ქართულ-ამერიკული სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ორი ამერიკელი ახალწვეული ქუინტონ ჰოსლი და ტორინ გრინი ჩვენს ეროვნულ გუნდთან ერთად ავსტრიაში ვარჯიშს უკვე შეუდგნენ. ვიდრე ისინი ქართველებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან, მათი აგენტები საკლუბო საკითხებზე მუშაობენ. ეფექტურად ჩატარებული სეზონის შემდეგ გრინსაც და ჰოსლისაც ძლიერ გუნდებში თამაში სურთ. პირველი შარშან ბერძნულ აეკ-ში ასპარეზობდა, ხოლო ჰოსლი - თურქულ "იზმირში".


ბოლო ინფორმაციით, მათი გადაბირებით ესპანური კლუბები არიან დაინტერესებულნი. ერთ-ერთი კანარული გაზეთის ცნობით, გრინის დამატებაზე ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი "გრან კანარია" მუშაობს:
"გამთამაშებლის პოზიციაზე ტორინ გრინის ვარიანტი

განიხილება. იგი ახალგაზრდა უკანახაზელია, ამერიკაში ფლორიდის უნივერსიტეტში ელ ჰორფორდთან და იოაკიმ ნოასთან ერთად თამაშობდა, შემდეგ ევროპაში გადმოვიდა და "სარაგოსაში" გამოდიოდა. გასული სეზონი ბერძნულ აეკ-ში გაატარა".


ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლა გრინის კარიერაზე ნამდვილად დადებითად აისახება. თუმცა ჯერ საკონტრაქტო საკითხებზე არავინ ლაპარაკობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

***

 ჯერ არაფერი გადაწყვეტილა ქუინტონ ჰოსლისთან დაკავშირებითაც, თუმცა ესპანური გაზეთები უკვე აქტიურად ლაპარაკობენ მისი "ხუვენტუდში" გადასვლის შესახებ. გამოცემა "ენკანჩაში" ვკითხულობთ:

"ხუვენტუდის" მთავარ მწვრთნელთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ხავი ბალესტეროსმა თავის დღიურში დაწერა, რომ ხუვენტუდელთა ორბიტაზე საინტერესო კალათბურთელი გამოჩნდა - ქუინტონ ჰოსლი. იგი გასულ სეზონში თურქულ "იზმირში" თამაშობდა, მანამდე კი მადრიდის "რეალში" ცდიდა ძალებს. "ტერმინატორმა" (ჰოსლის ასე იცნობენ საკალათბურთო წრეებში) ახლახან საქართველოს პასპორტი მიიღო, რაც ესპანეთში გადასვლას გაუადვილებს. "ხუვენტუდის" მთავარ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ქუინტონ ჰოსლი სწორედ ის კალათბურთელია, რომელიც მის გუნდს მომავალი საზონისთვის სათანადოდ გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ხუვენტუდი" წარუმატებლად გამოვიდა - მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული