საქართველო-სერბეთი 75:71 - ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა - სერბები ხომ სამგზის ევროპის (1995, 1997, 2001) და ორგზის მსოფლიოს (1998, 2002) ჩემპიონები არიან.

არც ის გვავიწყდება, რომ ტიტულოვანი მეტოქე ამხანაგურ მატჩში ვძლიეთ, თუმცა ჩვენს დარად სერბებიც სერიოზულად ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის და მაღალ მიზნებსაც ისახავენ.

გამარჯვება შემთხვევითი გაელვება არ არის, სადღეისოდ საქართველოს ნაკრებშიც იმდენი მაღალი კლასის შემსრულებელია, რამდენიც სერბეთისაში.

განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა რიკი ჰიკმანი მოედანზე არ გაიყვანა.

მიზეზი გასაგებია: ქართველთა ამერიკელ ახალწვეულს კოჭი გადაუტრიალდა და მწვრთნელმა გართულებებს თავი
აარიდა.

სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც სერბებს 11 ქულა ჩაუგდო. აქედან 6 ქულა შორეული ტყორცნების შედეგი იყო.

საერთოდ, ქართველებმა 12 სამქულიანი გამოიყენეს (29-დან). სწორედ ეს გახდა წარმატების საწინდარი.

მეორე პერიოდში სერბეთმა 16:0 გაქცევა მოაწყო და 15 ქულით გაგვასწრო, სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა სამქულიანი ფრონტის ხაზი და მესამე პერიოდში ანგარიშიც გავათანაბრეთ.

მეოთხე რაუნდის დასაწყისში გიორგი ცინცაძემ ორი სამქულიანი მიაყოლა ერთმანეთს და ქართველები 72:62 დაწინაურდნენ.

საფინალო სირენამდე 1.23 წუთით ადრე 10 ქულიანი სხვაობა დიდი უპირატესობაა, მაგრამ მეტოქემ ორი სამქულიანით სხვაობა ჯერ ოთხამდე დაიყვანა, შემდეგ ორამდეც შეამცირა, თუმცა ეს იყო და ეს, გადამწყვეტ მომენტში (15 წამით ადრე) ვიქტორ სანიკიძემ ერთი საჯარიმო ჩააგდო (73:70), მეორე ააცილა, ბურთი შეტევაში გიორგი შერმადინმა მოხსნა და გიორგი ცინცაძეს გადააწოდა.

ბალკანელები მასზეც დაჯარიმდნენ და ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნის შემდეგ შეხვედრას წერტილი დაესვა.

სანიკიძე მატჩის ბომბარდირი გახდა (19 ქულა), შერმადინმა ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი მოხსნა (12), ხოლო ცინცაძემ პასებში (5) ყველას აჯობა, ხოლო ქულებში მეორე იყო - 17.

აღსანიშნავია ლევან ფაცაციას წინამძღოლობით ახალბედების დამაჯერებელი თამაში. სამქულიანებში მათი წვლილიც დიდია.

17 აგვისტოს 22:30-ზე საფრანგეთს ვეთამაშებით.

16 აგვისტო, ანტიბი, საფრანგეთი
საქართველო-სერბეთი 75:71
14:17, 13:25, 26:10, 22:19
საქართველო: ცინცაძე (34 წთ, 17ქ, 3მ, 5პ, 4ჩ), მარკოიშვილი (32 წთ, 11ქ, 4მ, 2პ, 3ჩ), ფაცაცია (25 წთ, 6ქ, 3პ), სანიკიძე (19ქ, 6მ, 2დ), შერმადინი (28 წთ, 7ქ, 12მ); სანაძე (15 წთ, 3ქ, 3მ), ცქიტიშვილი (14 წთ, 2ქ, 3მ), ბურჯანაძე (8 წთ, 3ქ), ლეჟავა (10 წთ, 4ქ), ფხაკაძე (4 წთ, 3ქ).
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (12ქ), ბიელიცა (8ქ), მარკოვიჩი (3ქ, 7მ), კალინიჩი (2ქ), ნენად კრსტიჩი (14ქ, 2მ); ნემანია კრსტიჩი, დანგუბიჩი, მიტროვიჩი (4ქ), ანჩუსიჩი (34ქ), შტიმაცი (10ქ), მიჩიჩი (5ქ).
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეთ ბიჭებო სულში და გულში.კოკოშკოვიც მაგარია
cqvito
11:11 17-08-2013
0
გილოცავთ ბიჭებო, ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა უმნიშვნელოვანესი, თამამად ეთამაშეთ ნებისმიერ მეტოქეს....ნეტა ზაზა და თოკოც გვკავდეს...სერიოზულ მიზნებს მივწვდებოდით
paata
09:26 17-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული