანე. ბულგარეთში კი, შეიძლება ითქვას, მედალი მუქთად მივიღე.

გურამ მინაშვილი 1959 წლის ევრობასკეტზე საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი გამთამაშებელი იყო. იგი საშუალოდ 1.8 ქულას აგროვებდა. როგორ ფიქრობთ, ეს დაბალი მაჩვენებელია?

- კალათბურთელი მხოლოდ ქულებით არ იზომება. 70-იან წლებამდე სამდივნო მაგიდაზე ხალვათობა იყო, არავინ თვლიდა მოხსნებს, პასებს, ჩაჭრებს და ა.შ. მხოლოდ ფოლებისა და ქულების რაოდენობა ფიქსირდებოდა. გურამ მინაშვილი გუნდზე თამაშობდა, საბჭოთა ნაკრებშიც ყველაფერი მისით იწყებოდა და "დინამოშიც". დღეს საერთო მონაგარის მიხედვით მარგი ქმედების კოეფიციენტს ანგარიშობენ. დათვლის ასეთი სისტემა გურამის დროს რომ ყოფილიყო, იგი მარგი ქმედების მიხედვით ყოველ მატჩში საუკეთესო იქნებოდა, - გვითხრა გამოცდილმა მწვრთნელმა თამაზ ოქრუაშვილმა, რომელსაც ზურაბ საკანდელიძის თამაშიც უნახავს, გურამ მინაშვილისაც და ოთარ ქორქიასიც.

ბატონმა გურამმა ქულებთან დაკავშირებით საინტერესო შედარება გააკეთა:

- დღევანდელ კალათბურთში დაბალი გამთამაშებლებიც არიან და 2 მეტრის სიმაღლისანიც. ისინი ხშირ შემთხვევაში ბომბარდირებად გვევლინებიან. 50-60-იან წლებში გამთამაშებლები შედარებით დაბლები იყვნენ. მათ 20-30 ქულის ჩაგდებას არავინ სთხოვდა, უმთავრესად თამაშის წარმართვა და ორგანიზება ევალებოდათ. მაგალითად, ჩემს დროს გამთამაშებელის მიერ ჩაგდებული 10 ქულა "ფრიადი" იყო. შემდეგ ამ კრიტერიუმმა აიწია და 15 ქულამდე ავიდა. ასევე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საკალათბურთო წესების ცვლილება, რაც ერთგვარი გადატრიალების ტოლფასი იყო - სამქულიანი ტყორცნები. ჩემს დროს შორეული ტყორცნები სამ ქულად რომ ჩათვლილიყო, ალექსანდრე კილაძის შედეგიანობა ერთი-ორად გაუმჯობესდებოდა. იგი შორი დისტანციიდან შესანიშნავად ისროდა. მისებრი ზუსტი ტყორცნა არათუ თბილისის "დინამოში", მთელს საბჭოეთში არავის ჰქონდა.

გურამ მინაშვილმა აღნიშნა - შორი მანძილიდან ტყორცნებით არ გამოვირჩეოდიო, თუმცა, როცა გუნდს სჭირდებოდა, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო.

- მიუხედავად იმისა, რომ კილაძე საოცარი მსროლელი გახლდათ, ტექნიკური და არასპორტული შენიშვნებით მოპოვებული საჯარიმოების სროლას მწვრთნელები მაინც მე მავალებდნენ. მაშინ სავალდებული არ იყო, არასპორტული ჯარიმა დაზარალებულს შეესრულებინა. მეც ნერვებს კარგად ვთოკავდი და არ ყოფილა შემთხვევა, ასეთი ჯარიმა ამეცილებინა. ალბათ იმიტომაც, რომ ბურთს თან მივყვებოდი, წაგებას ძალიან განვიცდიდი, - თქვა ბატონმა გურამმა და ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა:

- ლენინგრადში "სპარტაკთან" მატჩის წინ სიცხე მქონდა. მწვრთნელმა გოგი ავალიშვილმა სასტუმროში დამტოვა. გუნდი რომ წავიდა, ვერ მოვითმინე, სათამაშო ფორმა ავიღე და დარბაზისკენ გავემართე. მატჩი "დინამოსთვის" არასახარბიელოდ დაიწყო, რომ შევატყვე, გუნდი აგებდა, პირველი ტაიმის ბოლოს მოედანზე გავედი. მაღალი ტემპერატურისას მგრძნობელობა მატულობს... მეც 32 ქულა ჩავაგდე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩვენი გუნდის ყველა ქულას მე ვაგდებდი...

გავეცნოთ თამაზ ოქრუაშვილის საინტერესო ანალიზს:

- ოთარ ქორქია მთელი გუნდი იყო, რომ დაიძრებოდა, ვერავინ აჩერებდა. იგი 190 სმ სიმაღლისა გახლდათ. მომდევნო თაობებში კი ტანმაღალი ცენტრები გამოჩნდნენ და კალათბურთიც ცოტა შეიცვალა. საჭირო იყო ბურთის ცენტრალურ თავდამსხმელამდე მიტანა, ამასთან, ერთი მოთამაშე მატჩის ბედს მარტო ვეღარ წყვეტდა. სწორედ ასეთ დროს "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოჩნდა გურამ მინაშვილი, რომელიც გუნდის ძრავა იყო - ყველა თანაგუნდელს ათამაშებდა. არ მახსოვს, ბურთი დაეკარგოს, რაც პლეიმეიქერისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მინაშვილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, დაცვაში თამაშისას ნებისმიერი დონის მეტოქის შეჩერება შეეძლო.

სწორედ ამიტომ იქცა იგი სსრკ-ს ნაკრების სასტარტო გამთამაშებლად... თუმცა თავიდან მეორე ნომრის პოზიციაზეც ირჯებოდა:

- საბჭოთა გუნდში ჩემი ამპლუის კალათბურთელები იყვნენ ვალდმანისი, ალაჩაჩიანი, სტუდენეცკი... ნაკრებში ჩემი გამოჩენის პირველ წლებში სასტარტო გამთამაშებელი ვალდმანისი იყო, მე მის დამხმარედ, მეორე ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი. ხოლო, როცა გუნდში ვალდმანისი აღარ იყო, მთავარი პლეიმეიქერის ფუნქცია მე მეკისრებოდა.

***

მომდევნო კვირას 1961 და 1963 წლების ევროპის ჩემპიონატების ჯერია, დავწერთ ვლადიმერ უგრეხელიძესა და ისევ გურამ მინაშვილზე. ბატონი გურამი ხომ პირველი ევროპელი იყო, რომელსაც NBA-ს კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა.


ევრობასკეტი-1957
სოფია, ბულგარეთი
I ეტაპი
B ჯგუფი
სსრკ-ავსტრია 107:38
მინაშვილი: 4 ქულა, 3 ფოლი.

სსრკ-პოლონეთი 83:71
მინაშვილი: 1ქ, 1ფ.

სსრკ-თურქეთი 80:49
მინაშვილი: 6ქ, 4ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 3 3 0 270/158 6
2. პოლონეთი 3 2 1 188/171 5
3. თურქეთი 3 1 2 179/192 4
4. ავსტრია 3 0 3 133/249 3

ფინალური ეტაპი
სსრკ-საფრანგეთი 83:53
მინაშვილი: 0 ქულა, 1 ფოლი.

სსრკ-იუგოსლავია 97:61
მინაშვილი: 4 ქულა, 1 ფოლი.

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 62:60
მინაშვილი: 0ქ.

სსრკ-პოლონეთი 86:64
მინაშვილი: 0ქ.

სსრკ-რუმინეთი 87:63
მინაშვილი: 0ქ.

სსრკ-უნგრეთი 62:51
მინაშვილი: 0ქ.

ბულგარეთი-სსრკ 57:60
მინაშვილი: 0ქ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 7 7 0 537/409 14
2. ბულგარეთი 7 6 1 510/456 13
3. ჩეხოსლოვაკია 7 5 2 505/458 12
4. უნგრეთი 7 4 3 480/433 11
5. რუმინეთი 7 3 4 440/462 10
6. იუგოსლავია 7 2 5 476/584 9
7. პოლონეთი 7 1 6 456/518 8
8. საფრანგეთი 7 0 7 417/501 7


ევრობასკეტი-1959
სტამბოლი, თურქეთი
I ეტაპი
ჩ ჯგუფი
სსრკ-საფრანგეთი 80:48
მინაშვილი: 3ქ.

სსრკ-გდრ 87:37
მინაშვილი: 4ქ.

სსრკ-ისრაელი 90:44
მინაშვილი: 2ქ, 1ფ.

სსრკ-იტალია 59:44
მინაშვილი: 4ქ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 4 4 0 316/173 8
2. საფრანგეთი 4 3 1 252/228 7
3. იტალია 4 2 2 250/233 6
4. ისრაელი 4 1 3 248/308 5
5. გდრ 4 0 4 204/328 4

II ეტაპი
სსრკ-პოლონეთი 78:59
მინაშვილი: 4ქ, 4ფ.

სსრკ-ბულგარეთი 66:60
მინაშვილი: 2ქ, 2ფ.

სსრკ-უნგრეთი 69:60
მინაშვილი: 2ქ, 4ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 3 3 0 213/179 6
2. უნგრეთი 3 2 1 190/177 5
3. ბულგარეთი 3 1 2 181/190 4
4. პოლონეთი 3 0 3 172/210 3

ფინალური ჯგუფი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 83:72
მინაშვილი: 0 ქ, 5ფ.

სსრკ-საფრანგეთი 88:72
მინაშვილი: 1 ქულა, 2 ფოლი.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 3 3 0 240/204 6
2. ჩეხოსლოვაკია 3 1/2 192/196 4
3. საფრანგეთი 3 1/2 184/199 4
4. უნგრეთი 3 1/2 183/200 4


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული