თბილისში ჩამოსულ ცინცაძესთან ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად). ახლა მანუჩარს შეგახვედრებთ, რომელიც ამჟამად საკუთარ ოჯახთან ერთად უკრაინაშია.
მარკოიშვილი "გალათასარაიში" იტალიური "კანტუდან" შუა სეზონში გადავიდა და იმდენი მოახერხა, გუნდის ლიდერთა შორის ჩაეწერა.
- "კანტუში" სხვა როლი მქონდა, "გალათასარაიში" - სხვა. იტალიურ გუნდში მესამე სეზონს ვატარებდი
თურქულ გუნდში დიდი გამოცდილება მივიღე და მოხარული ვარ, რომ შრომა დაგვიფასდა - თურქეთის ჩემპიონატი მოვიგეთ.
- "გალათასარაის" მწვრთნელ ერგინ ატამანს აქამდეც ჰქონდა შეხება ქართველებთან, ზაზა ფაჩულიასთანაც მუშაობდა და შარშან თბილისში "ბეშიქთაში" ჩამოიყვანა...
- ძლიერი სპეციალისტია, თავისებური მიდგომა აქვს და ბევრი კოლეგისგან განსხვავდება. შესაძლოა, ურთიერთობაში იოლად არ შემოვიდეს, მაგრამ მოედანზე თავისი საქმის სპეციალისტია. მის მთავარ დადებით თვისებად შეიძლება მენტალიტეტი ჩაითვალოს - ძალიან ეჯავრება წაგება, გამორიცხულია, ამას შეეგუოს. ასეთი მენტალიტეტი კალათბურთელებსაც უყალიბდებათ და ამიტომაცაა ატამანის გუნდი წარმატებული.
მის ნდობას სტამბულში ჩასვლის პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რაც თამაშზეც ისახებოდა. შესაძლოა, ზოგჯერ ქულები უხვად ვერ მომეგროვებინა, მაგრამ ჩემს საქმეს ვასრულებდი და გადამწყვეტ მომენტში მოედანზე ვიყავი. მწვრთნელს კარგად ვყავდი შესწავლილი და სწორედ ისეთ კომბინაციებს ხაზავდა, რომლის დროსაც ტყორცნა იმ ადგილიდან მევალებოდა, საიდანაც ძალიან მიყვარს.
თანაგუნდელებზეც დადებითად უნდა ვილაპარაკო, რომლებიც პასს წამით არ აგვიანებდნენ.
- ვერ ვიტყვით, რომ "გალა", თუნდაც შემადგენლობის მიხედვით, თურქეთის ჩემპიონობის ერთპიროვნული ფავორიტი იყო...
- არ ვიცი, როგორი ბიუჯეტი ჰქონდა გასულ სეზონში, მაგრამ გუნდებისთვის რომ გადაგვეხედა, ფავორიტებად "ფენერბაჰჩესა" და "ეფესს" მივიჩნევდით. თუმცა, არც ჩვენ გვყავდა ურიგო შემადგენლობა. შუა სეზონში 23 მატჩი წაუგებლად ჩავატარეთ და ამის შემდეგ ჩვენი ფავორიტობა ყველამ ირწმუნა. "გალა" კარგად დაბალანსებული და შეკრული გუნდი იყო. სწორედ ამან განაპირობა მისი გამარჯვება.
- "გალას" ქომაგის გულის მოგება მოასწარი?
- სტამბულელი ქომაგისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდი. გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად) რატი შელეგიასაც ვუთხარი, ქომაგები "მანუ-ფაშას" მეძახდნენ-მეთქი, მაგრამ ახლაც არ ვიცი, ზუსტად რას ნიშნავს.
არც ოთხ თვეში ქომაგის გულის მოგებაა იოლი, თუმცა მათთვისაც და ჩემთვისაც მთავარი წარმატებაა. საბოლოოდ ჩემით უკმაყოფილონი არ უნდა დარჩენილიყვნენ, რადგან "გალათასარაის" ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარე.
- საქართველოში როდის აპირებ ჩამოსვლას?
- მცირე მკურნალობა მჭირდება, თუმცა სერიოზული არაფერია. მინდა ნაკრებს მაქსიმალურად ჯანმრთელი შევუერთდე.
- ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია ვერ ითამაშებს...
- ყველამ იცის ზაზას როლის შესახებ საქართველოს ნაკრებში. გულშემატკივარი რომ ვიყო, შეიძლება მეც მეთქვა, მის გარეშე რა უნდა ვქნათ-მეთქი.
ვინც ნაკრების შიდა სამზარეულოს იცნობს, დამეთანხმება, რომ გუნდში ფაჩულიას დიდი როლი აქვს. ქულებსა და სტატისტიკას არ ვგულისხმობ, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - მისი გამოცდილება, ბრძოლისუნარიანობა ყველა კალათბურთელზე დადებითად მოქმედებს. იგი ძალიან დაგვაკლდება, თუმცა ყველა კალათბურთელის კარიერაში შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა.
ზაზა აქამდე ყოველ წელს ჩამოდიოდა და ერთი ციკლიც არ გაუცდენია. მას ტრავმის შემდეგ დასვენების საშუალება მიეცემა და ახალ სეზონს ახალი ენერგიით შეხვდება.
- რა შეიძლება შეიცვალოს გუნდის თამაშში ზაზას არყოფნაში?
- დარწმუნებული ვარ, ლიდერის არყოფნაში ახალგაზრდა კალათბურთელი გამოჩნდება, რომელსაც აქამდე მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. ახალგაზრდები სანაკრებო გამოცდილებას მიიღებენ, გაიზრდებიან და მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება. ეს მათი კარიერისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.
როგორც ვთქვი, ფაჩულია შეუცვლელია, მაგრამ უნდა შევცვალოთ სისტემა, ისეთ სტილში ვეღარ ვითამაშებთ, როგორც ამას ზაზასთან ერთად ვაკეთებდით. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად გამოგვივა.
- ამერიკელი მეფარის ჩამოყვანას აპირებენ. საინტერესოა, რა აზრისა ხარ ნატურალიზებულებზე...
- ეს საკითხი არც ერთი კალათბურთელის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ საკუთარი მოსაზრება გაგვაჩნია. მიმაჩნია, რომ ამერიკელის ჩამოყვანაზე უკეთესი იქნება, ის ერთი ადგილი ახალგაზრდა ქართველს დაეთმოს.
როცა ვამბობთ, გამთამაშებელი არ გვყავსო, ამით ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვმოქმედებთ ახალგაზრდებზე. ახლა ზაზა ფაჩულია გამოგვაკლდა და ტანმაღალი ლეგიონერი ჩამოგვყავს. მივბაძოთ იმ ქვეყნების მაგალითს, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივებზე არიან დამოკიდებულნი.
ადრე თუ გვიან საქართველოს უნდა ჰყავდეს ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველები ითამაშებენ.
- ევრობასკეტზე ჩვენს მეტოქეებზე ორ-ორი სიტყვა ვთქვათ...
- სერიოზულ ქვეჯგუფში მოვხვდით. ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც გამოცდილებით რომელიმეს აღვემატებით. შედარებით სუსტებად პოლონეთი და ჩეხეთი წარმოგვიდგენია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩეხეთის ნაკრებთან შარშან ამხანაგურ მატჩში დავმარცხდით, ხოლო 2010 წელს პოლონეთში წავაგეთ.
თუმცა იმის თქმა არ მინდა, თითქოს აუტსაიდერები ვიყოთ. ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოვინდომებთ, როგორ მოვემზადებით...
დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ცდას არ დავაკლებთ, რომ ევრობასკეტზე ღირსეულად გამოვიდეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონია
მოსაზრება. ევრობასკეტი 2013: რაღა გვეშველება ფაჩულიას გარეშე?!
მანუჩარ მარკოიშვილი: ევროპის ჩემპიონატზე შეუძლებელი უნდა შევძლოთ
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა