ასეთია ქართული ხასიათი: რეპორტაჟი ნაკრების ღია ვარჯიშიდან [PHOTO]

AutoSharing Option
ევროპული ვოიაჟიდან დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრებმა 20 აგვისტოს ღია ვარჯიში გამართა.

სიტყვა "ვოიაჟი" დასაწერადაა იოლი, თორემ ჩვენი გუნდი აქტიურად ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ერთმანეთზე რთული ბრძოლები გადაიტანა: იტალიაში, ტრენტოს ტურნირზე მასპინძლებთან და პოლონელებთან დამარცხდა, ხოლო ისრაელს 79:77 სძლია; შემდეგ სლოვენიაში დაბრუნდა და ბოსნიასთან მოგება-წაგება გაცვალა; ამას მოჰყვა ანტიბის ტურნირი, რომელშიც სერბეთს ვაჯობეთ, საფრანგეთთან 15 ქულის სხვაობით დავთმეთ.

ევრობასკეტამდე 13 დღე რჩება და როგორც მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა, ნაკრებს კიდევ მოსამატებელი აქვს.

გუნდი შაბათამდე თბილისში ივარჯიშებს, ხოლო 24 აგვისტოს ისრაელში გაფრინდება,
სადაც ოთხთა ტურნირი იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო მომენტში სიტუაცია შეიცვალა და ორი საკონტროლო მატჩის ჩატარება გადაწყდა - 26 და 27 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

1-ელ სექტემბერს ლიტვას ვეწვევით. ევრობასკეტის პირველი შეხვედრა 4-ში პოლონეთის წინააღმდეგ გველის.

ღია ვარჯიშის ძირითადი მონაკვეთი თამაშს დაეთმო, მწვრთნელმა კალათბურთელები ორად გაყო და ცვლილებას ხშირად მიმართავდა.

ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ოფიციალური თამაში მიმდინარეობდა - ყველა ბოლომდე იბრძოდა.

გუნდი ფორმაში ჩანს, რაც იმედს აღვივებს. თამაშის ბოლოს სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ტერფი იტკინა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ ჩანს.

დასაფასებელია ახალგაზრდებისა და ლეგიონერების მონდომებაც. ვარჯიშის ბოლოს ფიზმომზადების მწვრთნელებმა კალათბურთელები გვარიანად დატვირთეს და პრესასთან ურთიერთობის დროც დადგა.

ვიქტორ სანიკიძე - სიენური ბურუსი
- მოსამზადებელი ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, ევრობასკეტამდე კიდევ არის დრო და კონდიციების გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ.

- ზურგსუკან 7 საკონტროლო შეხვედრაა...
- იტალიასა და პოლონეთთან პირველი მატჩები გვქონდა და მთლად კმაყოფილნი არ ვართ. შემდეგ იყო მოგება ისრაელთან და საფრანგეთის ტურნირზე სერბეთის დამარცხება.

ეს ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქართველოში გამომგზავრების წინ საფრანგეთის ნაკრებს დავუპირისპირდით, რომელთანაც გამოჩნდა ბევრი დადებითი და უარყოფითი ნიუანსი. როგორც აღვნიშნე, ევროპის ჩემპიონატამდე დრო კიდევ არის და შეცდომებსაც გამოვასწორებთ.

- დაიწერა, თითქოს სიენას "მონტეპასკიში" აღარ ითამაშებ. არადა, ამ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაკავშირებს.
- "მონტეპასკის" ფინანსური პრობლემები აქვს და არ არის გამორიცხული, სხვა პირობები შემომთავაზონ. თუმცა მთავარია, რომ სიენელებთან მოქმედი კონტრაქტი მაქვს და მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული, დავთანხმდები თუ არა. სადღეისოდ, "მონტეპასკის" წევრი ვარ, არსად წავსულვარ.

- ქართული კალათბურთის შიდა სარბიელზე არსებული დაპირისპირება საქართველოს ნაკრებზე უარყოფითად ხომ არ მოქმედებს?
- არანაირი პრობლემა არ შემქმნია და არა მგონია, შემდეგში შემექმნას. ჩვენი, კალათბურთელების საქმე თამაშია და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე ვართ ორიენტირებულნი.

მანუჩარ მარკოიშვილი: ვუმატებთ
- მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიზანი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშის დახვეწა და შეთამაშება იყო.

ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ნელ-ნელა ვუმატებთ. კიდევ უკეთ შეეწყობა ნაკრებს ამერიკელი რიკი ჰიკმანი და, ვიმედოვნებ, ევრობასკეტზეც სათანადოდ დაგვეხმარება.

იგორ კოკოშკოვი: გუნდის შენებას დრო სჭირდება
საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი ვარჯიშის დასრულების შემდეგ სამსაჯო მაგიდას მიყრდნობოდა და კოტე ტუღუშთან საუბრობდა.

ჩვენთვისაც მოიცალა, მაგრამ ვრცელი საუბარი უახლოესი დღეებისთვის გადაიდო, რადგან მალევე შეატყობინეს, რომ ნაკრების ავტობუსი გასასვლელად ემზადებოდა.

- წვრთნა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდმა წინ იაროს და ევროპის ჩემპიონატს ყოველმხრივ მომზადებული შეხვდეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ახლა სათანადო კონდიციებში ვართ.

- კმაყოფილი ბრძანდებით ახალგაზრდებით?
- დუშან ივკოვიჩი ხშირად იმეორებს - გუნდის შენებას დრო სჭირდებაო. ჩვენც გვყავს ძირითადი ბირთვი, რომელსაც წლეულს ბევრი ახალგაზრდა დაემატა და შეთამაშებას დრო უნდა. რაც მთავარია, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით კმაყოფილი ვარ.

- ზაზა ფაჩულიას გარეშე ციკლის ჩატარება პირველად გიწევთ, თორნიკე შენგელიას არყოფნაც დიდი დანაკლისია. იტალიელ ჟურნალისტებს უთხარით, რომ ახალი გუნდის კეთება გიწევთ...
- ყოველთვის ძნელია სერიოზული ცვლილებების წარმატებით განხორციელება, მაგრამ ქართველების ხასიათის გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია - მებრძოლი მოთამაშეები გვყავს, თავს არ ზოგავენ და ამიტომაც ჩანს შედეგი.

- საფრანგეთთან და იტალიასთან მატჩები პირდაპირ ეთერში ვიხილეთ...
- ეს იყო ყველაზე ცუდად ჩატარებული ორი საკონტროლო შეხვედრა. სხვა მატჩებში უკეთესად გამოვიყურებოდით. თუმცა ამხანაგურ მატჩებში შედეგი პირველხარისხოვანი არ არის, მთავარია შეცდომების დანახვა და გამოსწორება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მოთამაშე პოზიცია გუნდი 2012-13
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი ბუდიველნიკი, უკრაინა
ოთარ ფხაკაძე უკანახაზელი ვერმონტი, NCAA, აშშ
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი გალათასარაი, თურქეთი
რიკი ჰიკმანი უკანახაზელი მაქაბი, ისრაელი
ბესო ლეჟავა უკანახაზელი არმია
დუდა სანაძე უკანახაზელი სან დიეგო, NCAA, აშშ
ანატოლი ბოისა უკანახაზელი არმია
ლევან ფაცაცია ფორვარდი ოლიმპი
ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი მონტეპასკი, იტალია
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ფორვარდი ჩამპვილი, ლიბანი
ბექა ბურჯანაძე ფორვარდი კახასოლი, ესპანეთი
ნიკა მეტრეველი ფორვარდი ომენა, იტალია
გიორგი შერმადინი ცენტრი ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი
გიორგი შარაბიძე ცენტრი არმია
ლუკ ზელერი ცენტრი ფინიქსი, NBA, აშშ

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული