დუდა სანაძე: ვეცდები, ნაკრებში შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო

AutoSharing Option
დუდა სანაძე ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მეორედ გამოიძახეს.

შარშან სანაძემ 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა და ეროვნულ ნაკრებთან ფიზმომზადების შეკრება გაიარა.

წლეულს სანაძეს 20-წლამდელებში თამაში აღარ უწევს. სამაგიეროდ, ის კვლავ გამოიძახეს ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში და ნაკრებში მოხვედრის ხელახალი შანსი ეძლევა.

სანაძემ გასული სეზონი ამერიკაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდში გაატარა, თუმცა სტუდენტური ლიგის დებულების შესაბამისად, ოფიციალურ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია.

სანაძემ მთელი სეზონი გუნდთან ვარჯიშსა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაში გაატარა.

მომავალი სეზონიდან ის ამერიკის სტუდენტურ ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი ეროვნულ ნაკრებში
თავის გამოჩენის შანსი ეძლევა...

- ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გამოძახებას თუ ელოდი?
- ველოდი, იმიტომ, რომ გასულ წელს რომ ვიყავი გამოძახებული, ცუდი შთაბეჭდილება არ დამიტოვებია. მიხარია, რომ ხელმეორედ მეძლევა შანსი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ძირითად გუნდთან ერთად არ მომიხდა ვარჯიში, ნაკრებში ყოფნამ მაინც დიდი თავდაჯერება შემმატა.

- ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გასულ სეზონში არ გითამაშია...
- ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ბევრი მატჩი მქონდა პროფესიულ დონეზე ჩატარებული. მოგეხსენებათ, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გასამრჯელოს არავინ იღებს და თუკი მანამდე რომელიმე პროფესიონალურ გუნდში გითამაშია, ამერიკაში ჯარიმის სახით მატჩების გარკვეული რაოდენობის გამოტოვება გიწევს.

ჩემს შემთხვევაში ეს ჯარიმა მთელი სეზონი გაგრძელდა. ახალი სასწავლო წლიდან უკვე მექნება თამაშის უფლება.

"სან დიეგოს" მომავალ სეზონში სერიოზული გეგმები აქვს. მწვრთნელს ველაპარაკე და მისი თქმით, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია ჩემთვის.

- როგორი შედეგით დაასრულა "სან დიეგომ" გასული სეზონი?
- მოგეხსენებათ, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ძალიან ბევრი კონფერენციაა. "სან დიეგო" დასავლეთ სანაპიროს კონფერენციაში გამოდიოდა, რომელიც 9 გუნდს ითვლის. რეგულარული ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დავასრულეთ, რის შემდეგაც კონფერენციის პლეი ოფში 2 რაუნდი გავიარეთ.

ჯერ "პეპედრინს" მოვუგეთ, შემდეგ "ბრიჰემ იანგს" და ნახევარფინალში გავედით. ფინალში გასასვლელი მატჩი "სეინთ მერისთან" დამატებით დროში - 66:69 წავაგეთ.

"სეინთ მერის" უნივერსიტეტი, "გონზაგასთან" ერთად, ჩვენი კონფერენციიდან NCAA-ს ტურნირში მონაწილეობდა.

დასამახსოვრებელი მატჩი ვითამაშეთ "გონზაგასთანაც", რომელიც იმ მომენტისთვის სტუდენტური ლიგის რეიტინგებით პირველი გუნდი იყო მთელი ამერიკის მასშტაბით.

"გონზაგასთან" 2 ქულით წავაგეთ, თუმცა ტოლი არაფერში დავუდეთ და ეს ფაქტი ESPN-მაც აღნიშნა, რაც ჩვენი უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

- თამაში რომ არ გიწევდა, როგორი გრაფიკი გქონდა?
- რაკი არ ვთამაშობდი, სხვებზე გადატვირთული სავარჯიშო გრაფიკი მქონდა. შემეძლო, გუნდთან ერთად თამაშებზე მეარა, მაგრამ ინდივიდუალური მწვრთნელი მყავდა და როცა გუნდი სან-დიეგოში არ იყო, მე ცალკე ვვარჯიშობდი.

- რომელ ფაკულტეტზე სწავლობ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის?
- ვსწავლობ სან-დიეგოს უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ვამთავრებ პირველ კურსს და მინდა აღვნიშნო, რომ სწავლას სერიოზულად ვეკიდები. თუკი კარგი ნიშნები არ გექნება, კალათბურთს ვერ ითამაშებ. ესეც რომ არა, მე ისედაც მაინტერესებს ის სპეციალობა, რომელსაც ვეუფლები.

- ნაკრებში გამოძახებული კიდევ ერთი ახალგაზრდა, ოთარ ფხაკაძეც ამერიკაშია. თუ გიწევს მისი ნახვა?
- პირადად არ შევხვედრივარ, მისი გუნდი სხვა კონფერენციაშია, მაგრამ ოთოს ხშირად ვეკონტაქტები.

- ნაკრებში ყოველწლიურად ახალ, ახალგაზრდა მოთამაშეებს იძახებენ და ამ ფაქტზე რას იტყვი?
- ახალი მოთამაშეების გამოძახება მწვრთნელთა კომპეტენციაა. მათ უკეთ იციან, ვინ და როდის გამოიძახონ. ზოგადად კი, ახალი სახეების ნაკრებში გამოჩენას მივესალმები.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული