ოლაფ რაფნსონი: ევრობასკეტი ოთხ წელიწადში ერთხელ? არა! მაგრამ...

AutoSharing Option
ჯერ სათაური გავშიფროთ: ოლაფ რაფნსონი ფიბა-ევროპის პრეზიდენტია, რომელიც წინ ვერ აღუდგა ფიბა-ს გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვასთან დაკავშირებით.

მართალია, ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, მაგრამ, როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ამბობენ, დიდია ალბათობა, ფიბა-მ თავისი გაიტანოს და ევრობასკეტი ორის ნაცვლად, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. ეს 2017 წლიდან მოხდება.

მანამდე, 2015-ში ევროპის უმთავრესი საკალათბურთო ღონისძიება უკრაინაში გაიმართება. საამისოდ ორი მთავარი არენის მშენებლობა ივლისში დაიწყება.

Sportall.Geსწორედ მომავალი მასპინძლის მზადების შესაფასებლად ფიბა-ევროპის პრეზიდენტი ოლაფ რაფნსონი კიევში ჩავიდა და გამოცემა "ისპორტის" ჟურნალისტს
ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ევრობასკეტი 2015
კორესპონდენტმა უკრაინაში ჩასულ პრეზიდენტს პირდაპირ ჰკითხა:

- როცა საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, უკრაინაში ხშირად ჩამოდიოდა უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი. დიდი ხანია გადაწყდა, რომ ევრობასკეტი 2015 უკრაინაში ჩატარდება, თქვენ კი პირველად გვესტუმრეთ...

- თქვენს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა, მიმდინარეობდა მთავრობის ფორმირების პროცესი, რამაც ჩვენი გეგმები გარკვეულწილად შეცვალა. გვინდოდა, ყველაფერი დალაგებულიყო, რომ გვცოდნოდა, ვისთან გველაპარაკა და ვინ არის პასუხისმგებელი...

ამიერიდან ჩამოვალ იმდენჯერ, რამდენჯერაც საქმე მოითხოვს.

ევრობასკეტი 2013
სლოვენიაში გასამართავი ევროპის ჩემპიონატი 4 სექტემბერს დაიწყება. საინტერესოა, ფიბა-ევროპის პრეზიდენტი რას ფიქრობს ამ შეჯიბრების შესახებ.

- სლოვენიელები ბევრს მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის დაწყებისთვის ყველაფერი წესრიგში იქნება. ვიმედოვნებ, მაღალ დონეზე ორგანიზებულ ტურნირს ვიხილავთ.

ევრობასკეტი 2011
2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა. საერთო აღიარებით, ასეთმა რეფორმამ გაამართლა. საინტერესოა ოლაფ რაფნსონის მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით.

- ევრობასკეტზე 24 ქვეყნის გამოსვლას მხურვალედ ვუჭერდი მხარს. კითხვა, რამდენი გუნდი უნდა მონაწილეობდეს ევროპის ჩემპიონატზე, ხშირად ისმის: 12, 16, 20, 24 თუ 32?

2011 წელს დავინახეთ - იყო "მეორე ეშელონის" იმდენი კარგი ნაკრები, რომ შეიძლებოდა გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდა და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ ფავორიტებისთვის.

ევრობასკეტი 2011-მა გვიჩვენა, რომ შეჯიბრების გაფართოებით სწორი ნაბიჯი გადავდგით. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების ერთხმად მიღება ვერ მოხდებოდა - იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. თუმცა ფიბა-ევროპა სწორად მოიქცა, როცა შანსი მისცა იმ ნაკრებებს, რომლებიც ევრობასკეტის კარზე აკაკუნებდნენ.

ჩნდება კითხვა, ევროპული კალათბურთის უმთავრესი ორგანიზაცია ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას კიდევ ხომ არ აპირებს?

- დღეს ეს არ მოხდება. ვერ ვხედავ აუცილებლობას შეჯიბრების მონაწილეთა რაოდენობის ხელახლა გადახედვისა. წინა ცვლილებიდან მომდევნომდე ჯერ დრო უნდა გავიდეს.

როცა ოლაფ რაფნსონს ტელეაუდიტორიის ზრდაზე ჰკითხეს, საქართველოს ნაკრებიც ახსენა...

- გრძელვადიანი პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. ვეძებთ დამატებით ბაზარს რეკლამისთვის, ტელეტრანსლაციისთვის.

ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარნენ ქვეყნები, რომელთა ნაკრებები 2011 წლის ევრობასკეტზე მონაწილეთა რაოდენობის გაფართოების შედეგად მოხვდნენ - ქართველებმა, მაკედონი
ელებმა და ფინელებმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინეს.

არადა, თექვსმეტგუნდა ფორმატი რომ შეგვენარჩუნებინა, ეს ნაკრებები ევრობასკეტზე ვერ ითამაშებდნენ. ისინი საკუთარ ქვეყნებში კალათბურთს დიდ პოპულარიზაციას უწევენ, რაც ფიბა-ევროპის ინტერესებშიცაა.

დახმარება
უკრაინელი ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ ეხმარება ფიბა-ევროპა "პატარა ქვეყნებს".

- ჯერ გავარკვიოთ, რას ნიშნავს "პატარა ქვეყანა". მაგალითად, სლოვენია ორმილიონიანი სახელმწიფოა და ევრობასკეტის მასპინძელი. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, გასაგებია, ვინ იგულისხმება.

ფიბა-ევროპას აქვს კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყნისთვის ფინანსურ, მეთოდურ, ტექნიკურ დახმარებას, 3X3 კალათბურთის პოპულარიზაციას.

მოკლედ, ვეხმარებით ყველაფრით, რითაც შეგვიძლია.

რეფორმა
შესავალშიც მოგახსენეთ, რომ 2017 წლიდან ფიბა ევროპის ჩემპიონატების ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებას გეგმავს. ეს სერიოზული ცვლილებაა, რადგან დაარსების დღიდან ევროპის პირველობები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა.

საინტერესოა ოლაფ რაფნსონის მოსაზრება, ფიბა-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

- ფიბა-ევროპის ოფიციალური პოზიცია ასეთია: ორწლიანი ციკლის ოთხამდე გაზრდის წინააღმდეგები ვართ. თუმცა ასეთია კალათბურთის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება და უნდა ვეცადოთ, სიტუაციიდან გამოსავალი მოვძებნოთ. გავიმეორებ, ფიბა-ს გადაწყვეტილება არ გვახარებს, მაგრამ მასთან შეგუება მოგვიწევს.

ისიც ითქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის ოთხწლიანი ციკლის შემოღებასთან ერთად, წლის განმავლობაში გაჩნდება ფანჯრები სანაკრებო მატჩებისთვის. ახლანდელი სისტემით კი ფანჯარა ერთია - აგვისტო-სექტემბერი.

- მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ევრობასკეტის ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვის იდეას, ძალიან მოგვწონს შესარჩევი მატჩების რამდენიმე თვეზე გადანაწილების პროექტი. ესეც ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციაა.

სანაკრებო შეხვედრების ნოემბერში, თებერვალსა და სეზონის კიდევ სხვა თვეებზე გადანაწილება ჩვენი მაყურებლისთვისაც მისაღებია, მაგრამ ჩნდება ერთი პრობლემა: როგორ შეხვდებიან სეზონის მსვლელობისას კალათბურთელების ნაკრებში წასვლას NBA-ს, ევროლიგის და სხვა საკლუბო შეჯიბრებების წარმომადგენლები?

ამ საკითხზე ოლაფ რაფნსონი ბუნდოვნად ლაპარაკობს:

- დისკუსიას დრო სჭირდება. ევროლიგისა და ფიბა-ს მესვეურებთან არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ. ვეძებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული