ევრობასკეტი. მოსაზრება უკანახაზელებზე: ვისზე ნაკლებები ვართ? (ნაწილი I)

AutoSharing Option
ბოლოს და ბოლოს, გვეღირსა ნორმალური უცხოელი, - ასეთ ფრაზას ბევრისგან გაიგონებთ. კი მაგრამ, რას ნიშნავს სიტყვა "გვეღირსა"? ახლავე განგიმარტავთ: საქართველოს ნაკრებში 2004-05 წლებში შემონდ უილიამსი თამაშობდა. იგი ჯერ "უნიქსში" იყო, შემდეგ "ბარსელონაში" და "ლეიკერსში" კობი ბრაიანტის გვერდით ბურთის კაკუნიც მოასწრო. შევთანხმდეთ, რომ შემონდი ყველაზე მაღალი კლასის ამერიკელი იყო, ვისაც ჩვენს ნაკრებში უთამაშია.

მას მოჰყვა ტაირონ ელისი, რომელმაც კარიერის ძირითადი ნაწილი საშუალო ესპანურ კლუბებში გაატარა, გამოცდილება არ აკლდა და საქართველოს ნაკრებში გულიანი თამაშით ქომაგს თავი შეაყვარა.

ელისი "ჯორჯიიანი" მაისურით 2006-დან 2009
წლამდე თამაშობდა. მას მერე იყვნენ მარკიზ ჰეინსი, ტორინ გრინი, ქუინტონ ჰოსლი, ჯეიკობ პულენი, კორი ფიშერი.

მათგან ოფიციალურ შეხვედრებში სამმა მიიღო მონაწილეობა და ისინიც ყოველწლიურად იცვლებოდნენ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც არ არის რთული - რომელიმე ამერიკელი ნაკრებს ისე რომ გამოდგომოდა, როგორც ელისი, მეორე წელს სხვა ამერიკელზე არავინ იფიქრებდა.

ასე იყო ამჯერადაც: 2012 წელს ნაკრებში ჯეიკობ პულენმა ითამაშა და დავინახეთ, რომ ევრობასკეტი 2013-ისთვის მასზე გამოცდილი და ევროპულ კალათბურთთან შერწყმული ამერიკელი გვჭირდებოდა.

კალათბურთის ფედერაციამ ევროლიგის გუნდებში გააჩაღა "საველე-საძიებო" სამუშაო და ჯერ სიენელ ბობი ბრაუნს შესთავაზა ქართველობა, შემდეგ ეფესელ ჯორდან ფარმარს, ბოლოს მაქაბელ რიკი ჰიკმანს...

თანხმობა რიკიმ განაცხადა. ამ სამი მოთამაშიდან, რომელიც უნდა ჩამოსულიყო, ყველა გამოგვადგებოდა, მაგრამ ჰიკმანი ერთი ნიუანსის გამო ყველას სჯობდა: მან ევროპული კარიერა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო, ყოველწლიურად უმატებდა და გასულ სეზონში ევროლიგასაც მიაღწია.

თან არა რიგით "ჯარისკაცად", არამედ ისრაელის "მაქაბის" ლიდერად მოგვევლინა. რიკი ამერიკიდან ჯერ გერმანიაში გადავიდა, შემდეგ ფინეთში მოსინჯა ძალები, საიდანაც იტალიელთა ყურადღება მიიქცია და "პეზაროს" სნაიპერად იქცა.

2012-13 წლების სეზონის წინ კი დევიდ ბლატმა "მაქაბიში" აიყვანა. პირველივე საევროლიგო სეზონში იგი საშუალოდ 13.5 ქულასა და 3.1 პასს აგროვებდა.

ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, მეცხრე იყო. ეს ცოტას როდი ნიშნავს.

ერთი შეხედვით, ჰიკმანი სწორედ ის არის, ვინც საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე უნდა გამოადგეს. მის გვერდით ლუკ ზელერის გვარიც გაჟღერდა. მასზე მოკლედ შევჩერდებით, რადგან...

იგი "ფინიქსში" იგორ კოკოშკოვთან თამაშობდა (16 მატჩი, საშუალოდ 3.6 წუთი).

მისი მატჩების "ვიდეოჰაილაითები" კარგად გადავათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ 211 სმ სიმაღლის, ხმელი აღნაგობის ზელერი სამქულიანებსა და შორეულ ორქულიანებს კარგად ტყორცნის - პასს მუდამ პერიმეტრთან ახლოს ელოდება... არადა, ტანმაღალი კალათბურთელის დამატება იმიტომ გადაწყდა, რომ სლოვენიის ევრობასკეტზე ზაზა ფაჩულია არ გვეყოლება.

ზელერზე გამოცდილი, პერიმეტრიდან უკეთესად მტყორცნელი და მასზე მეტად ფარქვეშ შესვლის მოყვარული ნიკოლოზ ცქიტიშვილი (215 სმ) შარშან ნაკრებში არ აიყვანეს - მაღალი კლასის ფორვარდები ბევრი გვყავსო...

ქართულ ფილმ "ცისფერ მთებში" ვაჟა რომ ეუბნება სოსოს: ეს ორი სათაური რად უნდა, მაინც ვერ გავიგეო, - სწორედ ასეთ სიტუაციაში ვართ. რად უნდა იგორ კოკოშკოვს ლუკ ზელერი? თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ვიტყვით, რომ იგი ნაკრებს ჰიკმანზე მეტად გამოადგება.

სოსოც ხომ ეუბნება ვაჟას - ბოლოს და ბოლოს, მეორე სათაურს წავშლიო. ჰოდა, წინასწარ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრების სიიდან მწვრთნელი ზელერის გვარს ევრობასკეტამდე ამოშლის...

ასე რომ, განვაგრძოთ რიკი ჰიკმანზე წერა. მასთან ერთად საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი ევრობასკეტზე არავისზე ნაკლები არ იქნება. ასე თამამად რატომ ვლაპარაკობთ? მოდით, ეროვნული გუნდის პერიმეტრის მოთამაშეები ჩვენი ჯგუფის მეტოქე კოლეგებს შევადაროთ და პასუხსაც მივიღებთ.

* * *

პოლონელებს უკანახაზელთა შორის ერთადერთი ლეგიონერი ჰყავთ - ისიც ნატურალიზებული ტომას კელატი ("ვალენსიადან"). იგი მეორე ნომერია, ბურთის გათამაშება კი "ზელონა გორას" წევრის, ლუკაშ კოშარეკის საქმეა...

ევროთასებზე გამოცდილი პერიმეტრის მოთამაშეები ჩეხებსაც ჰყავთ, მაგრამ მათ შორის საუკეთესო მაინც 33 წლის ირჟი ველშია, რომელსაც NBA-შიც უთამაშია. ესპანურ "კახა ლაბორალის" ღირსებას იცავს დევიდ ჟელინეკი, მაგრამ გასულ სეზონში ცოტას თამაშობდა...

მანუჩარ მარკოიშვილის საევროლიგო გამოცდილებას თავი რომ დავანებოთ, ისიც საკმარისია ვთქვათ, რომ იგი 2013 წლის თურქეთის ჩემპიონია. "გალათასარაიში" საშუალოდ 24.3 წუთში 9.4 ქულას აგროვებდა, ხოლო "კანტუში" ევროლიგაზე - 26.6 წუთში 12.6 ქულას.

გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონია. ევროთასზე "ბუდიველნიკთან" ერთად ნახევარფინალში ითამაშა. უკრაინაში საშუალოდ 24.6 წუთში 9.1 ქულასა და 4.2 შედეგიან გადაცემას ითვლიდა, ხოლო ევროთასზე - 24.5 წუთში 8.2 ქულასა და 3.9 პასს.

რიკი ჰიკმანის მონაგარი უკვე გაგაცანით. არ ვიცით, კიდევ ვინ შეავსებს ნაკრებში უკანა ხაზს, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს თორნიკე შენგელიას ამერიკაში თამაში კარგად ექნება შესწავლილი და იმასაც დააკვირდებოდა, რომ თოკოს რიგ მატჩებში მსროლელის პოზიციას ანდობდნენ.

თამაშებისას, როცა ცინცაძე-მარკოიშვილი-ჰიკმანის ტრიოდან ორის ერთდროულად დასვენებას გადაწყვეტს, მწვრთნელს თამამად შეუძლია თოკო მსროლელად გაამწესოს, არც საამისო სისწრაფე აკლია და არც მოქნილობა.

ასე რომ, შევთანხმდეთ, საქართველოს პოლონეთთან და ჩეხეთთან უკანა ხაზში უპირატესობა უნდა ჰქონდეს. ახლა ჯგუფის ფავორიტებს გადავხედოთ.

სლოვენიის ნაკრების უკანა ხაზში სამი ვარსკვლავია - იაკა ლაკოვიჩი (იტალიის "აველინო"), ბენო უდრიხი ("ორლანდო", NBA) და გორან დრაგიჩი ("ფინიქსი", NBA).

სლოვენიელები თვლიან, რომ ასეთი კალათბურთელებით ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვება შეუძლიათ. თუმცა შედარებით მოკრძალებული მიზნების მქონე საქართველოს ნაკრებს სწორედ 2013 წელს ეყოლება ისტორიაში საუკეთესო უკანა ხაზი: ორი ევროლიგელი და ერთიც ევროთასის ნახევარფინალისტი.

ბევრი რამ უშუალოდ მატჩებისთვის მომზადებაზე იქნება დამოკიდებული. ყოფილა შემთხვევა, NBA-ს კალათბურთელს ევროლიგელთან ჭიდილში ფარ-ხმალი დაუყრია.

ფარისა და ხმლის ამბავი ცოტა გადამეტებულია, მაგრამ ერთ ფაქტს გაგახსენებთ: 2011 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერას გახდა ფინიქსელი გორან დრაგიჩი, რომელმაც მატჩი 28 წუთში 2 ქულით (თამაშიდან 8-დან 1 ტყორცნა გამოიყენა) დაასრულა.

სამაგიეროდ, ბებერმა ლაკოვიჩმა (1978 წელსაა დაბადებული) 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და სლოვენიამ 87:75 მოიგო.

სლოვენიელებისგან განსხვავებით, ძნელი განსასაზღვრია, რას უნდა ველოდეთ ხორვატების უკანახაზელთაგან. მათ ორი ვარსკვლავი, ზორან პლანინიჩი და მარკო პოპოვიჩი ვერ (უფრო სწორად, არ) დაეხმარება, თუმცა ჰყავთ პანათინაიკოსელი როკო უკიჩი, მადრიდის რეალელი ნატურალიზებული დონტა დრეპერი, იტალიაში მოასპარეზე სნაიპერი როკ სტიპჩევიჩი.

მათ სიმაღლით ორ მეტრს მიახლოებული, ევროლიგაზე გამოწვრთნილი კალათბურთელები დაეხმარებიან და კარგი "პერიმეტრი" ეყოლებათ, თუმცა არა საქართველოზე უკეთესი.

ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 9 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს. ევროპის მოქმედ ჩემპიონებს 2011 წლის ევრობასკეტის საუკეთესო კალათბურთელი ხუან კარლოს ნავარო არ ეყოლებათ, მაგრამ ეს მათ უკანა ხაზს სერიოზულად არც დაეტყობა.

ესპანელთა განაცხადში ხომ მინესოტელი რიკი რუბიო, დეტროიტელი ხოსე კალდერონი, რეალელები - სერხიო როდრიგესი, სერხიო ლული, რუდი ფერნანდესი არიან... ეს ის გუნდია, შემცვლელებიან-სათადარიგოებიანად ექსტრა-კლასის კალათბურთელები რომ თამაშობენ.

* * *

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ: რიკი ჰიკმანის დამატების შემდეგ ჩვენს ჯგუფში უკანახაზელთა კვალიფიკაციით სამ გუნდს შორის მოხვედრა რეალურია (წინახაზელებზე აქამდე უკვე ვილაპარაკეთ და არც იქ დაგვხვდა მუქი ფონი).

p.s. 18 ივლისს გაცხადდა, რომ ბენო უდრიხი სლოვენიის ნაკრებში წლეულს ვერ ითამაშებს.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე, ვაჟა, საინტერესო სტატიისთვის.
გიორგი777
12:52 19-07-2013
0
ვაჟა, ჯიგარო, შენს პირს შაქარი, შენი სტატიის შემდეგ მგონი ფინალში ვართ . . .
ტიმოთე
03:01 20-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული