ევრობასკეტი 2013. საქართველოს ნაკრების მეტოქე. სლოვენია: დაცვა და სამქულიანები

AutoSharing Option
ევრობასკეტის მასპინძელმა და საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენიამ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ორივე მოიგო. ანგარიშებს ქვემოთაც გაეცნობით, აქ კი ყურადღებას რამდენიმე დეტალზე გავამახვილებთ.

სლოვენიელები არასრული შემადგენლობით თამაშობდნენ. მათ აკლიათ ტრავმირებული ბარსელონელი ერაზემ ლორბეკი.

ახლახან კი მწვრთნელს ტექსტური შეტყობინებით (როგორც უცხოური სააგენტოები იუწყებიან) ნაკრებში გამოსვლაზე უარი შემოუთვალა NBA-ს ვეტერანმა ბენო უდრიხმა.

ასევე გამოცდილი ბოსტიან ნახბარი (რომელიც "ბარსელონაში" გადავიდა) და იაკა ლაკოვიჩი სლოვენიელებს უკრაინასა და მაკედონიასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარნენ.

იაკას კუნთი აქვს გაჭიმული და იმედოვნებს, რომ უახლოეს შეხვედრაში მოედანზე გასვლას
შეძლებს.

- ევრობასკეტი სლოვენიაში გვეწვია, - ამბობს ლაკოვიჩი, - ველოდით, რომ ყველა წამყვანი კალათბურთელი ითამაშებდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრის იმედები უნდა გავამართლოთ და მკერდი მედლით დავიმშვენოთ.

კაპიტნის ოპტიმიზმს საწყისი შეხვედრებიც აძლიერებს. "მწვანეებმა" ორი მატჩის ჯამში 110 ქულა გაუშვეს, რაც მათი დაცვის სიმტკიცეზე მიუთითებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კომპონენტში მასპინძლები კიდევ მოუმატებენ.

რაც შეეხება შეტევას, სლოვენიის ნაკრები მეტოქის გათვალისწინებით ირჩევს როგორ შეუტიოს.

მაგალითად, უკრაინასთან ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება გაუჭირდათ და აქცენტი პერიმეტრზე გააკეთეს. შედეგად 12-დან 9 კალათბურთელმა სამქულიანი დისტანციიდან მოსინჯა ძალა და ჯამში 11 სამიანი ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ევრობასკეტზე სლოვენიამ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში სარეკორდო, 15 სამიანი გამოიყენა.

მაკედონიასთან კი ბოჟიდარ მალიკოვიჩის გუნდს სამწამიან ზონაში დიდი უპირატესობა ჰქონდა (მაკედონიელებს გამოცდილი მეფარეები ტოდორ გეჩევსკი და პერო ანტიჩი აკლდათ.

პერო კარიერის "ატლანტაში" გაგრძელებას აპირებს) და პერიმეტრიდან ტყორცნებით თავი არ გამოუდვიათ, სულ ხუთი ჩააგდეს. მასპინძლებმა მაკედონიელები მოხსნებში 35:17 დაჯაბნეს... გადამწყვეტი მაინც მეოთხე რაუნდი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ 16:1 მოიგო.

საწყისი ორი მატჩის შედეგად ბოჟიდარ მალიკოვიჩმა შემადგენლობაში 15 კალათბურთელი დატოვა, დაემშვიდობა ფორვარდ იაკა ბროდნიკს.

სლოვენია-უკრაინა 74:46
19:10, 24:10, 20:12, 11:14
სლოვენია: ბლაჟიჩი (13 წ. 10 ქ.). გ. დრაგიჩი (17 წ. 10 ქ. 4 პ.), დ. ლორბეკი (20 წ. 2 ქ.), ვიდმარი (21 წ. 9 ქ. 4 მ. 4 ჩ.), ბალაჟიჩი (22 წ. 6 ქ.); სლოკარი (22 წ. 4 ქ. 3 მ. 3 ჩ.), ლაპორნიკი (4 წ. 2 ქ.), იოკსიმოვიჩი (15 წ. 1 ქ. 5 პ.), მურიჩი (14 წ. 13 ქ. 4 მ.), მორინა (18 წ. 4 ქ. 8 მ.), პრეპელიჩი (16 წ. 2 ქ. 3 პ.), ზ. დრაგიჩი (18 წ. 11 ქ. 5 მ.).

სლოვენია-მაკედონია 63:54
20:21, 12:17, 15:15, 16:1
სლოვენია: ბლაჟიჩი (26 წ. 10 ქ. 3 მ.), ვიდმარი (24 წ. 9 ქ. 10 მ.), პრეპელიჩი (20 წ. 3 ქ. 4 პ.), ბალაჟიჩი (25 წ. 1 ქ. 6 მ.), ზ. დრაგიჩი (18 წ. 11 ქ.); სლოკარი (18 წ. 8 ქ. 6 მ.), იოკსიმოვიჩი (27 წ. 11 ქ. 3 პ.), მურიჩი (5 წ.), დ. ლორბეკი (24 წ. 5 ქ.), ბეგიჩი (12 წ. 2 ქ. 3 მ.), მორინა (1 წ. 3 ქ.).

2 აგვისტო
სლოვენია-ლატვია (ცელიე)

3 აგვისტო
სლოვენია-თურქეთი (ცელიე)

4 აგვისტო
სლოვენია-სერბეთი (ცელიე)

10-11 აგვისტო
ბელგრადის ტურნირი
(სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)

16 აგვისტო
სლოვენია-ბოსნია (იესენიცე)

18 აგვისტო
სლოვენია-რუსეთი (ლიუბლიანა)

23 აგვისტო
სლოვენია-ჩერნოგორია (კოპერი)

24 აგვისტო
სლოვენია-იტალია (კოპერი)

31 აგვისტო
სლოვენია-საფრანგეთი (ლიუბლიანა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული