ქართველები და ევროკალათბურთი

AutoSharing Option
1947 წელს ევრობასკეტზე ერთდროულად ითამაშეს ოთარ ქორქიამა და ნოდარ ჯორჯიკიამ. მას შემდეგ, 1961 წელს პირველად იყო შანსი, ორ ქართველს ერთად მოერგო სსრკ-ის ნაკრების მაისურა, თუმცა ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ 1959 წლის ევრობასკეტზე გურამ მინაშვილი გუნდის მთავარი გამთამაშებელი იყო, მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ იგი 1961 წელს ბელგრადში არ წაიყვანა. იმ ევრობასკეტზე ვლადიმერ უგრეხელიძემ ითამაშა.

დავინტერესდით, ბატონმა გურამმა ევრო-1961 ტრავმის გამო ხომ არ გამოტოვა...

- ღვთის წყალობით კარიერაში სერიოზული ტრავმა არ მიმიღია. ერთადერთხელ გამეჭიმა საზარდული, რის გამოც მცირე დროით დავისვენე. ასე
რომ, სერბეთში წაუსვლელობის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. კონკრეტული მიზეზი არ მახსოვს, ალბათ, მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა, - იხსენებს გურამ მინაშვილი. იგი მნიშვნელოვან საკითხს შეეხო - კარიერაში სერიოზული ტრავმა არ მიმიღიაო... საინტერესოა, რა მიაჩნია ლეგენდარულ კალათბურთელს ამის მიზეზად?

- დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ მოქნილობას. თუ პატარაობიდანვე მოძრავი ხარ, ზრდასრულ ასაკში შემდეგ ეს კარიერაზე აუცილებლად დადებითად აისახება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ბავშვთა ფიზიკურ აღზრდას ყურადღება ბაღის ასაკიდანვე უნდა მიექცეს. დატვირთვებს არ ვგულისხმობ, საჭიროა, პატარები თამაშით მეტ მოძრაობას მივაჩვიოთ, რათა მოქნილი ახალგაზრდები გაიზარდონ. მნიშვნელობა არ აქვს, ვაჟია თუ გოგონა.

დავუბრუნდეთ 1961 წელს. ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფორვარდი ვლადიმერ უგრეხელიძე სსრ კავშირის ნაკრების გამორჩეული კალათბურთელი იყო. გადახედეთ მის მონაგარს და ამაში თავად დარწმუნდებით. ერთია მხოლოდ დასანანი - მწვრთნელმა იგი ორ მატჩში არ ათამაშა, ნახევარფინალსა და ფინალში.

- უგრეხელიძე მაღალი დონის თავდამსხმელი იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრებში გაცილებით მეტი უნდა ეთამაშა. ისევე, როგორც სხვა ქართველებს, სსრკ-ის ნაკრებში "პტიცასაც" სერიოზული კონკურენტები ჰყავდა - გენადი ვოლნოვი, იური კორნეევი... - ამბობს გურამ მინაშვილი.

ბატონი გურამი მოგვითხრობს, რომ 60-იან წლებამდე იუგოსლავიაში კალათბურთს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, სწორედ ამიტომ, ბალკანელები საბჭოელებს ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ლოგიკურიც იყო, რომ საბჭოთა ნაკრებმა ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლიან-ბულგარეთიანად ყველა დამაჯერებლად დაამარცხა.

ვლადიმერ უგრეხელიძე რიგით მეოთხე ქართველი ევროპის ჩემპიონი გახდა (ქორქიას, ჯორჯიკიას და მინაშვილის შემდეგ).


***
1963 წელს ევროპის საუკეთესო ნაკრებები პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შეიკრიბნენ. ალექსანდრ გომელსკიმ გურამ მინაშვილი ნაკრებში დააბრუნა, თუმცა მწვრთნელი ევრობასკეტის წინ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: 6-ნომრიანი მაისურა გურამ მინაშვილს ჩაეცვა თუ არმენაკ ალაჩაჩიანს.

- კლუბებში ორივე მე-6 ნომრად ვთამაშობდით. გომელსკი საზრიანი მწვრთნელი იყო და ერთი ხერხი იხმარა: ჯერ ჩემთან მოვიდა და მკითხა - 6 ნომერთან დაკავშირებით რა ვქნაო? ვუპასუხე: ალაჩაჩიანს მიეცით-მეთქი. თურმე მწვრთნელი არმენაკთანაც მისულა და იგივე უკითხავს. ალაჩაჩიანს 6 ნომერი ჩემთვის დაუთმია...

ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ევრო-1963-ის ყველა მატჩის განაცხადში ჯერ მინაშვილის გვარი წერია, შემდეგ კალინიჩის და ალაჩაჩიანის... როგორც წესი, ევროპულ კალათბურთში ათვლა 4 ნომრიდან იწყება: მინაშვილი მე-4 ნომერი იყო, კალინიჩი - მე-5, ალაჩაჩიანი - მე-6. ბატონ გურამს წინასაჩემპიონატო ისტორია კარგად ახსოვს, თამაშები კი იმდენად ერთფეროვანი იყო, რომ ძნელია რამე საინტერესოს გამოყოფა. აი, რა ვიგულისხმეთ სიტყვა "ერთფეროვნებაში": სსრ კავშირის ნაკრები ყველა მეტოქეს ერთნაირად, იოლად უსწორდებოდა, გურამ მინაშვილი კი თითოეულ მატჩში სასტარტო ხუთეულის წევრი იყო...

1963 წელს იგი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.

ბატონ გურამს საქართველოს ნაკრებზეც ვესაუბრეთ, თუმცა მანამდე მისი კარიერის ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზე შევჩერდებით. 1959 წელს იგი NBA-ში მიიწვიეს:

- საბჭოთა ნაკრების კალათბურთელები ამერიკას 20 დღით ვესტუმრეთ და ოთხ ქალაქში ექვსი მატჩი გავმართეთ. ბოლო შეხვედრა სიეტლში უნდა გამართულიყო. მანამდე საბჭოელებს ხუთიდან 2 მატჩი გვქონდა მოგებული. გადამწყვეტი, მეექვსე თამაშის წინ ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი შეგვხვდა და გვითხრა: 20 დღეში 60-60 დოლარს ხომ გაძლევთ, ამ თანხას გაგიორმაგებთ, თუ სიეტლის ნაკრებს დაამარცხებთ და შინ ანგარიშით 3:3 დაბრუნდებითო. ცნობისთვის: მაშინ 60 დოლარად კარგი ქურქის შეძენა შეიძლებოდა. ის მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მცირე უპირატესობის მოპოვების შემდეგ ამერიკელთა მწვრთნელი ცვლილებას აკეთებდა, ერთი კალათბურთელი შემოჰყავდა, ის კი სხვაობას ზრდიდა და ისევ სათადარიგოთა შორის ბრუნდებოდა. ის მატჩი მცირე სხვაობით წავაგეთ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, პროფესიონალთან გვითამაშია - ის სათადარიგო "სიეტლ სუპერსონიქსის" კალათბურთელი ყოფილა. ამერიკული ტურნეს საუკეთესო მატჩი კლივლენდში გავმართეთ. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითში 10:9 გავიმარჯვეთ. 10-დან 9 ქულა მე ჩავაგდე. სხვათა შორის, ოვერტაიმში ერთი ქულის ავტორი სტუდენეცკი გამეხუმრა - ის ერთი ქულა არ ჩამეგდო და როგორ მოვიგებდით, იმასაც ნახავდიო. კლივლენდთან დაპირისპირების შემდეგ ალექსანდრ გომელსკისთან "ნიუ იორკ ნიქსის" სელექციონერები მივიდნენ, სამწლიანი კონტრაქტი მიუტანეს და ჩემი ხელმოწერა სთხოვეს. მწვრთნელმა დამიძახა და ჩემი თანდასწრებით უთხრა - ხელმოწერას ახლა ვერ დავსვამთ, მოსკოვში ჩავალთ, კომიტეტის თავმჯდომარეს გავესაუბრებით და კონტრაქტი მერე იყოსო. FBI-დან ერთი პიროვნება გვყავდა მომაგრებული, სახელად ფომა. რუსულ-ინგლისური ლექსიკონი ვაჩუქე და დავუმეგობრდი. "ნიუ იორკიდან" წინადადების მიღების დღეს იგი მოვიდა და მირჩია: "ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. გირჩევ უარი არ თქვა. თუ საბჭოელებისა გეშინია, ისეთ ადგილას დაგმალავ, ამერიკელებიც ვერ გიპოვნიანო. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, ფომა საბჭოურმა სპეცსამსახურმა ხომ არ მომიგზავნა-მეთქი (მაგრამ ასე არ ყოფილა) და, ცხადია, ისიც უარით გავისტუმრე, რადგან ვიცოდი, რომ ამერიკაში დარჩენა და ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა ერთი იქნებოდა.


***
გურამ მინაშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საქართველოს ნაკრებში უცხოელი სპეციალისტის მუშაობას ეწინააღმდეგებოდა. ბრაიკოვიჩმა, ჰერბერტმა, შილდსმა მართლაც ვერ გაამართლეს. საინტერესოა, ბატონი გურამი ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელზე რა აზრისაა.

- იგორ კოკოშკოვის მოწინააღმდეგეც ვარ. დღესაც იმ აზრზე ვრჩები, რომ ჩვენს ნაკრებს ქართველი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩვენს კალათბურთსა და მოთამაშეებს აქაურზე უკეთესად არავინ იცნობს. ამასთან, გვყავს ნიჭიერი მწვრთნელები... რაც შეეხება იგორ კოკოშკოვს, მისდამი არაერთი პრეტენზია მაქვს, რომელთაგან მხოლოდ ორს დავასახელებ: მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძლიერი სპეციალისტები მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ყოველთვის საუკეთესო ხუთეულს აყენებენ, რადგან მატჩის კარგად დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მანუჩარი სასტარტო ხუთეულში უნდა ყოფილიყო. და მეორე: ბოლო ორ წელიწადში საქართველოს ნაკრების 11 მატჩი ვნახე. არც ერთხელ ერთმანეთის გვერდით არ უთამაშიათ ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინს. ისინი მუდმივად ერთმანეთს ცვლიან. არადა, ასეთი სიმაღლის დუეტს ბევრი მწვრთნელი ნატრობს. ჩემი აზრით, ზაზა და გიორგი ერთდროულად გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ. მით უმეტეს, რომ ორივე მოძრავია და მეოთხე ნომრადაც შეუძლიათ თამაში.

გურამ მინაშვილს საქართველოს ნაკრების შესაძლებლობების შეფასებაც ვთხოვეთ.

- გუნდი კარგადაა დაბალანსებული. ჩვენს დროს ასეთი მაღალი დონის ცენტრებს ვნატრობდით. საერთოდ, პერსპექტიული ნაკრები გვყავს და ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.


ევრობასკეტი-1961
ბელგრადი, სერბეთი
I ეტაპი

C ჯგუფი
სსრკ-ბელგია 89:48
უგრეხელიძე: 7 ქულა, 4 ფოლი.

სსრკ-ესპანეთი 82:49
უგრეხელიძე: 8ქ, 4ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 2 2 0 171/97 4 4
2. ბელგია 2 1 1 118/156 3
3. ესპანეთი 2 0 2 116/152 2


II ეტაპი
სსრკ-პოლონეთი 67:53
უგრეხელიძე: 6ქ, 1ფ.

სსრკ-გდრ 71:40
უგრეხელიძე: 11ქ, 3ფ.

სსრკ-უნგრეთი 93:31
უგრეხელიძე: 11ქ, 4ფ.

იუგოსლავია-სსრკ 58:75
უგრეხელიძე: 4ქ, 1ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 5 5 0 395/230 10
2. იუგოსლავია 5 4 1 369/340 9
3. ბელგია 5 3 2 303/358 8
4. უნგრეთი 5 1 4 272/333 6
5. პოლონეთი 5 1 4 307/329 6
6. გდრ 5 1 4 311/367 6
სსრკ-ს ბელგიასთან მოგება I ეტაპიდან გადაჰყვა.


1/2 ფინალი
სსრკ-ბულგარეთი 77:54
უგრეხელიძე: 0ქ.


ფინალი
იუგოსლავია-სსრკ 53:60
უგრეხელიძე: 0ქ.


ევრობასკეტი-1963
ვროცლავი, პოლონეთი

I ეტაპი
B ჯგუფი
სსრკ-ფინეთი 75:53
მინაშვილი: 8ქ, 2ფ.

სსრკ-პოლონეთი 64:54
მინაშვილი: 2ქ, 2ფ.

სსრკ-გდრ 76:52
მინაშვილი: 2ქ, 2ფ.

სსრკ-რუმინეთი 64:54
მინაშვილი: 1ფ.

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 96:56
მინაშვილი: 7ქ, 5ფ.

სსრკ-საფრანგეთი 77:59
მინაშვილი: 4ქ, 2ფ.

სსრკ-ესპანეთი 106:64
მინაშვილი: 4ქ, 2ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 7 7 0 558/392 14
2. პოლონეთი 7 6 1 542/454 13
3. გდრ 7 4 3 468/469 11
4. ესპანეთი 7 3 4 563/575 10
5. რუმინეთი 7 3 4 422/430 10
6. ჩეხოსლოვაკია 7 3 4 479/514 10
7. საფრანგეთი 7 1 6 427/521 8
8. ფინეთი 7 1 6 399/503 8


1/2 ფინალი
სსრკ-უნგრეთი 89:51
მინაშვილი: 6ქ, 1ფ.

ფინალი
პოლონეთი-სსრკ 45:61
მინაშვილი: 2ქ, 4ფ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული