U16. ევროპის ჩემპიონატი: საქართველო-ბელორუსი 74:66 - ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს

AutoSharing Option
სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) გრძელდება 16 წლის კალათბურთელ ვაჟთა ევროპის პირველობა B დივიზიონში.

შეჯიბრებაში 22 ქვეყნის წარმომადგენლები უმაღლესი ეშელონის 3 საგზურისთვის იბრძვიან.

უკვე მიიწურა ოთხი ტური. გასულ უქმეებზე გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა.

ზედიზედ ორი დასანანი მარცხის (ბოლო წუთებამდე ჩვენი ბიჭები ტურნირის ფავორიტ ჩეხებთან და უნგრელებთან შეხვედრებს იგებდნენ) შემდეგ შაბათს ქართველებმა ლუქსემბურგელი თანატოლები დაჯაბნეს.

საქართველო-ლუქსემბურგი 83:39
21:7, 29:16, 21:10, 12:6
საქართველო: ალიევი, კერესელიძე (არ უთამაშია), ქვარაია, გოგალაძე (3), ცქიფურიშვილი (15), აფხაზავა (3), ლომიძე (12), თვალაბეიშვილი (6), ცირეკიძე (13), გოგობერიშვილი
(16), ისიანი (12), გიორგაძე (3).
ლუქსემბურგი: გოლბახი (15), მეიერი (7) და მარტინი (6).

ლუქსემბურგელებმა მე-2 ტურში ბელორუსი თანატოლები დაამარცხეს დამატებით დროში - 67:61 (24:15, 7:12, 13:21, 11:7, 12:6), ამიტომ გათამაშების ცხრილში ქულით გვისწრებდნენ და მოედანზეც ოპტიმისტური განწყობით გავიდნენ, რაც ორთაბრძოლის პირველმა ხუთმა წუთმაც დაადასტურა: მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში ლომიძემ გახსნა.

მარტინს წონასწორობის აღსადგენად 23 წამი დასჭირდა, შემდეგ კი მეიერმა თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა ლუქსემბურგელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გია კაზანჯიანის შეგირდებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და წინ გავიდნენ. მე-5 წუთიდან, რაც ანგარიში გახდა 8:7 ქართველების სასარგებლოდ, მეოთხედის ბოლომდე ლუქსემბურგელებს ქულა არ აუღიათ, ჩვენებურებმა კი სხვაობა 14 ქულამდე გაზარდეს - 21:7.

მეორე ათწუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 29 ქულას მოუყარა თავი, მეტოქე კი 16 ქულას დასჯერდა.

შესვენების შემდეგ პაექრობის სცენარი არ შეცვლილა - ქართველები ეფექტურად უტევდნენ მეტოქის კალათს და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებსაც საიმედოდ იცავდნენ. ამიტომაც ლუქსემბურგის ნაკრებმა 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ 16 ქულის მოგროვება შეძლო, ჩვენმა გუნდმა კი - ორჯერ მეტისა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 83:39 გაიმარჯვა.

ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: ავსტრია - უნგრეთი 76:71 (16:10, 10:11, 27:27, 11:25, 12:7), ჩეხეთი - ბელორუსი 87:59 (28:19, 15:19, 28:5, 16:16).

11 აგვისტოს მე-4 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

საქართველო-ბელრუსი 74:66
25:18, 14:19, 21:19, 14:10
საქართველო: ალიევი, კერესელიძე (7), ქვარაია (4), გოგალაძე (10), ცქიფურიშვილი (1), აფხაზავა (4), ლომიძე (19), თვალაბეიშვილი (არ უთამაშია), ცირეკიძე (10), გოგობერიშვილი (2), ისიანი (15), გიორგაძე (2).
ბელორუსი: ლიუტიჩი (20), ბარისიონაკი (15), კუპცევიჩი (11).

სლავებთან მატჩში ქართველებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა: ლომიძემ ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით გახსნა ანგარიში, მერე ისიანმა ოთხი ქულა შესძინა გუნდს. კარგა ხანს ჩვენები 4-ქულიან სხვაობას ვერ გასცდნენ, მეტიც, მე-6 წუთზე ბელორუსები გავიდნენ წინ - 12:11.

ამის შემდეგ კაზანჯიანის გუნდმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და პირველი პერიოდი 7 ქულით მოიგო.

მე-2 ათწუთიან მონაკვეთში ეს სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. მე-3 პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

მე-6 წუთისთვის ანგარიშიც გათანაბრდა (52:52), მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა 4-ქულიანი სხვაობა აღადგინეს.

ბოლო 10 წუთს უნდა გაეცა პასუხი, ჩვენებურები მე-2 ეტაპზე გასვლისა და უმაღლეს ეშელონში გადასვლის შანსს შეინარჩუნებდნენ თუ არა (თუმცა ყველაფერი მხოლოდ მათზე არ იყო დამოკიდებული).

საფინალო სასტვენამდე ბოლო ორ წუთში ქართველებმა ხელთ იგდეს ორთაბრძოლის სადავეები (განსაკუთრებით, გოგალაძემ გამოიჩინა თავი - ზედიზედ 6 ქულა მოუტანა გუნდს) და შეხვედრაც სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს - 74:66.

11 აგვისტოს ჯგუფის მე-4 ტურის ორი შეხვედრაც ჩვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდა: ავსტრიელებმა ლუქსემბურგელებს მოუგეს - 56:27 (5:9, 17:6, 15:5, 19:6), ხოლო ერთპიროვნულმა ლიდერმა ჩეხეთმა უნგრეთი დაამარცხა - 70:56 (14:12, 17:12, 16:13, 23:19).

ოთხი ტურის შემდეგ: ჩეხეთი - 8 (275:215), ავსტრია - 7 (247:235), უნგრეთი - 6 (281:259), საქართველო - 6 (267:220), ლუქსემბურგი - 5 (187:291), ბელორუსი - 4 (237:294).

როგორც ვხედავთ, ჩვენებურებს ჯგუფიდან გასასვლელად 12 აგვისტოს ავსტრიელებთან მატჩის 5-ქულიანი სხვაობით მოგებაც ჰყოფნით, რადგან საქართველოს, უნგრეთსა და ავსტრიას თანაბარი ქულები მოუგროვდებათ და ერთმანეთთან ნათამაშები შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მე-2 ეტაპზე საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

D ჯგუფში 12 აგვისტოს ითამაშებენ: ავსტრია-საქართველო, ჩეხეთი-ლუქსემბურგი, უნგრეთი-ბელორუსი.

A ჯგუფი: ფინეთი - 8 (281:208), მაკედონია - 7 (293:231), ესტონეთი - 6 (243:248), პორტუგალია - 6 (270:280), ბულგარეთი - 5 (224:254), ნორვეგია - 4 (176:273).

მაკედონია-ფინეთი, პორტუგალია-ნორვეგია, ბულგარეთი-ესტონეთი.

B ჯგუფი: ინგლისი - 7 (270:241), სლოვენია - 6 (232:192), რუმინეთი - 5 (231:196), ირლანდია - 3 (170:198), შვეიცარია - 3 (156:232).

შვეიცარია-ირლანდია, რუმინეთი-სლოვენია.

C ჯგუფი: ბოსნია - 6 (197:173), ჰოლანდია - 6 (247:229), ისრაელი - 5 (231:201), დანია - 4 (220:209), სლოვაკეთი - 3 (160:243).

დანია-სლოვაკეთი, ბოსნია-ისრაელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველო-ბელორუსი 74:66
25:18, 14:19, 21:19, 14:19

ასეთი ანგარიშით როგორ დამთავრდებოდა მეოთხედები? ანგარიში ვერ უნდა ისწავლოთ????????
დიმიტრი
14:06 12-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული